წულუკიანის კულტურა
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ კულტურას თეა წულუკიანი განაგებს. ამ სფეროში მისი მოღვაწეობა შეიძლება რამდენიმე სიტყვით აღვწეროთ: გათავისუფლება, ჩამოლაბორანტება, ცენზურა.
ქართული ოცნების ყველაზე გრძელვადიანი მინისტრი, დეპუტატობის რამდენიმეთვიანი გამოცდილების შემდეგ ისევ მინისტრთა კაბინეტში მოგვევლინა. კულტურის სფეროს ნაწილი ამას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. მათი მოლოდინები გამართლდა და წულუკიანის რამდენიმე გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ტალღაც გაჩნდა.
დავიწყოთ სულ თავიდან — მინისტრად დანიშვნიდან 5 დღეში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კულტურის კოდექსის შექმნა დააანონსა, თუმცა რას გულისხმობდა, რას ზღუდავდა, ვის მიემართებოდა ეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს. მალევე გვამცნო, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს. მოგვიანებით კი ისიც თქვა, რომ სურს, კულტურის კოდექსში ეკლესიასთან ურთიერთობის დარეგულირებას ცალკე თავი დაეთმოს.
ხელოვანების ნაწილმა კრიტიკული აზრის შეზღუდვების მცდელობები თავიდანვე დაინახა, რასაც შემდეგ ნამდვილად მოჰყვა საინტერესო განვითარება.
"არარენტაბელური" შენობა
4 ივლისს კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. მუზეუმში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს შენობასაც, ამიტომ, ბუნებრივია განცხადებას პროტესტი მოჰყვა.
რამდენიმე დღეში წულუკიანი ამტკიცებდა, რომ თავიდანვე შენობის რესტავრაციას გეგმავდნენ. სფეროს სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შენობის დანგრევაზე ცალსახა პოზიცია არ გამოუხატავს, თავიდან ირიბად ამისკენ მიუთითებდნენ, შემდეგ კი გამართლება სცადეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, არაერთხელ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგომარეობა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის მშენებლობამ დაამძიმა.
საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა, გაიმართა საპროტესტო აქციები, სადაც შეკრებილები ითხოვდნენ, მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტი მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირებს შეესრულებინათ. კულტურის მინისტრი ამას ირონიულად უყურებდა, მან აქციებს "ჩაფლავებული" უწოდა და თქვა, რომ მონაწილეებს ჯაჭვის შექმნაში დაეხმარება.
"რეორგანიზაცია" ხელოვნების მუზეუმში
ხელოვნების მუზეუმის შენობიდან ექსპონანტების გატანის იდეას საზოგადოების, სფეროს ექსპერტებისა და მუზეუმის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა.
პასუხის მიღების ნაცვლად, მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს", სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით — 2021 წლის 31 ივლისს ის ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ექსპონატების ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა.
6 თვეში მუზეუმის უკვე ყოფილი მმართველი ლაბორანტის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. როგორც კიკნაძემ თქვა, აღმოჩნდა, რომ ორ კვირაზე მეტია გათავისუფლებულია, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ნახევარი თვის ხელფასი, 165 ლარი ჩაურიცხეს.
ამ შუალედში მუზეუმი დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ დატოვა. მიზეზად ადმინისტრაციული პოლიტიკა, სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომა დაასახელა და თქვა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. იგივე გადაწყვეტილება კიდევ სამმა თანამშრომელმა მიიღო — გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა.
მათი განმარტებით, მუზეუმში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენები მათ პროფესიულ ეთიკასთან წინააღმდეგობაშია და თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება, გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება მიუღებელია.
გასული წლის დეკემბერში ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია ოფიციალურად დაიწყო. 14 იანვარს კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია დასრულდა და მუზეუმთა ჯგუფში საშტატო პოზიციები 175-დან 146-მდე შემცირდა.
21 იანვარს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, საშტატო ცვლილებების შედეგად, 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა. ორგანიზაციის შეფასებით, კულტურის სამინისტრო საკადრო წმენდას განსხვავებული მოსაზრებების გამო ახორციელებს.
ლიტერატურული პრემია ავტორების გარეშე
გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლიტერატურული კონკურსი ლიტერას ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა. ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და წულუკიანამდე ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა.
თავიდან კონკურსის წევრები მინისტრის კულტურის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნის შემდეგ კი კონკურსი 10-ზე მეტმა ხელოვანმა დატოვა. მეტიც, წამოვიდნენ ჟიურის სხვა წევრებიც და სამინისტროს დანიშნული წევრი მარტო დარჩა.
საბოლოოდ, მწერალთა სახლმა ლიტერატურული კონკურსის ჩაშლის შესახებ განაცხადა. თუმცა, ლიტერა მაინც ჩატარდა, ოღონდ სხვა ფორმით და, შესაბამისად, თავისუფალი ლიტერა ეწოდა.
არც წულუკიანი დარჩა ვალში, მან ახალი ლიტერატურული პრემია, "წლის საუკეთესო" დააანონსა. კულტურის მინისტრის განცხადებით, ამ პრემიის დაფუძნების ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი და ნოდარ დუმბაძის შვილი, ქეთევან დუმბაძეა.
დარიანის კრებული
17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა წიგნი, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად ელენე ბაქრაძე (დარიანი) არის მოხსენიებული და ამის შესახებ მათ "აღშფოთებულმა მოქალაქეებმა" მიმართეს. სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და თქვა, რომ ლიტერატურის მუზეუმის დერექტორთან და წიგნის შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან ამ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავდნენ.
ბაქრაძის თქმით, მუზეუმმა უწყებას დარჩენილი წიგნები გადასცა, ამასთან, აღიარეს შეცდომა და ახალი ტირაჟისთვის შეცდომის გასწორების ფურცლის დართვას აპირებდნენ, თუმცა სამინისტროსთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
წიგნზე სოციალურ ქსელში დიდი მოთხოვნა გაჩნდა, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდად მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტროს უნდა დაუბრუნოს და ამდენივე იყო საჭირო ხელახლა დასაბეჭდად. სამინისტროსთვის ფულის დასაბრუნებლად და წიგნის ხელახლა დასაბეჭდად საჭიროზე მეტი თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა.
წულუკიანმა 22 იანვარს თქვა, რომ "სერიოზულ განხილვასთან" დაკავშირებით ყვირილი ნაადრევია. მისივე თქმით, ამ განხილვას შეიძლება მოჰყვეს ან არ მოჰყვეს პასუხისმგებლობა.
"რა თქმა უნდა, როგორც დარიანის, მით უმეტეს, ანა კალანდაძის, რობაქიძისა და სხვა ავტორების წინაშე ლიტერატურის მუზეუმს აქვს ბოდიში მოსახდელი და არა სამინისტროს წინაშე. მაგრამ თავად სიპ-ის უფროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან გვითხრა, რომ არის ავად, მოიმიზეზა კოვიდი, როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ განხილვას", — თქვა წულუკიანმა.
ამაზე ბაქრაძემ კულტურის მინისტრს დაანონსებული სერიოზული განხილვის ჩატარება საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის თანდასწრებით შესთავაზა.
წულუკიანის "კულტურა" მედიასთან
დანიშვნიდან რამდენიმე თვეში კულტურის მინისტრმა მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ბიძინა ივანიშვილის მადლობა გადაუხადა. მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანის მხრიდან მედიის მიმართ დამოკიდებულებაზე ვიცოდით, ამ საქციელმა კულტურის მინისტრის კულტურა სხვა საფეხურზე აიყვანა.
მრავალი მიმართვისა და მოწოდების მუხედავად წულუკიანმა 3 თვეზე დიდხანს დაიტოვა მთავარი არხის მიკროფონი სახლში და მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნა ჟურნალისტს.
სხვისი ქონების უკანონო მისაკუთრების საქმეზე გამოძიება არც კი დაწყებულა. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცოდა რა მოხდა და დაპირება გასცა, რომ "მოიკითხავდა". მანვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი "მისი მეგობარია და ცუდს ვერ იტყვის". საბოლოოდ, 22 ივლისს წართმეული მიკროფონი წულუკიანმა ტელეკომპანიას 29 ოქტომბერს დაუბრუნა.
თუმცა, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია წულუკიანის მოღვაწეობიდან, რომელიც მედიასთან მის ქცევას ასახავს. მას შემდეგ, რაც ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაიცვალა, წულუკიანმა არათუ სოლიდარობა გვაჩვენა, ჩვეული სარკასტული ტონით აქტივისტების ბრალეულობაზე ალაპარაკდა. მისივე აზრით, ლაშქარავას გარდაცვალება კონტრაქციას არ მოჰყოლია.
"თქვენ გინდათ, რომ აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ ძალიან კარგად და ეს ძალიან კარგია, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას და ნუღა აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ახლა სიმშვიდის დროა, უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, რომელიც არის ოპერატორის გარდაცვალება, პოლიტიკური მიზნით", — ამბობდა წულუკიანი ტრაგედიიდან მეორე დღეს.
ე.წ უცნობის გადაცემაში კი 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე საუბრისას, რომლის როდესაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელს უშლიდნენ მუშაობაში, დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი და სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა, წულუკიანმა თქვა, რომ "საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა".
მას შემდეგ წულუკიანმა ჟურნალისტებს "აღვირახსნილებიც" უწოდა და კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ბრიფინგზეც არ შეუშვა. მაგალითად, 8 დეკემბერს, როდესაც TV პირველის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს წულუკიანის ბრიფინგზე, სამინისტროს თანამშორომელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ჰქონდათ სია, სადაც განსაზღვრული იყო რომელი მედია დაესწრებოდა ბრიფინგს.
ჟურნალისტებთან ქცევის რამდენიმე მაგალითის გახსენებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, რამდენად ცინიკურია მინისტრი მედიასთან.
- აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? — წულუკიანი მეტრეველს
- ემა, თავიც არ დაკარგო, გაწიე თავი — წულუკიანი
- თქვენ და თქვენმა ბელადმა განიცადეთ კრახი, ამიტომ ემას შეუძლია წაიღოს ეს მიკროფონი — წულუკიანი
- ნუ ნერვიულობთ, ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით — წულუკიანი ჟურნალისტს
მინისტრი არც ცდილობს დამალოს, რომ ცინიკურია, მეტიც 2021 წლის აპრილში ამბობდა, რომ "ცხოვრება ამის გარეშე ძალიან ძნელია". იქვე იმედს გამოთქვამდა, რომ მისი "ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს".
თუმცა, მხოლოდ "ხუმრობით" არ იფარგლება და ხშირად ცდილობს, ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენოს.
- "უღირსი ტელევიზია ხართ" — წულუკიანი ჟურნალისტს
- თქვენ ხართ აღვირახსნილები — წულუკიანი TV პირველის ჟურნალისტს
- ვაიმე, რა მკაცრი ხარ?... უნიჭოდ მბაძავთ — წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს
წულუკიანის ფავორიტები
მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, რეჟისორმა, რობერტ სტურუამ ეს განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა, როდესაც უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს.
ამაზე წულუკიანმა თქვა, რომ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის გათავისუფლება არ იგეგმება და მას ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი ჰყავს. კულტურის მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას, "შეწყვიტონ რეჟისორზე თავდასხმები".
გასული წლის დეკემბერში მან დააანონსა, რომ იანვარში 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდიოდა ვადა და აპირებდა გამოეყენებინა დისკრეციული უფლებამოსილება, რომ რამდენიმე თეატრში თავად დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი. ასეც მოხდა და რეჟისორების გათავისუფლება-ჩანაცვლება დაიწყო.
დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა. როგორც ჩხვიმიანის ინტერესების დამცველმა განაცხადა, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით კი წულუკიანმა კონკურსი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა და ხელმძღვანელად იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში.
კულტურის მოთვინიერების მცდელობა
14 მარტს კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ მიზეზად აუდიტის დასკვნა დაასახელეს, რომლის მიხედვითაც ფინანსური რესურსის "კანონმდებლობათან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები" გამოვლინდა. მალევე ჩხეიძემ სასამართლო დავა დაიწყო.
კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა თქვა, რომ წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდედ მასთან ურთიერთობა თავიდანვე რთულად აეწყო. ჩხეიძის თქმით, წულუკიანი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სახელმწიფომ ფული დახარჯა სალომე ჯაშის ფილმის დაფინანსებაზე, ვინაიდან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მესიჯი, რომელსაც ფილმი ავრცელებს. ფილმი ზღვაში მოსეირნე ხეებზე მოგვითხრობს.
დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ხე ზღვაში არათუ მეტაფორა, რეალურად მომხდარი ფაქტია. ყველას ახსოვს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერმინისტრის გატაცება ხეებით და მათი ტრანსპორტირების უცნაური მეთოდები. სწორედ ამაზეა ჯაშის ფილმი, რომელიც კინოაკადემიის ახალმა დირექტორმა დაიწუნა.
ქართულ პოლიტიკურ გარემოსთან შესაძლო პარალელების გამო აპრილში კინოაკადემიამ მოთვინიერების სეანსები გააუქმა. როგორც რეჟისორმა განაცხადა, დირექტორმა მიზეზად ის დაასახელა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".
კინოაკადემიის გადაწყვეტილებას ჯაშის ფილმის სეანსების გაუქმების თაობაზე კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე გაემიჯნა და თქვა, რომ თუ სეანსების გაუქმება სამდივნოს გადაწყვეტილებაა უარს აცხადებს კინოაკადემიის წევრობაზე.
ფილმს ალტერნატიულ სივრცეებში აჩვენებენ. თუმცა, კინო სახლში მოთვინიერება მაინც გავიდა. ასე გამოხატეს პროტესტი ცენზურის მიმართ სინექსპრესის თანამშრომლებმა.
"კულტურული სივრცეების "მოთვინიერების" თითოეული მცდელობა პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მხრიდან, მკვდარი ქმედებაა, რომელსაც ყველა ფორმით უნდა დავუპირისპირდეთ, რათა ჩანასახშივე ჩაიხშოს, რომ უფრო უარესი რეალობის წინაშე არ მოგვიწიოს ყოფნა.
ჩვენი დღევანდელი ქმედება, ერთგვარი პოლიტიკური აქტი, რომელიც დღეს კინოს სახლში დაბლოკილი ფილმის ჩვენებას გულისხმობს და რაც დამოუკიდებლად, მხოლოდ ჩვენ მიერ იქნა ორგანიზებული, გარდა იმისა, რომ გამოხატვის ფორმითვე უპირისპირდება ცენზურას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, ერთგვარი გზავნილიცაა ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი სუბიექტებისადმი: როგორც არ უნდა ცადოთ და შეზღუდოთ გამოხატვის თუ ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება, ჩვენ მაინც ვიპოვით გამოსავალს იმის გამოსახატად და სათქმელად, რასაც ვფიქრობთ", — განაცხადეს მათ.
აღსანიშნია ისიც, რომ ახალმა დირექტორმა კინოცენტრის კონკურსის ჟიური სრულად შეცვალა. ჟიურის ახალ შემადგენლობაში გვხვდებიან ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები, მაგალითად, გოგა ხაინდრავა და ბაჩო ოდიშარია.
არის კულტურის პოლიტიკა რეპრესიული?
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ეკა კიკნაძე ამბობს, რომ წულუკიანის კულტურის პოლიტიკა სასტიკად რეპრესიულია. აღნიშნავს, რომ აკადემიურ თავისუფლებაზე თავდასხმა, რომელიც ისეთივე მონაპოვარია, როგორიც სიტყვის თავისუფლება, რეპრესიაზე მიანიშნებს და გასაკვირია, რომ 2022 წელს დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა ამას უშვებს.
მისივე თქმით, მესამე "ძალიან საშიში ტენდენცია" არის წულუკიანის სურვილი, შეზღუდოს აკადემიური თავისუფლება.
"ამისთვის შეიტანა სპეციალური შესწორება დებულებაში ეროვნული მუზეუმის, რომ მან პირადად გააკონტროლოს სამეცნიერო კვლევები და თავისი პირადი სურვილით მისცეს ან არ მისცეს უფლება რომელიმე კონკრეტულ მეცნიერს სამეცნიერო კვლევების წარმოებისა", — ამბობს ის.
მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გვიყვება, რომ წულუკიანმა ჯერ კიდევ პარლამენტის წევრის რანგში დააფიქსირა აზრი, რომ ხელოვნების მუზეუმის საკითხს ხელს მოჰკიდებდა და ეროვნული მუზეუმი, როგორც ინსტიტუცია, მისთვის მიუღებელი იყო.
"მას რომ დესტრუქციული მინისტრობა ექნებოდა, ჩემთვის თავიდანვე იყო ნათელი. ადამიანი, რომელიც ჯერ არ დანიშნულა თანამდებობაზე, უკვე მოვიდა იმ მიზნითა და პოზიციით, რომ ამ ქვეყნნის ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უნდა დაეშალა. ეს იყო მისი გაცხადებული მიზანი ჯერ კიდევ მინისტრად დანიშვნამდე.
როდესაც მინისტრი მოდის სფეროში და მისი სურვილია ამ სფეროს ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის დაშლა, ეს უკვე აჩვენებს ძალიან ღიად, რომ მინისტრი მოდის დესტრუქციისთვის, განვითარების ხელშეშლისთვის და მისი მიზანი არია არა მოდერნიზაცია, არამედ ნაფტალინიზაცია. ეს იყო ქალბატონი წულუკიანის ხედვა თავიდანვე და ამ ხედვას ის თანმიმდევრულად ახორციელებს", — აღნიშნავს კიკნაძე.
ხელოვნებათმცოდნე დავით ნიორაძე ამბობს, რომ ის ნაბიჯები, რამაც სფეროს პროტესტი გამოიწვია, რეალურად დამაზიანებელია და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ჯერზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული 13 პროექტი შეაჩერა. ნიორაძე აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მეცნიერებისთვის დიდი დარტყმაა.
"სამეცნიერო საქმის გარეშე სახელმწიფო არ გქვია, როდესაც ამ გზას გადაუკეტავ ადამიანებს, ფაქტობრივად ჩვენ გვიწევს, ჩვენი პროფესიის დაცვა და იმის ახსნა ოცდამეერთე საუკუნეში, რომ მეცნიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ეს ძალიან სამწუხაროა", — ამბობს ხელოვნებათმცოდნე.
ნიორაძე გამოსავალს სფეროს ერთად დგომაში ხედავს. მისი აზრით, ამ ქმედებებზე მათ პასუხი ერთიანად უნდა გაეცეთ.
ამ ყველაფერთან ერთად წულუკიანის უწყება მისი ბრძანებით მკვლევართა საარქივო ფონდებზე წვდომას კიდევ უფრო ზღუდავს, ანუ კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება, რაზეც სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.
თეა წულუკიანმა თავადაც იცის, რომ მისი სახელი გარკვეულწილად ცენზურასთანაა დაკავშირებული და ბერიას ეძახიან. ამაზე კულტურის მინისტრის პასუხი შემდეგია:
მისი აზრით, თუ არ იარსებებს სისტემა, საიმინსტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით და თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხელს ვერ შეუწყობენ.
შესაძლოა, მინისტრი არ აღიარებდეს, რომ მისი ქმედებები ცენზურად აღიქმება, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნების სფეროში პროტესტის მუხტი ბოლო ერთი წელია გაძლიერდა და სწორედ წულუკიანის გადაწყვეტილებების შედეგად წარმოიშვა.
კომენტარები