ილონ მასკი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა შაბათს გამოქვეყნებულ ტვიტერში განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს სოციალური მედიის პლატფორმის შექმნაზე.
"სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობა ფუნდამენტურად ძირს უთხრის დემოკრატიას", — დაწერა მასკმა Twitter-ზე.
იმავდროულად, პარასკევს, მან ჩაატარა Twitter-ის გამოკითხვა, რომელშიც ეკითხებოდა მომხმარებლებს, ფიქრობენ თუ არა, რომ Twitter იცავს სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. გამოკითხულთა 70-მა პროცენტმა თქვა, რომ "არა".
"ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია. გთხოვთ, მიეცით ხმა ფრთხილად და გააზრებულად. სიტყვის თავისუფლება აუცილებელია მოქმედი დემოკრატიისთვის", — დაწერა მასკმა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერს წარსულში პრობლემები შეექმნა ტვიტერთან, რაც დაკავშირებულია აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC).
2018 წლის აგვისტოში მასკმა გამოაქვეყნა, ერთი შეხედვით უვნებელი ტვიტი, რომელშიც გამოაცხადა, რომ განიხილავს Tesla-ს პრივატიზაციას. განცხადებას მალევე მოჰყვა საკმაოდ სერიოზული შედეგები, რამაც ინვესტორები დააფიქრა, საბოლოოდ მარეგულირებლებმა Tesla დააჯარიმეს 20 მილიონი დოლარით.
2018 წლის ამ ტვიტმა გამოიწვია მოვლენების ჯაჭვი, რომელიც გაგრძელდა 2022 წლის თებერვალშიც, როდესაც გამოქვეყნდა ახალი ინფორმაცია ფედერალური ზედამხედველობის შესახებ.
ამის გარდა, მასკის ტვიტებს ხშირად მოჰყოლია ისეთი გამოხმაურება, რაც საბოლოოდ მასაც აზარალებდა ხოლმე. Twitter-თან დაკავშირებული ყველა ამ პრობლემების გამო, შეიძლება გასაგები იყოს, თუ რატომ სურს მასკს საკუთარი სოციალური მედიის შექმნა. საინტერესოა თუ როგორი იქნება ის, იმედია არა ისეთი მოსაწყენი, როგორიც ტრამპის.
კომენტარები