უკრაინაში რუსეთის ომის შემყურე დასავლეთი თავის მოტყუების ფაზაშია — ვერონიკა მელკოზეროვა
უკრაინელი ჟურნალისტი და ინგლისურენოვანი ონლაინგამოცემის, The New Voice of Ukraine-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვერონიკა მელკოზეროვა, სტატიაში პუტინის იმპერიალისტური ამბიციებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. "მე მესმის, რატომ ერიდებიან დემოკრატიული ქვეყნები ბრძოლას, მაგრამ ვშიშობ, რომ მათ არ ესმით, რა მოხდება შემდეგ", — წერს ის.
ამ სიტყვების წერის მომენტში თითქმის ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე წამოიწყო. ამ ხნის განმავლობაში ადგილსამყოფელი სამჯერ შევიცვალე, მაგრამ მოხუცი მშობლების გამო კვლავ კიევში ვრჩები. ყოველდღე ვხედავ, როგორ უახლოვდებიან რუსები ჩემს ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან. 24 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ჩემს ქვეყანაში შემოჭრის ბრძანება გასცა, იატაკზე მძინავს. მე მაინც იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან სხვებმა საცხოვრებლები დაკარგეს ან წყლის, საკვებისა და გათბობის გარეშე არიან. რუსეთის ჯარებმა უკვე ათასობით უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, მოკლეს.
ყოველ ღამე თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, შემდეგი მე ვიყო პუტინის მსხვერპლთა სიაში. უკვე აღარ ვიცით, სად ჩამოაგდებენ რუსები ბომბებს — საცხოვრებელ კორპუსში, საბავშვო ბაღის საკლასო ოთახში, მონასტერში თუ სამშობიაროში.
ისინი უკრაინაში უფრო და უფრო დიდ სისასტიკეს სჩადიან. მას შემდეგ რაც, პუტინმა ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაწყო, როგორც იქნა, დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა და მას იარაღით ამარაგებს. ამასთან, გაერთიანებულმა დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთი უპრეცედენტო სანქციების ალყაშიც მოაქცია.
თუმცა ამას პუტინისათვის ხელი არ შეუშლია, დაებომბა და გაენადგურებინა უკრაინა. შესაძლოა, პირიქით — მისი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მტკიცე გახდა. კრემლში იციან, რომ სანქციების სრულ გავლენას რუსები დაახლოებით ერთ თვეში იგრძნობენ. ასევე, ისინი იაზრებენ იმასაც, რომ რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების გამო, სანქციები შეიძლება დიდხანს არც გაგრძელდეს. უკვე სულ უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი პოსტი მხვდება ტვიტერზე, სადაც ამბობენ, რომ რუსები არ იმსახურებენ იმ შეზღუდვებს, რომლებიც მათ პუტინის მიერ წამოწყებული ომის გამო დაუწესეს.
აქ საუბარია იმ ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობის 58%, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მხარს უჭერს პუტინის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში. პუტინი უკრაინაში საკუთარი ხელით არავის კლავს. ამას სხვა რუსები აკეთებენ. კრემლი ჩემი ქვეყნის იდენტობის განადგურებას გეგმავს და რუსი ხალხი მას მხარს უჭერს. რუსები ამ გათვლას იმიტომ აკეთებენ, რომ სჯერათ, ამისთვის საჭირო რესურსები აქვთ. კრემლმა კარგად იცის, რომ უკრაინელების გამბედაობით აღტაცებული საზოგადოების მიუხედავად, დასავლეთმა უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო დატოვა. ის უკრაინას იარაღითა და ფულით ეხმარება, თუმცა მაინც განზე დგას.
დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობებს მესამე მსოფლიო ომის ეშინიათ. მე მესმის ამ შიშის. მაგრამ რატომ არ ფიქრობთ, რომ, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია? უკრაინა ნატოს სთხოვს, თავისი ცის დასაცავად საჰაერო სივრცე დახუროს ან ქვეყანას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს. ჯერჯერობით ორივე თხოვნაზე პასუხი უარყოფითია.
ამ დროს მარიუპოლი რუსული თავდასხმების გამო მიწასთან გასწორდა. ვოლნოვახა, ხარკოვი და უკრაინის მრავალი სხვა ქალაქი კი განადგურების პირასაა. თავდაპირველად უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთისათვის სანქციების დაწესება ითხოვა, შემდეგ აგრესორის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან, SWIFT-დან გაძევებისაკენ უბიძგა დანარჩენ მსოფლიოს, საბოლოოდ მათ რუსეთის სრული იზოლაცია შეძლეს. ახლა კი ისინი სვამენ შეკითხვას — რამდენი ადამიანის სიკვდილია საჭირო იმისათვის, რომ უკრაინის ცა დაიხუროს?
ნატოს გზავნილს მე ასე აღვიქვამ: უკრაინის ომი ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავს დაესხმება ალიანსის წევრს ან უკრაინაში გაგზავნილ ჩვენს კოლონას დაბომბავს.
ევროპისა და აშშ-ის საზოგადოებები თავიანთ მთავრობებს პროაქტიული პოზიციის დაკავებისაკენ მოუწოდებენ. ისინი უკრაინელებისათვის შემოწირულებებს აგზავნიან, მათზე ფიქრობენ და მათთვის ლოცულობენ. როდესაც საქმე ეხება რაიმე ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რამაც რუსეთის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, მთავრობები, განსაკუთრებით ევროპაში, ჯერ კიდევ ძალიან ფრთხილები არიან. ისეთ ლიდერებს, როგორიცაა ემანუელ მაკრონი, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დიალოგი პუტინის სისასტიკეს შეაჩერებს. ევროპაში ბევრისთვის რუსეთის ნავთობი და გაზი უფრო ღირებულია, ვიდრე უკრაინელების სიცოცხლე.
მე მესმის ამ მთავრობების პოზიციის.
ალეპოში რუსეთის სისასტიკის ყურებისას მეც ასე ვამბობდი — "ეს ჩემი ომი არ არის". მეც ვფიქრობდი სირიელ ხალხზე და ვლოცულობდი მათთვის, ვინც პუტინის სურვილით განადგურდა. 2008 წელს კი იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, რომ ქართველებზე არც მიფიქრია — მე, უბრალოდ, არ მაინტერესებდა, რომ მათი მიწაც პუტინმა გაანადგურა და შუაზე გახლიჩა. მანამდე კი იყო მოლდოვა, ჩეჩნეთი, ავღანეთი, ლიბია და აფრიკის სხვა ქვეყნები.
ამ ქვეყნების ომი ჩემი არ ყოფილა. მაგრამ 2014 წელს ომმა ჩემს ქვეყნამდეც მოაღწია. მაშინ მსოფლიო აგრესორ რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებდა და რუსულ საწვავზე დამოკიდებულებას აღრმავებდა. დასავლელი ლიდერები არ მოერიდნენ, ზურგი შეექციათ ომისთვის. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ პუტინი ვერასოდეს გაბედავდა ძლიერ კოლექტიურ დასავლეთზე თავდასხმას.
ჩვენ უკრაინაშიც არ გვჯეროდა, რომ პუტინი სრულმასშტაბიან შეჭრას გაბედავდა. მაგრამ მან ეს გააკეთა. ეს მოხდა იმის გამო, რომ მოლდოვაში, საქართველოში, სირიაში და უკრაინაში რუსეთმა შეძლო დანაშაულზე პასუხისგებისგან გაქცევა. ეს ყველაფერი აშშ-სთან "ურთიერთობების განახლების" შემდეგ მოხდა და შეერთებულმა შტატებმა ეს აგრესია დაუშვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 3 მარტს განაცხადა, დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებითაც "გადალახავს" თავის "ისტერიას".
ვშიშობ, რომ შეიძლება, ის მართალი იყოს. და მაშფოთებს იმაზე ფიქრიც, თუ რას ნიშნავს ეს მთელი მსოფლიოსათვის. რუსეთს არ სურს, უკრაინასთან დამარცხებული გამოჩნდეს და ასევე აქვს საკმარისი რესურსი თავისი ეკონომიკისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. გამოჩნდა, რომ პუტინი არ მიიჩნევს უკრაინას სუვერენულ სახელმწიფოდ. მას ურჩევნია, გაანადგუროს ეს ქვეყანა, ვიდრე იხილოს ის როგორც თავისუფალი ევროპული ერი. ყველა თუ არა, ბევრი რუსი ნამდვილად იზიარებს მის ამ ხედვას. ბევრი ისეთი კი, ვინც ამტკიცებს, რომ ლიბერალია, უკრაინას "განსაკუთრებულ ქვეყნად" ხედავს, რაც, რაეალურად, "მათ ქვეყანას" ნიშნავს.
ასე რომ, შესაძლოა, იმის თქმით, რომ "ეს ჩვენი ომი არ არის", მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები, უბრალოდ, არ უსწორებენ თვალს იმას, რაც შემდეგ მოხდება.
აშკარაა, რომ რუსეთი უკრაინაში დემოკრატიული ღირებულებებისა და საღი აზრის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს. რუსი პროპაგანდისტები უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რომელი ქვეყანა იქნება შემდეგ. უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ეს ნატოს წევრი ლიეტუვა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში მაინც იმოქმედებს ნატო?
არ ვიცი. და მე არც ევროპის მშვიდობიან მოსახლეობას მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ჩვენს ომს. მე მათ მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ იფიქრონ თავიანთ საყვარელ ქალაქებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთ დღეს, შესაძლოა, პუტინის სამიზნე გახდნენ.
უკრაინა ადრე ცნობილი იყო როგორც ულამაზესი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის მქონე ქვეყანა. ის ასე იყო წარმოდგენილი მრავალ დასავლურ მუსიკალურ ვიდეოში. უკრაინა მშვენიერი პეიზაჟებით, საოცარი რესტორნებითა და ელექტრონული მუსიკით იყო ცნობილი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა ევროვიზიის კონკურსს და ერთხელ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. უკრაინა ის ადგილია, რომელიც აშშ-ის პოლიტიკის ბრძოლის ველად იქცა და ამერიკა იმპიჩმენტის სკანდალამდე მიიყვანა.
კიევი ტურისტებს მდინარე დნეპრის სილამაზითა და ზაფხულის წარმოუდგენლად გრძელი ღამეებით აოცებდა. ლვოვი ხალხს თავისი რესტორნებით იზიდავდა. მარიუპოლი კი მძიმე მრეწველობისა და ზღვისპირა დასვენების ადგილს წარმოადგენდა. ხერსონს საშინელი გზები ჰქონდა, მაგრამ ამას ულამაზესი ბუნების, ვარდისფერი ტბების, შავი ზღვისა და საუცხოო ადგილობრივი სამზარეულოს ხარჯზე აბალანსებდა. ხარკოვმა, განათლების ცენტრმა, ასობით საერთაშორისო სტუდენტს უმასპინძლა და ინარჩუნებდა იმ სიამაყეს, რომელიც მხოლოდ ქვეყნის პირველ დედაქალაქს შეუძლია ჰქონდეს. ხარკოვი ჩემთვის მათემატიკის და დიდი მოედნების ქალაქი იყო.
უკრაინელი ხალხი ყოველთვის კეთილგანწყობით ხვდებოდა ევროპელ სტუმრებს. ჩვენ ძალიან ვამაყობდით, რომ 2014 წლის მაიდანის რევოლუციის შემდეგ სამყარო, როგორც იქნა, დაინტერესდა იმით, რისი შეთავაზებაც შეგვეძლო. ახლა კი მთელი მსოფლიო უყურებს პუტინს, რომელიც ანადგურებს ჩვენს მიწას და კლავს ხალხს ხარკოვში, მარიუპოლში, ხერსონში.
მართალია, სანქციები მოქმდებს, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ციდან რაკეტების ცვენა. ახლა, საქართველოსა და სირიის შემდეგ, სასიკვდილო წვიმები ჩემს მიწაზეც მოვიდა. გიფიქრიათ, რა მოხდება, თუ ეს მომაკვდინებელი რკეტების წვიმა შემდეგ თქვენს მიწაზეც მოვა?
კომენტარები