რა არის ფსიქიკური აშლილობა და რა უნდა ვიცოდეთ
ფსიქიკური ჯანმრთელობა ემოციების, აზროვნების, კომუნიკაციის, დასწავლის, გამძლეობისა და ადეკვატური თვითშეფასების საფუძველს წარმოადგენს, ფსიქიკური დაავადება ანუ ფსიქიკის ჯანსაღი მდგომარეობიდან გადახრა კი ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც ადამიანის ემოციების, ფიქრებისა თუ ქცევის ცვლილებებით გამოიხატება. როგორც წესი, იგი გარემო პირობების, გენეტიკისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაციის შედეგია.
ასევე იხილეთ: რატომ გვემართება ფსიქიკური აშლილობები? — მეცნიერებმა 3 ძირითადი ფაქტორი გამოყვეს
ფსიქიკური დარღვევა ხშირად პიროვნებას სოციალურ აქტივობაში, სამსახურსა თუ საოჯახო აქტივობებში უშლის ხელს და ისეთივე სამედიცინო მდგომარეობაა, როგორიც თუნდაც კუჭის წყლული ან დიაბეტია. მისი მკურნალობა/მართვა შესაძლებელია.
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არაადეკვატურ ქცევებთან თუ გარეგნობასთან ასოცირდებიან, რაც ძირითადად მითია — მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ ყველა ფსიქიკური აშლილობა გარშემომყოფებისთვის შესამჩნევი არაა და არც აშკარა უცნაური ქმედებებით გამოიხატება (მაგალითად, დეპრესია). მეტიც, ის საკმაოდ ხშირია და ზოგჯერ ერთი შეხედვით ნორმალურ მდგომარეობადაც კი ასაღებს თავს (მაგალითად, მდგომარეობა "ნევროზი", რომელიც "ყველას აქვს"), ამიტომაც მნიშვნელოვანია, ემოციურ პრობლემებსაც ისეთივე სერიოზულობით მივუდგეთ, როგორც ფიზიკურს.
ამასთანავე, შესაძლოა, ადამიანი იაზრებდეს საკუთარ მდგომარეობას (მაგალითად, პანიკური აშლილობა), თუმცა ზოგიერთი აშლილობის შემთხვევაში ეს ასე არაა. მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ ისიც, რომ მენტალური დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობა საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.
ვის ემართება?
ფსიქიკურ დაავადებათა არაერთი ტიპი არსებობს და შეიძლება, ნებისმიერი ასაკის, გენდერის, სქესის, სოციალური სტატუსის, ეროვნების, რასისა თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს დაემართოს, თუმცა ხშირად სხვადასხვა აშლილობას კონკრეტული რისკჯგუფები ჰყავს. მაგ: ნერვული ანორექსია ყველაზე ხშირად გარდატეხის ასაკში ან 20-იან წლებში მყოფ გოგოებს ემართებათ, დეპრესია კი ყველაზე გავრცელებული 18-29 წლის ადამიანებშია. მიუხედავად ამისა, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და შესაძლოა, ნებისმიერი აშლილობა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაავადებათა 3/4 ნაწილი 24 წლის ასაკისთვის იწყება.
ამასთან ერთად, განსხვავებულია დაავადებების სიმძიმეც — ზოგიერთი შედარებით მსუბუქია და ყოველდღიურ ცხოვრებას მხოლოდ გარკვეული ხარისხით აფერხებს (მაგალითად, ფობიები), ზოგიერთი კი იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, ადამიანს საავადმყოფოში მოთავსებაც კი დასჭირდეს (მაგალითად, ნივთიერებაზე დამოკიდებულება).
როგორ ისმევა დიაგნოზი?
ხშირად რთულია იპოვო მიჯნა, რომლის მიღმაც პრობლემა ფსიქიკური აშლილობა ხდება, თუმცა ამ დროს ადამიანის ცხოვრებაზე მის გავლენას ითვალისწინებენ. მაგალითად, დეპრესიული განწყობა საყვარელი ადამიანის დაკარგვისას ნორმალურია, თუმცა, თუკი იგი დიდხანს გრძელდება და ნორმალურ ფუნქციონირებას დიდი ხნის განმავლობაში აფერხებს, შესაძლოა, ამ დროს პროფესიონალთან ვიზიტი კარგი გამოსავალი იყოს.
გასათვალისწინებელია, რომ ფსიქიკური პრობლემების დიაგნოზს არა ნევროლოგი/ნევროპათოლოგი, არამედ ფსიქიატრი სვამს, სწორი სპეციალობის ექიმთან მისვლა კი მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ნევროლოგი ტვინთან, პერიფერიულ ნერვულ სისტემასთან და კუნთებთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის, ფსიქიატრი კი კერძოდ ფსიქიკურ პრობლემებს, რომელთაც ხშირად ფსიქოლოგიური წინაპირობები აქვს, რაშიც ნევროლოგი/ნევროპათოლოგი კომპეტენტური ნაკლებადაა. შესაბამისად, ნევროლოგი და ფსიქიატრი ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებს.
ამასთანავე, შესაძლოა, ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობა სხვა სამედიცინო მდგომარეობას უკავშირდებოდეს ან წააგავდეს. მაგალითად, დეპრესიული სიმპტომები ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან ასოცირდება. შესაბამისად, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასასმელად, როგორც წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად უნდა შეფასდეს. შესაძლოა, საჭირო იყოს სისხლის ანალიზები ან/და ნევროლოგიური ტესტები.
განსხვავებული კულტურისა და წარმომავლობის ადამიანებს შესაძლოა, ფსიქიკური დაავადების გამოვლინებები სხვადასხვაგვარად გამოეხატებოდეთ. მაგალითად, ზოგიერთი უფრო ხშირად ექიმს ფიზიკური ჩივილებით აკითხავს, თუმცა გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ მათ ფსიქიკური საფუძველი ჰქონდა. განსხვავებულია ქვეყნებს შორის დაავადებათა დანახვისა და დიაგნოსტირების გზებიც.
მკურნალობა და თვითდახმარების როლი
მკურნალობის მეთოდები სიმპტომების სერიოზულობაზეა დამოკიდებული. ამ დროს გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად აფერხებს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორია მკურნალობის შესაძლო ვარიანტების შესაძლო სარგებელი და რისკები.
მკურნალობის გეგმას ფსიქიატრი და თავად ინდივიდი ადგენენ ერთად. შესაძლოა, იგი სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს და სხვა საშუალებებს მოიცავდეს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თერაპიისა და მედიკამენტების კომბინაცია ხშირად ყველაზე ეფექტურია.
შესაძლოა, გამოჯანმრთელების პროცესში თვითდახმარებამ და გარშემომყოფების მხარდაჭერამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოჯანმრთელების შემდეგაც სჭირდებათ, რათა მდგომარეობა ხელახლა არ გაუარესდეს. მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება, ფიზიკური აქტივობა და საჭირო რაოდენობით ძილიც, რადგან მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ფიზიკური კეთილდღეობაა.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები