შესაძლოა, Facebook და Instagram ევროკავშირში ვეღარ გამოიყენონ — რა ხდება
Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta აცხადებს, რომ ევროპაში ამ ორი სოციალური ქსელის გათიშვას განიხილავს. სოციალური მედიის გიგანტმა ამ გაფრთხილების შესახებ საკუთარი წლიური ანგარიშის საშუალებით გვამცნო.
ცნობილია, რომ ევროკავშირის რეგულატორები ახალ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც ევროკავშირსა და აშშ-ის შორის მონაცემების მიმოცვლის ახალი სტანდარტი უნდა დაწესდეს. კანონპროექტი ევროპის მაცხოვრებელთა ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
სიახლე ნამდვილად არ არის, რომ Meta-ს ბიზნესმოდელი სწორედ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებას მოიცავს. სწორედ ამ მიდგომის წინააღმდეგაა მიმართული ევროკავშირის ინიციატივა. მისი დახმარებით უნდა განისაზღვროს ის ახალი წესები, რომელთა გათვალისწინებითაც მონაცემები ატლანტის ოკეანის გადაღმა, აშშ-ში აღმოჩნდება.
Meta-ს თქმით: "თუ მონაცემთა ტრანსატლანტიკური გადაცემის ახალი ჩარჩო არ იქნება მიღებული და ჩვენ ვერ შევძლებთ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებზე დაყრდნობას, ან ევროპიდან შეერთებულ შტატებში მონაცემთა გადაცემის ალტერნატიული საშუალებების მოძიებას, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ევროპას შევთავაზოთ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები და სერვისები, მათ შორის Facebook და Instagram".
კომპანიამ დასძინა, რომ ეს შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ ბიზნესზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და საბოლოოდ, ოპერაციებზე.
"Meta-ს არ შეუძლია დააშანტაჟოს ევროკავშირი მონაცემთა დაცვის სტანდარტების მიღების გამო. ევროკავშირის დატოვება მათი დანაკარგი იქნება", — დატვიტა აქსელ ვოსმა, ევროკავშირის კანონმდებელმა.
CNBC-თან საუბრისას, Meta-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებული გეგმები ან სურვილები. თუმცა აღნიშნა: "მარტივი რეალობაა, რომ გლობალური სერვისების უზრუნველსაყოფად Meta, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი, ეყრდნობა ევროკავშირსა და აშშ-ის შორის მონაცემთა მიმოცვლას".
2020 წლის აგვისტოში, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ ფეისბუქს წინასწარი მოთხოვნა გაუგზავნა, იმისათვის რომ ევროკავშირსა და აშშ-ის შორის მომხმარებლების მონაცემთა ტრანსფერი შეეჩერებინა. აღნიშნულის შესახებ მაშინ The Wall Street Journal წერდა. 2022 წლისთვის ირლანდიამ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
2020 წლის ივლისში კი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მონაცემთა გადაცემის არსებული სტანდარტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ადეკვატურად არ იცავს ევროპელი მოქალაქეების კონფიდენციალურობას. შესაბამისად, ახალ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. რომელზეც, როგორც ჩანს, სოციალური ქსელის მომავალია დამოკიდებული.
კომენტარები