რას ამბობს 5 დიდი რელიგია სულის არსებობაზე
ისინი, ვისაც სულის არსებობის სჯერათ, მიიჩნევენ, რომ ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე იმ უჯრედების ერთობლიობა, რომლებისგანაც ჩვენი სხეულები შედგება.
სული შეიძლება განისაზღვროს როგორც ჩვენი არამატერიალური ნაწილი, რომელიც ჩვენი სიკვდილის მერეც განაგრძობს არსებობას.
თანამედროვე დასავლური პოპკულტურა აქტიურად იკვლევს სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის შესაძლებლობის იდეას. ამის მაგალითებია სატელევიზიო შოუები, კარგი ადგილი (The Good Place) და სასწაულმშრომელნი (Miracle Workers). ასევე, დისნეის ფილმში, სული, ჩვენ ვხვდებით ჯაზპიანისტის სულს, რომელიც მიწიერ სხეულს შორდება და საიქიოში მოგზაურობს.
მსოფლიოს ხუთი დიდი რელიგია — იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და ინდუიზმი — აღიარებს ადამიანის უკვდავი ნაწილის არსებობას. თუმცა ისინი სულის წარმოშობას, მოგზაურობასა და საბოლოო დანიშნულებას განსხვავებული და გამორჩეული გზებით წარმოაჩენენ.
სულის წარმოშობა — იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი
ეს სამი რელიგია თვლის, რომ ღმერთის მიერ სამყაროს შექმნამდე საერთოდ არაფერი არსებობდა — მათ შორის, არც სულები.
ქრისტიანობაში არ არის გამოკვეთილი ის, თუ როდის ერთიანდება სული და სხეული. თუმცა დღეს უმრავლესობა თანხმდება, რომ სული ნაყოფს ჩასახვის მომენტში თუ არა, პირველი 90 დღის გასვლის მერე მაინც აქვს.
ქრისტიანობამ ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის შეხედულება გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევდგებით მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულისგან. ამრიგად, სიკვდილი სულის სხეულისგან განცალკევებაა.
იუდაიზმის მიხედვით, სული ღმერთმა შექმნა და მიწიერ სხეულს შეუერთა. თუმცა ამ რელიგიას აღნიშნული მოვლენის დროისა და ბუნების შესახებ სწორხაზოვანი თეორია არ შეუმუშავებია (ალბათ იმიტომაც, რომ სხეულსა და სულს შორის გამიჯვნა აბსოლუტურად მკაფიო არ იყო). თანამედროვე იუდაიზმის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
რაც შეეხება ისლამს, აქ — ისევე, როგორც ქრისტიანობაში — ჩანასახში სულის შესვლის მომენტთან დაკავშირებული მოსაზრებები განსხვავებულია. თუმცა გავრცელებული შეხედულებით, ეს ჩასახვიდან დაახლოებით 120 დღის შემდეგ ხდება.
ამასთან, სამივე რელიგიის მიხედვით, სულები მარადიულად ცოცხლობენ.
სულის წარმოშობა — ინდუიზმი და ბუდიზმი
ინდუიზმის თანახმად, სულები ყოველთვის არსებობდნენ. შესაბამისად, ყველა ჩვენგანი უსასრულო წარსულში არსებობდა. ჩვენ ყველანი დაბადების, სიკვდილისა და ხელახალი დაბადების უსასრულო ციკლის — სამსარას ნაწილი ვართ.
მორალური ანგარიშსწორების კოსმოსური კანონზომიერების, კარმის კანონის მიხედვით, ჩვენი სულები მუდმივად რეინკარნირდებიან სხვადასხვა ფიზიკურ ფორმაში. ყოველი ზნეობრივი საქმე — სათნო თუ სხვაგვარი — თავის კვალს ტოვებს ინდივიდზე, სიკვდილის დროს კი კარმული ჯამი განსაზღვრავს ჩვენს სტატუსს შემდეგ ცხოვრებაში.
ინდუიზმის მსგავსად, ბუდიზმიც აღიარებს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით დაბადებისა და ხელახალი დაბადების ციკლის ნაწილი — იმ განსხვავებით, რომ ბუდიზმში არ არსებობს მარადიული, უცვლელი "სული", რომელიც ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადადის. მის თანახმად, ჩვენში — ისევე, როგორც ზოგადად სამყაროში — მუდმივი არაფერია.
ამის მიუხედავად, ბუდისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ცნობიერება სანთლის ალს ჰგავს: სიკვდილის მომენტში ჩვენ ვტოვებთ სხეულს, მაგრამ ეს ალი, რომელიც ჩვენს მორალურ ვალს განასახიერებს, ახალ სხეულში გადადის. ბუდიზმში ეს "ცნობიერების კარმული ალი" ისეთსავე როლს ასრულებს, როგორსაც სხვა რელიგიებში — სული.
სულის ბედი — იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი
ქრისტიანობაში ითვლება, რომ სული აგრძელებს არსებობას სიკვდილის შემდეგ. უმეტესობას სჯერა, რომ ეს გარდასახვა გაცნობიერებულად ხდება (და არა ძილის მსგავს მდგომარეობაში). სიკვდილისას ღმერთი განსაზღვრავს სულის საბოლოო ბედს — მარადიულ სასჯელს ან მარადიულ ცხონებას.
მიუხედავად ამისა, პირველი ათასწლეულის მიწურულს მიიჩნეოდა, რომ ადამიანების უმეტესობა არც საკმარისად კარგი იყო იმისთვის, რომ მარადიული ცხონება დაემსახურებინა და არც საკმარისად ბოროტი, რომ სამუდამო განსაცდელი ხვდომოდა წილად. ამგვარად, კათოლიციზმმა განავითარა შუალედური მდგომარეობის იდეა — განსაწმენდელი, რომელიც ოდნავ ან შედარებით ბოროტებს ცოდვებისგან განწმენდის შანსს სთავაზობს. მათი საბოლოო ბედი კი განკითხვის დღეს, ქრისტეს დაბრუნებისას გადაწყდება.
იუდაიზმს გარდაცვალების შემდეგ ცნობიერების შესახებაც არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება. თუმცა დომინანტური შეხედულების მიხედვით, სიკვდილის შემდეგ სული ცნობიერ მდგომარეობაში არის.
ორთოდოქსული იუდაიზმი განკითხვის დღეს სხეულის აღდგომისა და მისი სულთან შეერთების იდეას იზიარებს. მის მიხედვითაც, გადარჩენილებს ზეციური ნეტარება ელით. თანამედროვე იუდაიზმის ლიბერალური ფორმები — ისევე, როგორც თანამედროვე ლიბერალური ქრისტიანობა — სხეულის აღდგომის იდეას ნაკლებად გამოკვეთს და, სანაცვლოდ, სიკვდილის შემდეგ სულიერი ცხოვრების არსებობას უსვამს ხაზს.
ისლამში სულები აღდგომის დღეს საფლავებიდან ელოდებიან. ეს ერთგვარი შუალედური მდგომარეობაა — ჯოჯოხეთისთვის განწირულნი საფლავებში იტანჯებიან, ხოლო სხვანი სამოთხეს მშვიდად ელიან.
თუმცა არსებობს ორი გამონაკლისი: ისინი, ვინც ისლამის დაცვისას იღუპებიან, დაუყოვნებლივ ღმერთის წინაშე წარდგებიან; ხოლო ისინი, ვინც ისლამის მტრებად იღუპებიან, პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდიან.
მუსლიმები თვლიან, რომ განკითხვის ბოლო დღეს ბოროტები ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან, მართალნი კი სამოთხის სიამოვნებებით დატკბებიან.
სულის ბედი — ინდუიზმი
თანამედროვე დასავლეთში რეინკარნაციას დადებითი დატვირთვა აქვს და ის საიქიო ცხოვრების სასურველ ალტერნატივად განიხილება. თუმცა ყველა ინდური ტრადიცია თანხმდება, რომ მთავარი მიზანი ამ ციკლიდან თავის დაღწევაა.
ინდუისტური შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა ელის სულს დაბადების, სიკვდილისა და ხელახალი დაბადების მარადიული ციკლის მიღმა, განსხვავებულია. ამ მიმართულებით ინდუიზმის შიგნით შეგვიძლია აზროვნების ოთხი სკოლა გამოვყოთ.
პირველი მათგანია სანკხია-იოგა, რომლის მიზანიც იმის გაცნოებიერებაა, რომ სული მატერიალური სხეულისგან განცალკევებულია. ეს საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ აქ და ახლა, მატერიალურ საგნებთან მიჯაჭვულობის გარეშე. სიკვდილის შემდეგ გათავისუფლებული სული, სამყაროსთან ყოველგვარი შემდგომი გადაჯაჭვულობის გარეშე, მარადიულად იარსებებს. აქედან მომდინარეობს თანამედროვე დასავლური პოსტურალური იოგა, რომელიც სხეულისა და სულის განცალკევების გაცნობიერებასთან ერთად, სამყაროში პროდუქტიულად არსებობას ისახავს მიზნად.
მეორე შეხედულება — დვაიტა ვედანტას სკოლა, მთლიანად ორიენტირდება ღმერთისადმი ერთგულებაზე, რამაც სიკვდილის შემდეგ სულს თავისუფლება უნდა მოუტანოს. ეს ჰარე კრიშნას მოძრაობის განმსაზღვრელი ფილოსოფიაა და არსებულ ინდურ ტრადიციათა შორის ყველაზე მეტად ჰგავს ქრისტიანობას.
მესამე შეხედულება ვიშიშტადვაიტა ვედანტას სკოლას ეკუთვნის. აქ სული ღმერთის ერთობაში შესვლისას თავისუფლდება — როგორც ოკეანეში შერწყმული წყლის წვეთი — და, პარადოქსულად, თავის ინდივიდუალურ იდენტობას ინარჩუნებს.
ინდუიზმის ფარგლებში სულის ბედის შესახებ არსებული მეოთხე შეხედულება ადვაიტა ვედანტას სკოლისაა, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლება მიიღწევა მაშინ, როდესაც სული გააცნობიერებს თავის არსებით ერთიანობას ბრაჰმანთან — უზენაეს ღვთაებასთან.
კარმული ალის ბედი — ბუდიზმი
მიუხედავად იმისა, რომ ბუდიზმში ბევრი ღვთაებაა, ღმერთები სულის გათავისუფლებისთვის არსებითნი არ არიან. ასე რომ, შესაძლებელია, იყო ბუდისტი ათეისტი. უსასრულო რეინკარნაციებისგან გათავისუფლება მოდის იმის გაცნობიერებით, რომ ქვეყნად ყველაფერი ტანჯვაა და არაფერია მუდმივი — მათ შორის ჩვენი მე-ც.
თერავადა ბუდიზმში (გავრცელებულია შრი-ლანკაში, ტაილანდში, კამბოჯაში, მიანმარსა და ლაოსში), საკუთარი რაობის შემმეცნებელი ადამიანი სიკვდილისთანავე შედის პარი-ნირვანაში. ცნობიერების ალი "ჩაქრება" და "სული" არსებობას წყვეტს.
მაჰაიანა ბუდიზმში (გავრცელებულია იაპონიაში, ვიეტნამსა და ჩინეთში, ტიბეტის ჩათვლით) გათავისუფლება მიიღწევა, როდესაც სამყარო აღიქმება ისე, როგორც ის სინამდვილეშია, როცა უმეცრების ფარდა მოხსნილია: როგორც საბოლოო რეალობის არმქონე. ეს ნიშნავს, რომ, მართალია, ერთ დონეზე მრავალ ღმერთს, ქალღმერთს, ბუდას და ბოდჰისატვას შეუძლია გათავისუფლების გზაზე შეგვეწიოს, მაგრამ ისინიც — ისევე, როგორც ჩვენ — ნამდვილად არასოდეს არსებობდნენ.
ყოფით დონეზე ჩვენ შეგვიძლია განვასხვაოთ სიმართლე და სიცრუე, თუმცა იმ პერსპექტივიდან, რაც საბოლოო ჯამში რეალურია, არსებობს მხოლოდ სიცარიელე ან სუფთა ცნობიერება. გათავისუფლება კი გულისხმობს იმის ცოდნას, რომ ინდივიდუალური სულის იდეა ყოველთვის ილუზორული იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ინდივიდუალური სული ნამდვილად არასოდეს არსებობდა და ის სამსარას სამეფოს დიდი ილუზიის ნაწილს წარმოადგენს.
ბუდისტური "მაინდფულნესის" პრაქტიკა, რომელიც სეკულარული ფორმით დასავლეთშიც პოპულარული ხდება, სხვა არაფერია, თუ არა იმაზე მუდმივი კონცენტრირება, რომ საკუთარი თავი და სამყარო წარმავალი და არარეალურია.
სულის მნიშვნელობა
ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ადამიანს სხვა არსებებისგან სულის უკვდავება განასხვავებს, რაც კაცობრიობას თვისობრივ უნიკალურობას სძენს: ყოველი ინდივიდუალური სულის სიცოცხლე სამყაროში ღვთაებრივი სქემის ნაწილია. თუმცა, ტრანსცედენტულისადმი რწმენის გარეშეც, ათეისტი ჰუმანისტები და ეგზისტენციალისტები ასვე აღიარებენ თითოეული ადამიანის უნიკალურ ღირებულებას.
სულის არსებობა-არარსებობის საკითხი ყოველთვის აქტუალურია. ეს კითხვა ხომ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებას და იმაზე პასუხის ძებნას გულისხმობს, არის თუ არა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ქვის ან ჭიაყელას არსებობაზე ფასეული.
ამიტომაცაა, რომ დღევანდელ სეკულარულ ხანაშიც კი ბევრს სჯერა სულის არსებობის.
კომენტარები