ილონ მასკმა Twitter-ის წილი შეიძინა — რა სურს ბიზნესმენს
Bloomberg News-ის ცნობით, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი უკვე Twitter-ის 9.2 პროცენტს ფლობს. დღეს გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მასკმა კომპანიის წილი 14 მარტს შეიძინა. ბიზნესმენი უკვე დიდი ხანია, Twitter-ის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია.
CNBC-ის ცნობით, მასკის მიერ შეძენილი სააქციო კაპიტალის ღირებულება 2.89 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მიიჩნევა, რომ მისი წილი პასიურია, თუმცა Wedbush-ის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ზემოხსენებულ შენაძენს კომპანიის მთლიანი აქციების შესყიდვა მოჰყვეს.
ბიზნესმენმა 25 მარტს პლატფორმაზე გამოკითხვა ჩაატარა, რათა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ტვიტერის მიდგომაზე ხალხის აზრი მოესმინა.
"სიტყვის თავისუფლებას ფუნქციური დემოკრატიისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. გჯერათ თუ არა, რომ Twitter ამ პრინციპს საგულდაგულოდ იცავს?", — იკითხა მასკმა, შემდეგ ტვიტში კი აღნიშნა, რომ "გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნებოდა".
მომდევნო დღეს მასკმა ხაზი გაუსვა, რომ პლატფორმის მხრიდან სიტყვის თავისუფლების პრინციპების დარღვევა დემოკრატიას ძირს გამოუთხრიდა, შემდეგ კი იკითხა, "ახალი პლატფორმის" შექმნა ხომ არ იყო საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ მან ტვიტერის წილი 14 მარტს შეიძინა, როგორც ჩანს, ზემოხსენებული კომენტარები შენაძენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ასევე იხილეთ: ილონ მასკი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს
სიტყვის თავისუფლებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მასკის მხრიდან პირველად სულაც არ გვესმის. მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მთავრობამ, მასკის თქმით, Starlink-ს მოუწოდა, რომ რუსულ მედიაზე წვდომა შეეზღუდათ, მან განაცხადა, რომ "სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტი" გახლდათ და ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა.
კომენტარები