მეცნიერები COVID-19-ის ვაქცინას ქმნიან, რომელიც სამუდამო იმუნიტეტს მოგვიტანს
ტოკიოს მეტროპოლიტენის ინსტიტუტის მეცნიერები კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ სამუდამო იმუნიტეტს შემოგვთავაზებს, მისი შორ მანძილზე ტრანსპორტირება კი ოთახის ტემპერატურაზეც იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას The Japan Times-ი ავრცელებს.
ვაქცინას მიჩინორი კოჰარა და მისი კოლეგები ქმნიან. გუნდი ყვავილვაქცინის ვირუსის შტამს იყენებს, რომელიც დაავადებას არ იწვევს. მეცნიერებმა მისი ზოგიერთი ცილა კომპონენტი SARS-CoV-2-ის წვეტის ცილიდან აღებულით ჩაანაცვლეს.
ვაქცინების შექმნისას წვეტის ცილის კომბინირება გამრავლების განსხვავებულ მექანიზმთან დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული სტრატეგიაა, კოჰარა კი ირწმუნება, რომ მისი ვაქცინა გამანეიტრალებელ ანტისხეულებს ერთი დოზით მოგვცემს და ძლიერ უჯრედულ იმუნიტეტსაც აღძრავს, რომელიც ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს.
The Japan Times-ის ცნობით, თაგვებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აცრილ თაგვებს ანტისხეულთა მაღალი დონეები 20 თვეზე მეტხანს შეუნარჩუნდათ, რაც მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას უდრის. როდესაც თაგვებს სამკვირიანი შუალედით ვაქცინის ორი დოზა შეუყვანეს, გამანეიტრალებელმა ანტისხეულებმა ათჯერ მოიმატა.
მაკაკებში ჩატარებული მსგავსი ცდებით დადგინდა, რომ ვაქცინა მათ ინფექციისაგან იცავდა, რადგან კორონავირუსით ინფიცირებიდან 7 დღის შემდეგ ვირუსის დონეები აცრილ მაკაკებში აღმოჩენის საზღვრებზე დაბლა იყო.
კოჰარამ ისიც განაცხადა, რომ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ვაქცინებთან შედარებით მათს ნაკლები გვერდითი ეფექტი ექნება. მეცნიერის მტკიცებით, ვაქცინის შექმნისას გამოყენებულ არაპათოგენურ შტამს ძუძუმწოვრებში გამრავლება არ შეუძლია და ნაკლებ გვერდით რეაქციას გამოიწვევს.
მკვლევრებმა ვაქცინა ოთხი სახიფათო შტამის წინააღმდეგ შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ყველას შემთხვევაში ეფექტურია. კოჰარა ფიქრობს, რომ იგი ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგაც იმუშავებს და აღნიშნავს, რომ მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც იქნება შესაძლებელი, რაც ტროპიკული კლიმატის მქონე განვითარებად ქვეყნებში მის ტრანსპორტირებას გაამარტივებს.
ტოკიოს მეტროპოლიტენის ინსტიტუტს ვაქცინის კომერციალიზაციის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, ამიტომაც ფარმაცევტულ კომპანია Nobelpharma Co-ს შეუთანხმდა, რათა იგი კლინიკურ ცდებში ჩართოს.
სავარაუდოდ, ადამიანებში კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზები 2023 წელს დაიწყება, ხოლო თუკი ეფექტურობის ან უსაფრთხოების არანაირი პრობლემა არ იჩენს თავს, ამას უფრო მასშტაბური ფაზაც მოჰყვება. The Japan Times-ის უწყებით, საუკეთესო შემთხვევაში ვაქცინა კომერციულად ხელმისაწვდომი 2024 წლიდან იქნება.
დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად კი შესაძლოა, მსოფლიოში დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.
კომპანიები ცდილობენ, კონკრეტული ვარიანტისათვის შესაფერისი დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზები შექმნან, რომელთა მიღებაც შესაძლოა, პანდემიაში ნორმადაც კი იქცეს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ რეალობაში ნამდვილად მისწრება იქნებოდა ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტით მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველგვყოფს, ჩვენ კი ამასობაში ისღა დაგვრჩენია, კვლევის შემდგომ ეტაპებს მივადევნოთ თვალი.
კომენტარები