ჩვენ ანონიმუსი ვართ. ჩვენ ლეგიონი ვართ. ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. გველოდეთ", — ანონიმუსი.

უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ იბომბება ქალაქები, შეტევები ხორციელდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, საფრთხის ქვეშაა მშვიდობიანი მოსახლეობაც. ბრძოლაში ჩართულია, როგორც ჯარი, ასევე, სამხედრო ტექნიკა.

უკრაინა ომში ფიზიკურად მარტოა და მთელი ძალით ცდილობს თავდაცვას. ცივილიზებული მსოფლიო აგრესორს დაწესებული სანქციებით უპირისპირდება, თუმცა ის ამას არ უშინდება და სისხლისღვრას აგრძელებს. შეიძლება, ერთი შეხედვით, გვეგონოს, რომ ბრძოლა მხოლოდ იქაა, სადაც ჭურვების აფეთქების ხმა ისმის, მაგრამ ეს ასე არაა. ფრონტის ხაზი ციფრულ სამყაროზეც გადის, სადაც დეზინფორმაცია მტრის ხელში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღია, რომელსაც ის აქტიურად იყენებს.

ამის მიუხედავად, რუსეთის ქმედებები უპასუხოდ არ რჩება. მას ახლახან საერთაშორისო ჰაკერულმა დაჯგუფება ანონიმუსმა კიბერომი გამოუცხადა. მათ რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდი და პროპაგანდისტული მედია, მათ შორის Russia Today უკვე დაბლოკეს. გათიშეს ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია გაზპრომის ვებგვერდიც, რასაც წინ უძღვოდა ტვიტი: "ჰეი გაზპრომ, გინდა, ვითამაშოთ?". შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

რა არის ჰაკერული ომი?

ფოტო: iStock

თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დოზითაა შემოჭრილი. ჩვენი პირადი ინფორმაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების უმეტესობა კომპიუტერებში ინახება. ამის გარდა, მსგავს სისტემებშია თავმოყრილი ბანკების, ტრანსპორტის, სატელიტების, საკომუნიკაციო არხებისა თუ მედიის მართვის სადავეები. შესაბამისად, მათი სამიზნეში ამოღებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაა შესაძლებელი.

ეს გახლავთ ჰაკერული ომი, რომელშიც ძალაუფლება კიბერთავდამსხმელებს ეკუთვნით. მათ საშუალება აქვთ, სპეციალური მეთოდების მეშვეობით, კომპიუტერულ სისტემებს შეუტიონ, იქ არსებული პროგრამები დააზიანონ და მოწყობილობების ფუნქციონირების ხარვეზები გამოიწვიონ. ასევე, მიუწვდომელი გახადონ ესა თუ ის ინტერნეტ რესურსი, რასაც Denial-of-service attack ეწოდება და საკმაოდ ხშირად გამოიყენება, რათა მოიპოვონ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, გათიშონ კავშირგაბმულობა და ა.შ.

სწორედ ასეთ ბრძოლაში ჩაერთო ანონიმუსი რუსეთის წინააღმდეგ.

ციფრული ვენდეტა — ანონიმუსი

ფოტო: Reuters

ჰაკერული დეცენტრალიზებული დაჯგუფება ანონიმუსი პირველად 2003 წელს, ინტერნეტფორუმ 4chan-ზე გამოჩნდა და იქიდან მოყოლებული, საზოგადოებას თავი არაერთი კიბერთავდასხმით დაამახსოვრა (სრული ჩამონათვალი). მათი სამიზნე სხვადასხვა სახელმწიფოს სამთავრობო სააგენტო, ორგანიზაცია და კომპანია გახდა, როგორიცაა PayPal, MasterCard, Visa და Sony.

ანონიმუსს ლიდერები არ ჰყავს, იქ ყველა თანაბარუფლებიანია. მათ ანონიმებად მოიხსენიებენ. ისინი ხშირად უპირისპირდებიან ცენზურას და ზოგჯერ პოლიტიკურ, სოციალურ აქტივისტებადაც გვევლინებიან. გავრცელებულ ვიდეოებში დაჯგუფების წარმომადგენლებს სახე ცნობილი მხატვრული ფილმის V for Vendetta პერსონაჟის, გაი ფოქსის ნიღბით აქვთ დაფარული, ხმა კი კომპიუტერული პროგრამებით შეცვლილი ან ხელოვნურად გენერირებულია, რათა მათი ამოცნობა ვერ მოხერხდეს.

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების მიმართ ანონიმუსის დამოკიდებულება ცხადია — ისინი უკრაინას უჭერენ მხარს, რასაც თუნდაც განცხადებებით საკმაოდ ნათლად გამოხატავენ.

"ანონიმუსი ამჟამად რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგო ოპერაციებშია ჩართული. ჩვენი ნაბიჯები ქვეყნის ხელისუფლებისკენაა მიმართული. გარდაუვალია, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორზეც იქონიებს გავლენას", — ნათქვამია მათ მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"საკუთარი თავი უკრაინის ადგილას დააყენეთ, რომელიც ამ წუთებში იბომბება. ერთობლივი ძალით ჩვენ მსოფლიოს შეცვლას შევძლებთ და ნებისმიერ უსამართლობას წინ აღვუდგებით. დროა, რომ რუსი ხალხი გაერთიანდეს და ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ ომს უთხრას 'არა'. ჩვენ ვართ ანონიმუსი. ჩვენ ვართ ლეგიონი", — ამბობენ ისინი.

ზემოთ ჩასმულ ვიდეოში ანონიმუსი პუტინს ეუბნება, რომ შედეგებისთვის მზად იყოს, რადგან მათ ნამდვილ ძალას იწვნევს. "ომი მკვლელობაა", — აცხადებს ანონიმი, რომლის თქმითაც, ისინი ხალხის გვერდით დგანან და არა მთავრობების, რომელთაც მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილება სურთ. დაჯგუფება უკრაინას მოუწოდებს, რომ გამაგრდეს.

რა საფრთხის წინაშე დგას რუსეთი?

ფოტო: ft.com

მაშ, რა ემუქრება რუსეთს, თუ ანონიმუსი საკუთარ ძალას ბოლომდე გამოავლენს? პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ კიბერომში დამხმარე "ჯარისკაცებიც" გამოჩნდნენ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სადაზვერვო და სამხედრო "კიბერმებრძოლები" რუსეთზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელების გეგმას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საკმაოდ ძლიერი ჰაკერული რესურსი გააჩნია, თუმცა, თუ ის თავის შეკავებას გადაწყვეტს, იგივე ნაბიჯებს, სავარაუდოდ, ანონიმუსიც თავისუფლად გადადგამს.

ამჯერად ყველაფერი უბრალოდ ვებგვერდების დაბლოკვით არ შემოიფარგლება, არამედ საუბარია ფართომასშტაბიან შეტევაზე. მაგალითად, ასეთია, რუსეთში ელექტროენერგიის გათიშვა, ინტერნეტკავშირის შეწყვეტა და მატარებლების გადაადგილების შეზღუდვა, რაც არმიის მომარაგებას შეაფერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნება, რაც კრემლის ჩიხში მოქცევის გარდა, ხელისუფლებისადმი ადამიანთა უკმაყოფილებასაც გამოიწვევს/გაამწვავებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ქსელების მწყობრიდან გამოყვანას გულისხმობს და არა განადგურებას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ავნონ სისტემებს და არა ხალხს.

ჰაკერებს ძალუძთ, მოიპოვონ საბრძოლო სტრატეგიის შესახებ არსებული დოკუმენტებიც, რისი წყალობითაც უკრაინა მტრისგან დასაცავად სათანადოდ მოემზადება და მოსახლეობას შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანს. სავარაუდოა ეკონომიკური იერიშიც, როგორიცაა ანგარიშების "გაყინვა", ტრანზაქციების შეჩერება და სხვა.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ახლო მომავალში გავიგებთ. იქამდე კი იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა მტერს წინ აღუდგება ომში, რომელიც ერთდროულად ორ ფრონტზე მიმდინარეობს — რეალურსა და ციფრულ სამყაროში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.