ატმოსფეროს ხარჯზე დედამიწა ზომაში მცირდება — რას ნიშნავს ეს?
დედამიწა გარემომცველ მზის სისტემასთან ნივთიერებებს მუდმივად მიმოცვლის — მაგალითად, კოსმოსში სწრაფად მოძრავი მტვერი მეტეორების სახით ჩვენს პლანეტას მუდმივად ეცემა, დედამიწის ატმოსფეროში არსებული აირები კი კოსმოსში ჟონავს.
შესაბამისად, თუკი დედამიწა ნივთიერებებს მუდმივად გასცემს და ახალ მასალასაც ასევე იძენს, ჩნდება კითხვა: რა ემართება მის ზომას, იმატებს თუ მცირდება?
გიომ გრონოფს, NASA-ის ლანგლის კვლევითი ცენტრის მეცნიერს (იგი ატმოსფეროს დისიპაციას შეისწავლის) თუ დავუჯერებთ, დედამიწის აირები კოსმოსში გაედინება, ამიტომაც ჩვენი პლანეტა — კონკრეტულად კი მისი ატმოსფერო — პატარავდება, თუმცა ძალიანაც არა.
პლანეტები შეზრდის შედეგად ფორმირდება ანდა მაშინ, როდესაც კოსმოსური მტვერი ეჯახება და თანდათანობით უფრო დიდ მასას წარმოქმნის. დედამიწა 4,5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, თუმცა მეტეორები და მეტეორიტები მუდამ ეცემა და მისი მასის შემადგენელი ნაწილი ხდება, ამიტომაც პლანეტის ფორმირების შემდეგ მცირედი მატება კვლავაც შეინიშნება.
მაშინ, როცა პლანეტა უკვე არსებობს, კიდევ სხვა პროცესი, ატმოსფეროს დისიპაცია იწყება, რაც აირების კოსმოსში გაბნევის შედეგად ატმოსფეროს გაქრობას გულისხმობს. გრონოფის თქმით, დისიპაცია აორთქლების მსგავსი პრინციპით ხდება, თუმცა განსხვავებულ მასშტაბებში მიმდინარეობს. ამ დროს ატმოსფეროში ჟანგბადის, წყალბადისა და ჰელიუმის ატომები მზისგან საკმარის ენერგიას შთანთქავს და ატმოსფეროს უსხლტება.
ამ დროს კიდევ ერთი კითხვა ისმის: რა გავლენას ახდენს ეს პროცესები დედამიწის ჯამურ მასაზე?
"რა თქმა უნდა, რეალურ დროში დედამიწის მასის გაზომვა რთულია, მით უფრო პლანეტის მასა იმ სიზუსტით რომ გავიგოთ, ზომაში იმატებს თუ პატარავდება", — განაცხადა გრონოფმა Live Science-თან საუბრისას.
შესაბამისად, ამას მხოლოდ მიახლოებით თუ შევაფასებთ, თუმცა მეტეორთა ტემპზე დაკვირვებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი დაჯახების ხარჯზე დედამიწას წლიურად დაახლოებით 15 ათასი ტონა — ერთ-ნახევარი ეიფელის კოშკის მასა — ემატება.
ამასობაში, სატელიტური მონაცემების გამოყენებით ატმოსფეროს დისიპაციის ხარისხიც შეფასდა, რაც, გრონოფის თქმით, დაახლოებით 75 ათას ტონას — 7.5 ეიფელის კოშკს — უდრის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწა ყოველწლიურად დაახლოებით 60 ათას ტონას კარგავს. დაგვეთანხმებით, რიცხვი საკმაოდ მასიურად ჟღერს, მაგრამ გრონოფი იმასაც გვეუბნება, რომ იგი მთლიანი პლანეტის მასშტაბისთვის ძალიან მცირეა.
მეცნიერმა უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ატმოსფეროს დისიპაციის ხარისხი გამოიყენა და გამოთვალა, რომ ამ პირობებში დედამიწა ატმოსფეროს 5 მილიარდ წელში დაკარგავს, თუკი მის მარაგს ვერ შეივსებს.
ასევე იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?
მიუხედავად ამისა, ოკეანე და არაერთი პროცესი, თუნდაც ვულკანთა ამოფრქვევები, დედამიწას აირებით ხელახლა ამარაგებს. შესაბამისად, პლანეტას ატმოსფეროს დასაკარგად 3 ათასჯერ მეტი დრო — დაახლოებით 15,4 ტრილიონი წელი — დასჭირდება. თუ იმ ვარაუდსაც გავითვალისწინებთ, რომ 5 მილიარდ წელიწადში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა, მაშინ გამოდის, რომ ამ დრომდე დიდი ხნით ადრე დედამიწა საცხოვრებლად ისედაც აღარ გამოგვადგება.
რომ შევაჯამოთ, მეცნიერი გვეუბნება, რომ ატმოსფერული დისიპაცია ხანგრძლივ პერსპექტივაში პრობლემა არ არის. შესაბამისად, დედამიწის ზომის შემცირება მასზე არსებულ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, ჩვენ კი ამასობაში ისღა დაგვრჩენია, შეძლებისდაგვარად მშვიდად განვაგრძოთ ცხოვრება.
კომენტარები