ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად სამწლიანი მხდელობისა ფულის გათეთრება ვერ დაუმტკიცეს და სამარცხვინოა ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს.

"მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება — ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს.

ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ! ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება, სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.
ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...", — წერს ხაზარაძე ფეისბუქგვერდზე.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განაჩენი გამოაცხადა. მან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ბრალი გადაუკვალიფიცირდა იგივე საქმეში ბრალდებულ ავთანდილ წერეთელსაც. მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში ამსრულებლობასა და თანამონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვს ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მოსამართლემ წერეთელი თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილობისთვის ცნო დამნაშავედ.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს "ერთი კაცის მართლმსაჯულება" უწოდა.