მეცნიერებმა ადამიანის ყბის მიმდებარედ ახალი კუნთოვანი ფენა აღმოაჩინეს
შვეიცარიელმა მეცნიერებმა ადამიანის ყბის მიმდებარედ ახალი კუნთოვანი ფენა აღმოაჩინეს, რომლის არსებობასაც მრავალი წლის განმავლობაში ვარაუდობდნენ, მაგრამ ვერ ამტკიცებდნენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ანატომიური აგებულების შესახებ ყველაფერი ჯერ კიდევ არ ვიცით.
სხეულის აღნიშნული ნაწილი საღეჭი კუნთის მესამე სეგმენტია, რომელიც ღრმადაა განლაგებული. ის სპეციალისტებმა 20-ზე მეტი თავის ქალის შესწავლის გზით დააფიქსირეს, რომელთაგანაც 1 ცოცხალ ადამიანს ეკუთვნოდა, 12 კი ორგანულ ნაერთ ფორმალდეჰიდში იყო შემონახული.
როგორც მკვლევრები ამბობენ, საღეჭი კუნთის ეს ღრმა მონაკვეთი თავისი ფუნქციით დანარჩენი ორისგან საგრძნობლად განსხვავდება და შედარებით მცირე ზომისაა. ის ქვედა ყბის მოძრაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რასაც მეცნიერები მისი შემადგენელი ქსოვილის მახასიათებლების მიხედვით ასკვნიან.
გამოცემაში Annals of Anatomy გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ზემოხსენებულ კუნთს Musculus masseter pars coronidea უწოდეს. მათ მას სხვადასხვა ტექნოლოგიის მეშვეობით მიაკვლიეს. კერძოდ, თავის ქალები გაკვეთეს და დეტალურად დაათვალიერეს, ასევე, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებები გააანალიზეს და ახალი სეგმენტის მდებარეობა განსაზღვრეს.
ცნობილია, რომ სხვა ძუძუმწოვრებსაც ორზე მეტი მსგავსი კუნთოვანი ფენა აქვთ, თუმცა გაურკვეველია, ემთხვევა თუ არა მათი დანიშნულება ჩვენსას. ამასთან, ის შიმპანზეებში არ გვხვდება, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ კონკრეტულად ადამიანის ანატომიური თავისებურება იყოს.
ამის გასაგებად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
კომენტარები