სატელიტური მონაცემებით, მეთანის ემისიით თურქმენეთი, რუსეთი და აშშ ლიდერობს
სატელიტური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიასთან დაკავშირებული მეთანის ემისიის დაახლოებით მეათედი, ძირითადად, თურქმენეთში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე დაწესებულებებიდან მოდის.
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განლაგებული მილსადენებიდან გაჟონილი მეთანი მეცნიერებმა ხელოვნურ თანამგზავრ Sentinel-5-ზე დამონტაჟებული ხელსაწყოს TROPOMI მეშვეეობით დააფიქსირეს. ალგორითმმა კი მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობის მავნე აირის წყაროები გამოავლინა.
აღმოჩნდა, რომ ასეთი ადგილებიდან ატმოსფეროში საათში 25 ტონაზე მეტი CH4 გამოიყოფა. ეს კი მისი წლიური გლობალური ემისიის შემადგენელ 8 მილიონ ტონას უდრის.
ზემოხსენებული ქვეყნებიდან ჰაერის ამგვარი დაბინძურების მხრივ პირველ ადგილზე თურქმენეთია, რომელმაც 2019-დან 2020 წლამდე პერიოდში 1 მილიონი ტონა მეთანი გამოათავისუფლა. მეორე რუსეთი გახლავთ, რომელსაც აშშ, ირანი, ალჟირი და ყაზახეთი მოჰყვება.
უნდა ითქვას, რომ ქვეყნების მაჩვენებლებს შორის სერიოზული სხვაობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედების აცილება შესაძლებელია. ამისთვის მილების შეკეთებისას მსგავსი აირები ღია სივრცეში კი არ უნდა გავუშვათ, არამედ დროებით სხვაგან გადავტუმბოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილებების შეტანა სახელმწიფოებს ძვირი სულაც არ დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს დედამიწის ორბიტაზე ახალი სატელიტის გაშვება იგეგმება, რომელიც ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევაში დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები