Cluttercore: ანტიმინიმალისტური ტრენდი, რომელიც უწესრიგობას ზეიმობს
შეუხამებელი ნივთებით გადავსებული, მაქსიმალისტური ინტერიერები სულ უფრო იჭრება ჩვენს საცხოვრებელ სივრცეებში. სახლში შემოქმედებითი ქაოსის ტრენდის ზრდასა და იმის მიზეზებს, თუ რატომ გვაგრძნობინებს ის თავს დაცულად და უსაფრთხოდ, BBC-ის ჟურნალისტი, ბელ ჯეიკობსი განიხილავს.
"ყოველთვის მიტაცებდა ყველანაირი ტიპის ნივთი: სათამაშოები, ილუსტრირებული წიგნები, ღია ბარათები, ფაიფური", — აღნიშნავს ესპანელი ხელოვანი ხუანხო ფუენტესი, როცა BBC-ის მალაგას ისტორიულ ცენტრში მდებარე თავის ფანტასტიკურ სახლზე უყვება. მისი სახლის თითქმის ყოველი კუთხე დაფარულია პატარა, უცნაური ნივთებით, რაც იქაურობას მხიარულ ელფერს სძენს. "ამ ყველაფერს ძველმანების მაღაზიებიდან ვაგროვებ, თანაც ოჯახურ ნივთებსაც ყოველთვის ვინახავდი. იღბლიანი ვარ, რადგან მეგობრები ხშირად მაძლევენ ნივთებს, რომლებიც მათ ნათესავებს ეკუთვნოდათ — ისინი ჩემზე გაცილებით მინიმალისტები არიან", — სიცილით გვიყვება ის.
ოთახებში ყველაფრის ამაღელვებელი სიუხვეა: სინათლე და ორნამენტები თვალსაც სიამოვნებს და გონებასაც შთაგონებით ავსებს. ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც მეგობარი მხატვრები ფუენტესს თავის ნამუშევრებში უცვლიან, ყველა კედელს ფარავს. არ არის გასაკვირი, რომ როცა CCCB — დაწესებულება ბარსელონაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენებს კურირებს — შემოქმედებითი პროცესის ილუსტრირებისათვის ხელოვანებს ეძებდა, სწორედ ფუენტესი აირჩია და ის ბრიტანელ ფოტოგრაფ მარტინ პართან დააწყვილა: "ორივეს კოლექციები კომპულსიური შეგროვების შთამბეჭდავი შედეგია". ეს 2012 წელს მოხდა. ახლა, ათი წლის შემდეგ, ფუენტესის მშვენიერი ეკლექტიზმი კიდევ უფრო რელევანტური ჩანს.
ის არ არის ერთადერთი, ვისაც ეკლექტურობა და არეულობა ხიბლავს. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს მედია ცოტა ხნის წინ ბორის ჯონსონისა და მისი პარტნიორის, ქერი საიმონდსის ბინის მორთულობის ამბავმა მოიცვა. The Guardian-მა საიმონდსის მიერ შერჩეული დიზაინერის, ლულუ ლაიტლის სტილი შემდეგნაირად აღწერა: "ესაა ცოტა რაჯი, ცოტა ბოჰო, ცოტაც სასტუმრო ოთახი გვირგვინის გადასაღები მოედნიდან". თუმცა, მაქსიმალისტთა უმეტესობისათვის ეს ესთეტიკა ნაკლებად სპეციფიკურია.
პანდემიამ სამყაროსთან დაკავშირების გზები და საზოგადოების არსის აღქმა შეგვიცვალა; მან კომფორტული სამოსის, ბუნებაში ყოფნის და სახლის მყუდროდ მოწყობის სიყვარული გაგვიღვიძა. თუ აქამდე სახლში მცირე ხანს ვატარებდით, ახლა იქაურობა მულტიფუნქციური და დატვირთული გახდა: ის იქცა საბავშვო ბაღად და ოფისად, ბრძოლის ველად და თავშესაფრად. ამიტომ ზოგმა გადაწყვიტა, თავისი ძველი ნივთები მეორეული მაღაზიებისათვის ჩაებარებინა, დანარჩენებმა კი პირიქით — ძველ საყვარელ ნივთებში იპოვეს მყუდროება.
"ხალხს განსაკუთრებით ახლა მოსწონს თავის ნივთებით გარემოცვის მეთოდი", — ამბობს ჯენიფერ ჰოვარდი, წიგნის, არეულობა: მოუწესრიგებელი ისტორია, ავტორი, — "ჩვენ გვინდა, რომ უსაფრთხოდ, კომფორტულად ვიყოთ; გვინდა, თავი დაცულად ვიგრძნოთ; გვინდა, იზრუნონ ჩვენზე — ნივთებს კი შეუძლიათ, ჩვენი სახლები თავშესაფრებად აქციონ". სოციალურ მედიაში ახალი მიმდინარეობა, #cluttercore გაჩნდა. ამ ჰეშტეგს 13 მილიონზე მეტი ნახვა აქვს TikTok-ზე და 7 ათასზე მეტი მონიშვნა ინსტაგრამზე. როგორც იქნა, მას შემდეგ, რაც დეკადების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, გადაგვეყარა ჩვენი უსარგებლო ნივთები, გამოჩნდა ტრენდი, რომელიც უწესრიგობას ზეიმობს, თავდაჭერილობას ებრძვის და მაქსიმალიზმს განადიდებს.
არა, ჩვენ სიტყვაში, "უწესრიგობა", ერთი კვირის გაურეცხავ ყავის ჭიქებსა და გადაუყრელ პიცის ყუთებს არ ვგულისხმობთ. მხატვარი ფრენსის ბეკონის სტუდიაც, რომელიც საომარ ველს ჰგავს, ბოლომდე ვერ გამოხატავს ამ ცნების მნიშვნელობას. უწესრიგობის ესთეტიკა ხასხასა ფერებისა და ტექსტურების, ორნამენტებისა და პრინტების აფეთქებაა. "უწესრიგობა ჩემთვის რაღაც ქაოსურის მომასწავებელია. არეულობის ასე გამიზნულად მიღწევის მცდელობის ხილვა მომნუსხველია", — გვიყვება ჰოვარდი, — "ეს უფრო შემოქმედებითი ქაოსია".
"უწესრიგობის" აღმნიშვნელი ინგლისური სიტყვის, clutter-ის ოქსფორდის ლექსიკონისეული განმარტება ("ნივთების ერთობლიობა, რომელიც არეულადაა მიმოყრილი") ინტერიერის სფეროში არსებული ამ ფენომენის აღწერისას შეუფერებელია. ეს ესთეტიკა ოთახების ხარახურით შევსებას არ გულისხმობს, არამედ — იმის შეყვარებას, რასაც უკვე ფლობ. ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროში უწესრიგობის სტილი ადამიანებს ეხმარება, სტაბილურობა იმ მშვენიერი ნივთებით შეინარჩუნონ, რომლებიც მათთვის ხშირად მეტად უსაფრთხო წარსულთან ასოცირდება. "სიუხვეში არის რაღაც მიმზიდველი ახლა, როცა ჩვენი ცხოვრება დავიწროებული და შეზღუდულია", — განმარტავს ჰოვარდი.
ხალისიანი შეუხამებლობა
ფუენტესის სახლი სწორედ ის არის, რასაც ამ ტერმინში მოვიაზრებთ: ხალისიანი შეუხამებლობა, სადაც ყოველ ნივთს საკუთარი ადგილი აქვს. საინტერიერო ჟურნალის, Modern House-ის გასული შემოდგომის ნომერში ბრენდის, Ally Capellino-ს აქსესუარების დიზაინერმა ელისონ ლოიდმა მკითხველს თავისი სახლის "ორგანიზებული უწესრიგობა" გააცნო. აქ ყველაფერია: მოხატული კვერცხები, ნაპოვნი ნივთები თუ ბუხრის თავზე ჩამოკიდებული ხის ტოტი. ჟურნალ World of Interiors-ის გაზაფხულის ნომერში კი შეგვიძლია დავათვალიეროთ ბრიტანელი დიზაინერის, მეთიუ უილიამსონის ბალეარის კუნძულების აგარაკი, რომელიც "მხიარული მაქსიმალიზმის" გამოხატულებაა. ის ცხოვრების ყველა ასპექტში სვამს შემდეგ კითხვას: "შემიძლია, ბედნიერების ფაქტორი გავზარდო?"
სადიზაინერო გალერეა, The Apartment, რომელიც თინა სეიდენფადენ ბუსკმა კოპენჰაგენის მე-18 საუკუნის შენობაში გახსნა, joie-de-vivre-ს, ანუ ცხოვრების სიხარულის ვიზუალურ გამოსახულებას გვთავაზობს. "შეუხამებელი, სიყვარულით გაცვეთილი ესთეტიკის ერთ-ერთი პიონერი", ბუსკი Sotheby's-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ახლა ხელოვნების კონსულტანტი გახლავთ. მისი გალერეის დიზაინი ჰგავს საცხოვრებელ ბინა, რომელიც მუდმივად იცვლება და რომლიდანაც ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ, რასაც კი თვალს მოკრავთ: ნახატებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული. აქ ერთმანეთს არაფერი "უხდება", მაგრამ მაინც ყველაფერი საოცრად სასურველად გამოიყურება.
აქ ვინტაჟური საგამოფენო პოსტერები დანიელი დიზაინერის, კაარე კლინტის ყავის მაგიდაზეა მიმოფანტული, მათ თავზე მურანოს მინის ჭაღები კიდია, მათ ქვეშ კი მეთევზის მიერ მოქსოვილი და ბუსკის მიერ მოგზაურობისას აღმოჩენილი იტალიური მანილას თოკის ხალიჩა აფენია. "თუ არ მომწონს, არ ვყიდულობ", — ამბობს ბუსკი, — "როცა ჩემს სახლს ვუყურებ, ვხედავ, რამდენი რამაა სხვადასხვა ქვეყნიდან და საუკუნიდან, მაგრამ როგორღაც ყველაფერი ერთდება, ანუ მათ შორის რაღაც კავშირია. პანდემიამ გაგვახსენა, რომ სახლი ის ადგილია, სადაც ირგვლივ საყვარელი ნივთები უნდა გქონდეს და არა ისინი, რომლებსაც, უბრალოდ, ეგუები".
სოციალური მედია ამგვარი ესთეტიკის შთაგონების წყაროა. მაგალითად ავიღოთ @1920craftsman-ის ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლი, რომლის ხის იატაკი ვინტაჟური მინითა და მცენარეებითაა გახალისებული; შუა საუკუნეების მუქი სტაფილოსფერი სავარძლები Marketplace-ზეა ნაპოვნი, მინის ლამპები კი — ძველმანების მაღაზიაში. "ვთვლი, რომ ამ ნივთებს ამბის მოყოლა შეუძლიათ, სახლის ისტორიას ინახავენ. ისინი ჩვენი ანარეკლები არიან".
ბედნიერება, ენერგიულობა, კომპლექსურობა და ამბის გადმოცემა: ეს ყველაფერი დიდად განსხვავდება ორკესტრირებული მინიმალიზმისგან, რომელიც სოციალურ მედიაში დომინირებდა. ორგანიზების გურუ, მარი კონდო ამ ესთეტიკის ყველაზე გულმხურვალე მიმდევარია. ის არწმუნებს რიგით და ცნობილ ადამიანებს, რომ სახლებიდან ის ნივთები მოიშორონ, რომლებიც სიხარულს არ იწვევენ. მის მემკვიდრეობას აგრძელებს არაერთი ბლოგი თუ სატელევიზიო შოუ, რომელთაგან ერთ-ერთი ეკუთვნის ხელოვანთა დუოს, The Minimalists. ისინი, ამასთან, წიგნის, შეიყვარე ადამიანები, გამოიყენე ნივთები: რადგან პირიქით არასდროს მუშაობს, ავტორებიც არიან.
ამ ტრენდის მონოპოლია სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა — სხვა თუ არაფერი, სახლის უზადოდ სუფთად შენარჩუნებას ხომ დიდი შრომა სჭირდება. "კერძო სახლების ერთმა ორგანიზატორმა ჩემთან ინტერვიუს ჩაწერისას აღნიშნა, ბევრმა მისმა კლიენტმა, რომლებსაც მინიმალიზმისკენ მიუწევთ გული, როგორ აღმოაჩინა, რომ ასე ცხოვრება, უბრალოდ, არ შეუძლია", — იხსნებს ჰოვარდი, — "ჩვენი გარემო არ გამოირჩევა ისეთი ზედაპირების სიმრავლით, რომლებზეც არაფერი აწყვია. უწესრიგობის ესთეტიკის მოყვარულები კი აღიარებენ, რომ ბევრი ნივთი აქვთ, მაგრამ ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ, ეს საგნები ისე განალაგონ, რომ მათგან სიამოვნება მიიღონ. ეს ხედვა, რომელიც მინიმალიზმის ჰეგემონიას უპირისპირდება, ჩემთვის სრულად გასაგებია".
ხანდახან სჯობს, თუ არ დაუჯერებთ ჟურნალებს. უწესრიგობის სტილი რიგით ადამიანებს ხელოვნების კურატორებად აქცევს. ნამდვილი შთაგონება სჭირდება იმის დადგენას, თუ რა სად უნდა დაიდოს და რას ამბობს ერთი ნივთი მეორის შესახებ. ამასთანავე, ნივთების თავიდან მოშორების უკან სხვა რამეც შეიძლება იმალებოდეს. "სხვადასხვა თეორია მაქვს, რომელთა მიხედვით, ადამიანები ნივთების გადაყრას და ორგანიზებას ცხოვრების ისეთი სერიოზული საფრთხეებისგან ყურადღების გადასატანად იყენებენ, როგორიცაა მომაკვდავი პლანეტა, ფლორისა და ფაუნის გადაშენება, პანდემია და მუდმივი შფოთვა", — ამბობს ჰოვარდი.
მაქსიმალიზმს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა ყოველწლიურად ტონობით ნივთს იშორებს თავიდან. ასეთ დროს ხშირად არასასურველ ნივთებს ღარიბ ქვეყნებში მოისვრიან, სადაც საჭირო ინფრასტრუქტურა არ აქვთ, რომ მათგან სწორი გზით გათავისუფლდნენ, რის შედეგადაც ლანდშაფტები ნადგურდება. ამ კონტექსტში უწესრიგობის ესთეტიკა იმ საფრთხეების ნაწილის შემსუბუქებასაც კი ემსახურება, რომლებიც ჰოვარდმა ზევით ჩამოთვალა.
წიგნის, მოვლილი ტანსაცმელი დიდხანს ძლებს, ავტორი, ურსულა დე კასტრო წერს: "როგორც თვითაღიარებული სამოსის შემნახველი, მე ნივთების თავიდან მოშორების დიდი მოყვარული არ ვარ". მარი კონდოს ანტიპოდად მიჩნეული მოდის დიზაინერი გაუცვეთელი ტანსაცმლის შენახვის და ყოველ რამდენიმე წელში მათი ხელახლა გადმოლაგების პროცესს აღწერს: "ეს ისეთი გრძნობაა, თითქოს ძველ, საყვარელ მეგობარს ისევ ხვდები. ამ წელს აღმოვაჩინე ულამაზესი აბრეშუმის კაბა და ყველგან მაცვია". დე კასტროს გამოცდილება ნათელს ხდის, რომ თუ ნივთი სიხარულს მყისიერად არ იწვევს, მომავალში ეს შეიძლება შეიცვალოს. მხოლოდ ამიტომ ღირს, რომ ნივთებს დაუფიქრებლად არ გამოვემშვიდობოთ.
კითხვაზე, თავად თუ ინახავს გამოუყენებელ ნივთებს, ფუენტესი ამბობს: "ეს არასდროს ხდება. ყოველთვის ვიცი, რა სად არის. ხანდახან ჩემი ოჯახი ხუმრობით მიმალავს ნივთებს, თუმცა ამას მაშინვე ვხვდები. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ყოველ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. ეს ნივთები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია".
კომენტარები