აზერბაიჯანის "ნეიტრალიტეტი" და რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაცია
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე "სამოკავშირეო ურთიერთქმედების" შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, აზერბაიჯანი კონფლიქტში მტკიცედ ნეიტრალური რჩება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოსკოვში რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ხელი მოაწერა სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ 43-პუნქტიან ხელშეკრულებას, რომელიც სხვადასხვა სექტორში ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, დეკლარაცია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის "ხარისხობრივად ახალ დონეზე ამაღლებას" ისახავს მიზნად.
როგორც ჩანს, ის ორ ქვეყანას შორის ბოლო ათწლეულში გაფორმებულ სხვა რამდენიმე ხელშეკრულებას ეფუძნება და მოიცავს ორმხრივ თანამშრომლობას ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში — ყველაზე დიდი აქცენტი კი სამხედრო თანამშრომლობაზეა გაკეთებული.
ნეიტრალიტეტის საკითხი
დეკლარაციაში განსაზღვრულია, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ორივე მხარისთვის საინტერესო საერთაშორისო საკითხებზე ერთნაირ პოზიციებს მიიღებენ. აქვე ხაზგასმულია, რომ ორივე ქვეყანა "მტკიცედ აღკვეთს" მათი შესაბამისი სუვერენიტეტისა და "ტერიტორიული მთლიანობის" წინააღმდეგ ორგანიზაციებისა თუ ცალკეული ინდივიდების აქტივობებს.
თუმცა ხელშეკრულება არ აკონკრეტებს რუსეთის ამჟამინდელი პრეტენზიების პირდაპირ აღიარებას ყირიმზე, რომლის ანექსირებაც მან 2014 წელს მოახდინა და არც აზერბაიჯანის პრეტენზიებს მთიან ყარაბაღზე, რომლის სტატუსიც 1991 წლიდან სადავოა და რომელიც 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, რუსული სამშვიდობოების მფარველობის ქვეშ არის.
დამატებით, დოკუმენტი ადასტურებს ორივე ქვეყნის განზრახვას, რომ ერთად განავითარონ თანამედროვე სამხედრო და საბრძოლო აღჭურვილობა, ასევე, შეინარჩუნონ ერთმანეთისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა, გაეროს წესდებისა და ცალკეული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძვლებზე.
დეკლარაცია ადასტურებს რუსეთის სურვილს, რომ მთიან ყარაბაღში სამშვიდობოები შეინარჩუნოს, პარალელურად კი გამოხატავს აზერბაიჯანის მადლიერებას იმ როლისთვის, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში რუსეთმა, როგორც შუამავალმა გასწია.
დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების ნაწილმა შეშფოთება გამოხატა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს აზერბაიჯანს "ნეიტრალური ქვეყნის" სტატუსს ართმევს.
"თუმცა ისინი არ აღიარებენ, რომ ეს არის ხელმოწერილი დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება. დღევანდელი საერთაშორისო პრობლემების მთავარი წყარო რუსეთის უკანონო ნაბიჯები და აგრესიული პოლიტიკაა. ახლა მთელი მსოფლიო პუტინს აგრესორს დაუძახებს და დაუწესებს სანქციებს, გარიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აზერბაიჯანს კი მოუწევს პუტინის მხარდაჭერა", — უთხრა პოლიტიკური მართვის ინსტიტუტის დირექტორმა, აზერ გასიმლიმ OC Media-ს 23 თებერვალს.
ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ჩუმ და ნეიტრალურ პოზიციებს ინარჩუნებდნენ კონფლიქტთან დაკავშირებით, დუმდნენ მაშინაც, როცა რუსულმა ბომბებმა ხარკოვში აზერბაიჯანის საპატიო საკონსულო დააზიანეს. ამასთან, აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებების ტვირთები გაუგზავნა.
ვის ინტერესებს ემსახურება დოკუმენტი?
სახალხო ფრონტის პარტიის ხელმძღვანელი, ალი კარიმლი OC Media-ს ეუბნება, რომ დეკლარაცია "რუსეთის ინტერესებს ემსახურება" და აზერბაიჯანს "ის არ სჭირდებოდა".
კარიმლი პრობლემურად მიიჩნევს პუნქტებს, რომელიც რუსეთთან ერთობლივ სამხედრო თანამშრომლობას განსაზღვრავს. ის ხაზს უსვამს რუსული დაზვერვის სფეროდან დაშორებისა და სამხედრო დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობას.
"დოკუმენტის რამდენიმე პუნქტის მიხედვით, დეკლარაცია ნებას რთავს რუსეთს, რომ აზერბაიჯანში მისი ჯარი სხვადასხვა საბაბით განათავსოს — რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მთავრობის თანხმობით", — თქვა მან.
კარიმლიმ, ასევე, გააკრიტიკა ალიევის უდროო ვიზიტი მოსკოვში, რომელიც რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებასა და უკრაინაში შეჭრას შორის შედგა. ოპოზიციონერი ეჭვობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის თარიღი რუსეთმა აირჩია.
"რუსეთმა იცოდა, რომ ის ომს დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ და სრულიად იზოლირებული იქნებოდა საერთაშორისო დონეზე. ამის გამო, პუტინმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაავადა, რათა ეჩვენებინა, რომ მარტო არ არის", — თქვა მან.
იმ ნაბიჯების მიუხედავად, რაც ბაქომ კრემლის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გადადგა, მათ შორის, უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, კარიმლიმ აღნიშნა, რომ სახლთან სიახლოვეს კონფლიქტის მომავალი მთლიანად რუსეთის ხელშია.
"სომხეთი არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, რომ კონფლიქტი ნებისმიერ წამს გააღვივოს. რუსეთმა მისი ჯარები განალაგა ყარაბაღში, თუმცა სამშვიდობოებისა და ალიანსის ხელშეკრულების სახელით, შეიქმნა კანონიერი შესაძლებლობა, რომ იპოვოს საბაბი და მისი ჯარი აზერბაიჯანში ფართოდ განათავსოს", — თქვა მან.
მეორე მხრივ, პოლიტიკის ანალიტიკოსი და ოპოზიციის ყოფილი წარმომადგენელი, ზარდუშტ ალიზადე ფიქრობს, რომ ეს დეკლარაცია არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ინტერესებს და ის "საფუძველს უქმნის რეგიონში აზერბაიჯანის პოზიციების შემდგომ გაძლიერებას".
"ამ დეკლარაციას ერთი მიზანი აქვს: ეს არის აზერბაიჯანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს მისი ეროვნული უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ზუსტად ისე, როგორც შუშას დეკლარაციას მოეწერა ხელი ჩვენს უახლოეს პარტნიორთან, თურქეთის რესპუბლიკასთან", — თქვა მან.
ალიზადემ გამორიცხა ნებისმიერი კავშირი ხელმოწერილ დოკუმენტსა და მეორე დღეს უკრაინაში შეჭრას შორის.
"დეკლარაცია არ არის არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, ეს უბრალოდ დოკუმენტია, რომელიც აზერბაიჯანის გაძლიერებას ემსახურება".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები