გენეტიკური მუტაცია, რომელიც ჩიხუახუას მცირე ზომას განაპირობებს, უძველეს მგლებშიც გვხვდებოდა
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძაღლის პატარა ჯიშების, მაგალითად, ჩიხუახუასა და პომერანული შპიცის ზომა მთლიანად ადამიანთა მანიპულაციის დამსახურება იყო. თუმცა, ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ამაზე პასუხისმგებელი გენეტიკური მუტაცია ჯერ კიდევ უძველეს მგლებში გვხვდებოდა.
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სხეულის განსხვავებულ სიდიდეს ესა თუ ის გენი განაპირობებს, მათ შორის ვარიაციების 15 პროცენტს ინსულინური ზრდის ფაქტორი 1 (IGF1) იწვევს.
ძაღლისებრთა ცხოველების 13 სახეობის 1 431 სეკვენირებული გენომის ანალიზის შედეგად, სპეციალისტებმა IGF1-ის 2 ვარიანტი, ანუ ალელი გამოავლინეს, რომელიც სხვადასხვა ზომას შეესაბამება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ჭარბობს ჯიშებში, რომელთა წარმომადგენლებიც 15 კილოგრამზე ნაკლებს იწონიან, ხოლო მეორე — 25 კილოგრამზე მეტი წონის მქონეში.
პირობითად მათ "დიდი" და "პატარა" ალელი შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი პლეისტოცენის ეპოქის მგლებშიც არსებობდა, რომლებიც დედამიწაზე 53 000 წლის წინ ბინადრობდნენ. თუმცა, ისინი ჰეტეროზიგოტულები იყვნენ, ანუ გენის ორივე ვარიანტს შეიცავდნენ. შესაბამისად, მეცნიერებს დამატებითი კვლევით უნდა გაეგოთ, რომელი გაჩნდა პირველად.
ამისთვის მათ კიდევ 24 სახეობა შეისწავლეს (კოიოტები, ტურები, მელიები...) და დაასკვნეს, რომ უმრავლესობა 2 ცალ "პატარა" ალელს ფლობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისაა პირველადი და მემკვიდრეობითი. ამის მიუხედავად, მან "მიიძინა", მეორე ალელმა კი ბუნებრივი გადარჩევის პარალელურად უპირატესობა მოიპოვა, რადგან ადრეულ პერიოდში, ცივ კლიმატში გადარჩენას დიდი სხეულის მქონე ცხოველები უფრო ახერხებდნენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები