აშშ-ში 2019-დან 2020 წლამდე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2019-დან 2020 წლამდე 1.8 წლით შემცირდა.
The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით, ეს მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ვარდნაა, რომელშიც წვლილი ძირითადად კოვიდ-19-ის პანდემიას მიუძღვის.
ამ პერიოდში კორონავირუსი სიკვდილის რიგით მესამე მიზეზი გახლდათ. გულის დაავადებებმა და კიბომ ამ ქვეყანასი ცალ-ცალკე, დაახლოებით, 600 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა, კორონავირუსმა კი დაახლოებით 350 ათასი სიცოცხლე იმსხვერპლა.
მართალია, ცენტრის სპეციალისტები ამგვარ შემცირებას ელოდნენ, თუმცა მისი მასშტაბები მათთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა — ზოგიერთი ჯგუფისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამი ან მეტი წლითაც კი შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი იყო უნებლიე დაზიანებების, მათ შორის ნარკოტიკების ზედოზირებისა და დიაბეტით სიკვდილის მაჩვენებელიც, რამაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე ასევე უარყოფითად იმოქმედა. ამასთანავე, ცალკე დიაბეტმა 100 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა.
CDC-ზე დაყრდნობით, ნარკოტიკების ზედოზირების მაჩვენებელმაც რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა ჩვილების სიკვდილიანობა რეკორდულად დაეცა — იმავე პერიოდის განმავლობაში 100 000 დაბადებულ ბავშვზე სიკვდილით 541 შემთხვევა დასრულდა.
სიკვდილი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ყველაზე ხშირად კოვიდმა გამოიწვია. ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ვირუსმა 810 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან უკვე ორი წელიწადი გავიდა და ვაქცინებიც ხელმისაწვდომია, აშშ-ში ყოველდღიურად მაინც ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობა კი აუცრელია.
კომენტარები