რა უპასუხა NATO-მ და აშშ-მ პუტინის მოთხოვნებს — დეტალები
26 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ კრემლის მოთხოვნებისა და უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთს წერილობითი დოკუმენტი გაუგზავნეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წერილის შინაარსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, მათ დეტალები არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრეს.
პასუხის მიღების შემდეგ კრემლში ამბობენ, რომ ოპტიმისტურად განწყობილი არ არიან, მაგრამ დასკვნის გამოტანას არ ჩქარობენ.
რას ამბობს NATO
სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე სამი ძირითადი სფერო გამოყო, სადაც ისინი პროგრესის შესაძლებლობას ხედავენ — პირველ რიგში, ეს ეხება NATO-რუსეთის ურთიერთობას. დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა ართულებს დიალოგს, შესაბამისად, NATO მიიჩნევს, რომ მათ უნდა აღადგინონ ოფისები მოსკოვსა და ბრიუსელში.
მეორე მნიშვნელოვან საკითხად სტოლტენბერგი ასახელებს უსაფრთხოებას ევროპაში, განსაკუთრებით უკრაინაში. მისი თქმით, რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებებისგან.
მესამე საკითხი, რომელზეც სტოლტენბერგი საუბრობს, არის რისკის შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. როგორც ის ამბობს, ამ საკითხებზე ჩართულობამ შეიძლება უზრუნველყოს რეალური უსაფრთხოება ყველასთვის.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთს სთავაზობს ორმხრივ მოლაპარაკებებს წვრთნებისა და ბირთვული პოლიტიკის შესახებ NATO-რუსეთის საბჭოში.
"უნდა გავიაროთ კონსულტაციები ჰაერში და ზღვაში ინციდენტების თავიდან აცილების გზებზე და ხელახლა მივიღოთ ვალდებულება ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებაზე", — ამბობს სტოლტენბერგი.
ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საჭიროა სერიოზული საუბარი შეიარაღების კონტროლზეც. მისი თქმით, ეს საკითხები დღეს მნიშვნელოვან დიალოგს საჭიროებს, ამიტომ მან პარტნიორები და რუსეთი შეხვედრაზე მიიწვია, რათა უფრო დეტალურად განიხილონ ყველა ეს საკითხი NATO-რუსეთის საბჭოში.
იენს სტოლტენბერგის თქმით, აგრძელებენ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასა და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსა და ევროკავშირთან.
რას ამბობს აშშ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ წერილში ახსნილია დიპლომატიური გზა და მოიცავს მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის საფრთხისშემცველი ქმედებების გამო. მისი თქმით, დოკუმენტში განხილულია ის საკითხები, რომლებზეც შესაძლოა საერთო ენის პოვნა რუსეთთან.
პრესკონფერენციაზე ბლინკენმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, არჩევანის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ის ამბობს, რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხი ასახავს იმ პოზიციას, რაც მან აქამდე არაერთხელ, ჟენევაში, კიევსა და ბერლინში დააფიქსირა. ამასთანავე, წერილი კოორდინირებულია უკრაინასთან.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ ახსნა, თუ რა შედეგები მოჰყვება აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რუსეთის ქმედებებს. ბლინკენის თქმით, იმედოვნებენ, რომ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო ძალების გამოყენება არ მოუწევთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში უკან არ დაიხევენ. მისივე განცხადებით, გრძელდება კოორდინაცია ევროპელ მოკავშირეებთან მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე.
"ვაპირებთ ექსპორტზე კონტროლის დაწესებასაც. რუსეთს უარს ვეტყვით იმ პროდუქციაზე, რომელიც მას სჭირდება საკუთარი სტრატეგიული ამბიციებისთვის. ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება", — ამბობს ბლინკენი.
აშშ წერილს არ ასაჯაროებს. ბლინკენის თქმით, მიაჩნიათ, რომ დიპლომატია წარმატებული იქნება, თუ დარჩება სივრცე კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის და იმედოვნებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთსაც მსგავსი პოზიცია ექნება და საქმეს სერიოზულად მოეკიდება.
რას ამბობს რუსეთი
რუსეთი NATO-სა და აშშ-სგან ითხოვდა უარი ეთქვათ გაფართოებაზე, მათ შორის, დაეკონკრეტებინათ უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანება NATO-ში. ამავდროულად, მოთხოვნებს შორის იყო, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უარი ეთქვათ ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
პასუხის მიღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა შეფასებებისგან თავი შეიკავა, თუმცა ამტკიცებდა, რომ NATO-მ და აშშ-მ უარყვეს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევდა, ამიტომ კრემლი ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სივრცე კომპრომისისთვის, პესკოვმა არ უპასუხა.
"გუშინდელი განცხადებებიდან ძალიან ცხადი ხდება, რომ ძირითადი კატეგორიების კუთხით, რომელიც ჩვენ გადავეცით კოლეგებს, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსაზრებები მხედველობაში მიიღეს ან განიხილეს გარკვეული მზადყოფნა, გაეთვალისწინებინათ ჩვენი შეშფოთება", — განაცხადა პესკოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ NATO-მ და აშშ-მ მათგან ითხოვა, არ გაესაჯაროებინათ დოკუმენტის შინაარსი, მაგრამ თავად სტოლტენბერგმა და ბლინკენმა დეტალებზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტმა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დასავლეთის დაანონსებული "ჯოჯოხეთური" სანქციების არ ეშინიათ. მისი თქმით, სანქციები რუსეთისთვის პერმანენტული საკითხია.
გაიგე მეტი:
კომენტარები