ხელოვნება სოციალური მისიით — როგორ ეხმარება ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი უკრაინელ ბავშვებს
ყველაფერი ექსპერიმენტით დაიწყო. ან, როგორც თავად უწოდებენ — წმინდა შემოქმედებითი იდეის განხორციელების სურვილით. შემოქმედებითმა იდეამ, რომელიც, რეალურად, გამოწვევაც იყო, 2015 წელს რამდენიმე ადამიანი გააერთიანა ინკლუზიური სპექტაკლის დადგმის მიზნით.
დღეს ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის დასში 25 ადამიანია, რომელთაგან 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ექსპერიმენტი გამართლდა, თეატრის შემქმნელებმა კი — ირა კოხრეიძემ და გიორგი მიქაბერიძემ — გამოწვევას სათანადოდ გაართვეს თავი.
"ინკლუზია მხოლოდ ფასადური აქტივობა არაა"
"სპექტაკლის დადგმის შემდეგ მივხვდით, რომ ეს საქმე უნდა გაგვეგრძელებინა", — იხსენებს გიორგი მიქაბერიძე, — "რადგან ის არა მხოლოდ შეგვიყვარდა, მისმა კეთებამ გაგვაბედნიერა კიდეც. ამასთან, ჩვენთვის ეს საინტერესო ორი კუთხით იყო: ერთი მხრივ, შემოქმედებითი რეალიზაციის, მეორე მხრივ კი, სოციალური მნიშვნელობის გამო".
სოციალური მნიშვნელობა ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასაც გულისხმობს — დასი ხომ მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს არ მოიცავს. ის სხვადასხვა ინტერესების, პროფესიული დონისა და სოციალური როლის მქონე ადამიანებს უყრის თავს საერთო სიყვარულის — შემოქმედებითი საქმის — გარშემო. შემოქმედებითი საქმე კი, საზოგადოებაში ფეხმოკიდებული სტერეოტიპების დანგრევაც იყო — განსაკუთრებით, ინკლუზიურ ხელოვნებასთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენების.
"ჩვენ გვაინტერესებდა, ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომლის შეთავაზებაც ტიპური თეატრისთვისაც შეგვეძლებოდა — ღრმა ფილოსოფიური და დრამატული თემებით — ამასთან, ჩვენი საავტორო პიესების რეალიზებაც მოგვეხდინა სწორედ ინტეგრირებული დასის საშუალებით", — ამატებს გიორგი.
ამ ყველაფრის მიზანს მხოლოდ პრეცედენტის დამკვიდრება კი არა, ტენდენციის შექმნაც წარმოადგენდა. გიორგის თქმით, მათი მოტივი იყო, ინკლუზიური ხელოვნება, როგორც ხელოვნების მაღალი სტანდარტის მქონე მიმართულება, ჩამოეყალიბებინათ და საკუთარი შემოქმედება მაყურებლამდე ასე მიეტანათ.
უპრეცედენტო საქმის პრეცედენტად ქცევა, ცხადია, ბევრისთვის მოულოდნელია. თუმცა, თეატრში პირველად მოხვედრილები უფრო მეტად აღფრთოვანებულები არიან, რადგან აქ ნანახი, უბრალოდ, სასიამოვნო ემოციების მოლოდინს სცდება.
ერთგული მაყურებლების მოლოდინი კი თეატრის მიზანს ემთხვევა — რომ "ინკლუზია მხოლოდ ფასადური აქტივობა არაა", როგორც ამას გიორგი ამბობს. იმის მიუხედავად, რომ ირა კოხრეიძის ინკლუზიურ თეატრს საკუთარი შენობა ჯერჯერობით არ აქვს და სხვა დაწესებულებების ბაზაზე მართავს სპექტაკლებს, ის ყველა მახასიათებლით ამართლებს თავის მოტივს. ეგ კი არა, გიორგის თქმით, ბევრს ისიც აღუნიშნავს, თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა იმდენად სიღრმისეულია, მასში მონაწილეობა ზოგიერთი პროფესიონალი ხელოვანისთვისაც არ იქნებოდა ადვილიო.
თუმცა, ამას თავს წარმატებით ართმევს დასის ყველა წევრი — მიუხედავად იმისა, რა ბარიერებს უწესებს მათ სოციალური სივრცე სცენის მიღმა. სცენაზე ისინი ამ დაბრკოლებებისგან თავისუფლები დგებიან; ერთადერთი კი, რითაც შემოქმედებით სივრცეს არიან მიჯაჭვულები, საქმის სიყვარულია.
ეს საქმე კი ხელოვანებისთვისაც მოლოდინებისგანაა დაცლილი. სპექტაკლის დადგმა იმდენად ცოცხალი პროცესია, რომ წინასწარ დაგეგმილზე თავს რეჟისორიც კი ვერ დადებს — მონაწილე მსახიობმა შეიძლება ისეთი ახალი უნარი გამოავლინოს, რაც ყველაფერს პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვლის.
"ჩვენ ვქმნით ახალ ხელოვნებას", — აცხადებს გიორგი, — "ეს ამ ადამიანებს ეხმარება სოციალიზაციაშიც, რათა საქმე სრულფასოვნად აკეთონ და და არა თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ფასადური ფორმით. ჩვენი დევიზიც ესა: ნამდვილი, ხარისხიანი საქმე ნამდვილ ინტეგრაციას უწყობს ხელს. დანარჩენი შეიძლება კარგიც იყო, თუმცა, ჩვენი ინტერესის სფერო არაა".
ახალი თამაში ანუ ჩვენ ყველა ერთად უკრაინელი ბავშვებისთვის
ღირებული ხელოვნების ერთ-ერთი მახასიათებელი საზოგადოების პულსის გრძნობაა. ასე ახერხებენ მწერლები, მუსიკოსები, თეატრალები და სხვები საჭირბოროტო სოციალურ საკითხებს გამოეხმაურონ და შექმნან შემოქმედება, რომლის სათქმელიც შინაარსზე მეტი იქნება.
ასე მოხდა მაშინაც, როცა ირა კოხრეიძის პიესის მიხედვით თეატრმა რიგით მეექვსე საავტორო სპექტაკლი — ახალი თამაში — დადგა. მისი პრემიერა 9 თებერვალს შედგა — ორიოდე კვირით ადრე, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. თუმცა, ისე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენაში განხილული თემები სწორედ დღევანდელ რეალობას ეხმიანება. ამიტომ, გადაწყვეტილებაზე ბევრი არ უფიქრიათ — სპექტაკლით უკრაინელ ბავშვებს დაეხმარებიან.
"სპექტაკლი ფილოსოფიური ჭრილიდან ეხმაურება ადამიანის დღევანდელ მდგომარეობას დედამიწაზე — რა არის მისი ჩვევები და მახასიათებლები, რომლებიც ინდივიდისა და საზოგადოების განვითარებას აბრკოლებენ", — ჰყვება გიორგი.
საზოგადოების განვითარებაზე საუბრისას კი, რა თქმა უნდა, სპეციალური საჭიროების მქონე პირებიც გვახსენდება — ისინი, ვინც მშვიდობიან ქვეყანაშიც აწყდებიან მთელ რიგ ბარიერებს ყოველდღიური ცხოვრებისას. საომარი ვითარებით მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამიტომ თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სპექტაკლზე გაყიდული ბილეთებიდან და საქველმოქმედო ფონდით შეგროვებული თანხა კიევში მდებარე სარეაბილიტაციო ინკლუზიური საბავშვო ცენტრ ევასთვის და მისი ბენეფიციარებისთვის გადაერიცხა.
"ეს ალბათ ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თუმცა, ვაკეთებთ მთელი გულით და გულწრფელობით", — დასძენს გიორგი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე. ჩაერთე ქველმოქმედებაში, შეიძინე ბილეთი ან ჩარიცხე ნებისმიერი თანხა სპეციალურ ანგარიშზე:
TBC ბანკი: GE72TB7251336080100007
საქართველოს ბანკი: GE74BG0000000665286200
ლიბერთი ბანკი: GE44LB0115176753112000
მიმღები: ნიკე — თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის დანიშნულება — "უკრაინელი ბავშვებისათვის"
კომენტარები