ვლადიმერ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო — იუვალ ნოახ ჰარარი
"რუსებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, დაიპყრონ უკრაინა, თუმცა უკრაინელებმა ბოლო დღეებში აჩვენეს, რომ ისინი მას ქვეყანას არ შეანარჩუნებინებენ", —ისტორიკოსი და წიგნის, "საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია", ავტორი, იუვალ ნოახ ჰარარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს აფასებს.
ომის დაწყებიდან ერთი კვირაც არ გასულა და სულ უფრო სავარაუდო ხდება, რომ ვლადიმერ პუტინი ისტორიული დამარცხებისკენ მიდის. მან შეიძლება ყველა ბრძოლა მოიგოს, თუმცა ომს მაინც წააგებს. პუტინის ოცნება რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ ყოველთვის ილუზორული იყო და ეყრდნობოდა სიცრუეს, რომ უკრაინა არ არის ნამდვილი ერი, რომ უკრაინელები არ არიან ნამდვილი ხალხი და რომ კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მცხოვრებლებს მოსკოვის მმართველობის ქვეშ ყოფნა სწყურიათ. ეს სრული სიცრუეა — უკრაინა ათასწლიანი ისტორიის მქონე ერია. მეტიც — კიევი უკვე მთავარი მეტროპოლია გახლდათ მაშინ, როცა მოსკოვი სოფელიც კი არ იყო. თუმცა რუსმა დესპოტმა უკვე იმდენჯერ თქვა ეს ტყუილი, რომ თვითონაც დაიჯერა.
უკრაინაში შეჭრის დაგეგმვისას პუტინს სახელმძღვანელოდ ბევრი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ჰქონდა. მან იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები უკრაინისას აღემატება. ისიც იცოდა, რომ ნატო უკრაინის დასახმარებლად ჯარს არ გაგზავნიდა. მან იცოდა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროპის დამოკიდებულების გამო გერმანიის მსგავსი ქვეყნები მკაცრი სანქციების დაწესებისგან თავს შეიკავებდნენ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, პუტინის გეგმა უკრაინაზე ძლიერ და სწრაფ დარტყმას, მისი ხელისუფლების დამხობას, კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას და დასავლური სანქციების თავიდან აცილებას მოიცავდა.
თუმცა ამ გეგმაში ერთი მნიშვნელოვანი უცნობი ცვლადი იყო. როგორც ამერიკელებმა — ერაყში, საბჭოელებმა კი ავღანეთში ისწავლეს, ქვეყნის დაპყრობა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. პუტინმა იცოდა, რომ მას უკრაინის დასაპყრობად ძალები ჰქონდა. მაგრამ მიიღებდა კი უკრაინელი ხალხი მოსკოვის მარიონეტულ რეჟიმს? პუტინმა ამაზე დადო ფსონი. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ არაერთხელ განუმარტა ყველას, რომ უკრაინა არ არის ნამდვილი ერი, რომ უკრაინელები არ არიან ნამდვილი ხალხი. რატომ უნდა ყოფილიყო 2022 წელი განსხვავებული 2014 წლისგან, როცა ყირიმში რუს დამპყრობლებს ხალხმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია?
ყოველი გასული დღე ცხადყოფს, რომ პუტინის ფსონმა არ გაამართლა. უკრაინელი ხალხი მას მთელი გულით უწევს წინააღმდეგობას, რაც მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს — და ისინი ომს იგებენ. წინ ბევრი ბნელი დღეა. რუსებმა შეიძლება მაინც დაიპყრონ მთელი უკრაინა. მაგრამ ომის მოსაგებად რუსებს უკრაინის შენარჩუნება მოუწევთ და ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი ამას უკრაინელი ხალხი დაუშვებს. ეს კი, რაც დრო გადის, მით ნაკლებად სავარაუდო ჩანს.
ყოველი განადგურებული რუსული ტანკი და მოკლული რუსი ჯარისკაცი უკრაინელების გამბედაობას ზრდის. თითოეული მოკლული უკრაინელი კი რუსეთისადმი სიძულვილს აძლიერებს. სიძულვილი ყველაზე მახინჯი ემოციაა, მაგრამ ჩაგრული ერებისთვის იგი ფარული განძია. გულში ღრმად ჩაფლულ სიძულვილს შეუძლია, წინააღმდეგობის გაწევის ჟინი თაობებს გადასცეს. რუსეთის იმპერიის აღსადგენად პუტინს შედარებით უსისხლო გამარჯვება სჭირდება, რომელიც შედარებით ნაკლებ სიძულვილს გამოიწვევს. სულ უფრო მეტი უკრაინული სისხლის დაღვრით, პუტინი თავისი ოცნების ვერგანხორციელებას აწერს ხელს. რუსეთის იმპერიის გარდაცვალების მოწმობაში არა მიხეილ გორბაჩოვის, არამედ პუტინის სახელი ჩაიწერება. გორბაჩოვმა რუსები და უკრაინელები მოძმე ერებად დატოვა, პუტინმა კი ისინი მტრებად აქცია. და შედეგად, უკრაინა ამიერიდან მუდამ რუსეთთან დაპირისპირებით განისაზღვრავს თავს.
რუსმა დესპოტმა სხვებზე არანაკლებ უნდა იცოდეს ეს. პუტინი ლენინგრადის ალყის დროს გერმანული სისასტიკისა და რუსული მამაცობის შესახებ ისტორიებზე გაიზარდა. და ახლა ის თავად ქმნის ასეთ ამბებს — იმ განსხვავებით, რომ თავს ჰიტლერის როლში აქცევს.
უკრაინული სიმამაცის ისტორიები არა მხოლოდ უკრაინელებს მატებს შემართებას, არამედ — მთელ მსოფლიოს. ეს ამბები გამბედაობას მატებენ ევროპული ქვეყნების მთავრობებს, აშშ-ის ადმინისტრაციასა და მოწინააღმდეგე რუსეთის ჩაგრულ მოქალაქეებსაც კი. თუ უკრაინელები შიშველი ხელებით ტანკის შეჩერებას ბედავენ, გერმანიის მთავრობასაც შეუძლია გაბედოს მათთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება, აშშ-საც შეუძლია გაბედოს რუსეთისთვის SWIFT-ის გათიშვა და რუსეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ გაბედონ წინააღმდეგობის დემონსტრირება ამ უაზრო ომის მიმართ.
ჩვენ ყველას შეგვიძლია, გავბედოთ რაიმეს გაკეთება: იქნება ეს შემოწირულება, ლტოლვილების მიღება თუ ონლაინბრძოლაში დახმარება. უკრაინის ომი მთელი მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს. თუ ტირანიას და აგრესიას გამარჯვების უფლებას მივცემთ, შედეგებს ყველა ვიწვნევთ. უბრალო დამკვირვებლებად დარჩენას აზრი არ აქვს. დროა, ავდგეთ და რაღაც მოვიმოქმედოთ.
ეს ომი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება. ის სხვადასხვა ფორმას მიიღებს და ამ გზით წლებიც კი შეიძლება, არ დასრულდეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ბოლო რამდენიმე დღემ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ უკრაინა ნამდვილი ერია, რომ უკრაინელები ნამდვილი ხალხია და რომ მათ ნამდვილად არ სურთ რუსეთის ახალი იმპერიის ქვეშ ცხოვრება. მთავარი კითხვა, რომელიც ღიად რჩება, არის ის, თუ რამდენი დრო დასჭირდება კრემლის სქელ კედლებში ამ გზავნილის შეღწევას.
კომენტარები