უორენ ბაფეტი Apple-ში ინვესტირებით $120 მილიარდზე მეტს გამოიმუშავებს — ლეგენდარული ინვესტორის საუკეთსო გადაწყვეტილება
ინვესტორი შორს უნდა იყურებოდეს, რადგან ამ საქმეს გრძელვადიანი გეგმების დასახვა უყვარს. ეს საფონდო ბირჟის ლეგენდის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბაფეტი მულტინაციონალური კორპორაციის, Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი და აქციონერია. სწორედ Berkshire Hathaway ფლობს Apple-ის აქციებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც გასულ კვირაში 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ბუნებრივია, Apple-ის მზარდი მაჩვენებლები მისი აქციონერების ჯიბეზეც აისახება — მათ შორის არის ბაფეტის Berkshire Hathaway, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტის პოტენციალი ჯერ კიდევ 2016 წელს დაინახა.
Berkshire Hathaway-მ Apple-ის აქციების შესყიდვა 2016 წლიდან დაიწყო და 2018 წლისთვის უკვე კომპანიის 5%-ს ფლობდა. ბაფეტის ინვესტიციამ Apple-ში $36 მილიარდი შეადგინა. Apple-ის ამჟამინდელი ზომის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რომ მან 3 ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია, Berkshire Hathaway-ის მფლობელობაში არსებული აქციების ღირებულება $160 მილიარდს უტოლდება.
ამ პერიოდის განმავლობაში Berkshire დივიდენდებსაც იღებდა — საშუალოდ, $775 მილიონს წლის განმავლობაში. შესაბამისად, Apple-ის აქციების ქონა ამ მხრივაც მომგებიანი აღმოჩნდა.
Apple-ის აქციები Berkshire-ის მთლიანი პორტფელის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. თავის მხრივ, მულტინაციონალური კომპანია Apple-ისთვის უმსხვილესი აქციონერია, თუ ინდექსებსა და სავაჭრო ფონდებს არ ჩავთვლით.
როგორც ცნობილია, Berkshire არაერთ სექტორშია წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია სადაზღვევო და სარკინიგზო ბიზნესები. მილიარდერი ინვესტორი Apple-ს Berkshire-ის მესამე უმსხვილეს ბიზნესს უწოდებს. როგორც ცნობილია, ბაფეტი ინვესტირების ამ შემთხვევას არა როგორც აქციების ფლობას, არამედ როგორც ბიზნესის ქონას უყურებს.
2018 წლიდან Berkshire-მა Apple-ის ფასიანი ქაღალდების გარკვეული ოდენობა დათმო, თუმცა კომპანიის აქციების გამოსყიდვის პოლიტიკის გათვალისწინებით, Berkshire-ის საერთო წილი Apple-ში გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის Berkshire ტექნოლოგიური გიგანტის აქციების 5,4%-ს ფლობს.
Apple-ის აქციების გამოსყიდვის მიდგომამ, რომელიც კომპანიის მხრიდან საკუთარი ფასიანი ქაღალდების შეძენას გულისხმობს, Berkshire-ის მფლობელობაში არსებული წილები გაზარდა.
დივერსიფიცირებული პორტფელის უპირატესობა განსაკუთრებით გამოიკვეთა Covid 19-ის კრიზისის დროს, როდესაც Berkshire-ის სადაზღვევო, ენერგეტიკისა და სხვა ბიზნესებმა მნიშვნელოვანი დარტყმები მიიღეს.
ამ დროს კონგლომერატის დახმარებაში გადამწყვეტი როლი Apple-ში დაბანდებულმა ინვესტიციამ ითამაშა. აქციების დივერსიფიცირების პრინციპმა — დააბანდო თანხა სხვადასხვა სექტორში — Berkshire-ს წარმატება მოუტანა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
კომენტარები