მფრინავი თეფშები მთვარეზე? MIT-ის ინჟინრებმა ახალი კონცეფცია გამოცადეს
შესაძლოა, მალე მთვარეზე მფრინავი თეფშები ვიხილოთ. თუმცა, ეს იქნება ადამიანების მიერ შექმნილი ტექნოლოგია და არა ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის ხომალდები...
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერები სწორედ მსგავსი დიზაინის მქონე, ახალი მთვარემავალის კონცეფციაზე მუშაობენ. პრესრელიზის თანახმად, ამ უკანასკნელს ლევიტირება მთვარის ბუნებრივი ელექტრული ველის გამოყენებით შეეძლება.
უჰაერო სხეულებზე, როგორიც მთვარე ან ასტეროიდები არიან, ელექტრული ველი გვხვდება, ეს კი მზისა და გარემომცველი პლაზმის ზემოქმედების შედეგია. სწორედ ამ გარემოებით სარგებლობენ ახალი ტიპის მთვარემავლები, რომელთა გამოყენება როგორც მთვარის, ასევე ასტეროიდების ზედაპირებზე იქნება შესაძლებელი.
ისეთ დიდ სხეულებზე, როგორიც მთვარეა, ზედაპირული მუხტი საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ აპარატების ლევიტირება უზრუნველყოს. MIT-ის გუნდის მიერ შექმნილი ლევიტირებადი მთვარემავალი შემდეგნაირი მუშაობისთვისაა გათვლილი:
ის იყენებს პაწაწინა იონურ სხივებს აპარატის დასამუხტად, მეორე მხრივ კი, მათ ჩვენი თანამგზავრის ზედაპირის ბუნებრივი მუხტის გასაძლიერებლადაც მიმართავს. პატარა იონური ძრავები, რომლებსაც თხევადი იონის წყაროებადაც მოიხსენიებენ, უერთდებიან ავზს, რომელშიც იონური სითხე ოთახის ტემპერატურის მდნარი მარილის სახითაა მოქცეული. როცა ელექტრული მუხტი აღწევს იონურ სითხემდე, იონები იმუხტება, რაც აპარატიდან მათ გამოსხივებას იწვევს. აპარატის თეფშისებური, დისკოს ფორმა მასსა და მთვარის ზედაპირს შორის განმზიდი ძალის მაქსიმალურად გაზრდას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპარატს ძალიან მცირე ენერგია სჭირდება ფუნქციონირებისთვის.
"ამ ტიპის იონური დიზაინი იყენებს ძალიან მცირე ენერგიას იმისათვის, რომ საჭირო ვოლტაჟი გამოიმუშაოს. ენერგია, რომელიც აპარატს სჭირდება იმდენად მცირეა, რომ შეიძლება ითქვას — ის თითქმის ენერგიის გარეშე მუშაობს", — ამბობს პაულო ლოზანო, ნაშრომის თანაავტორი.
ტესტირებისას გუნდმა აჩვენა, რომ მათ აპარატში გამოყენებულ იონურ ტექნოლოგიას შეუძლია საკმარისად ძლიერი იყოს იმისათვის, რომ 907 გრამი წონის მქონე აპარატის ლევიტირება უზრუნველყოს.
"ვფიქრობთ, მსგავსი აპარატების გამოყენება ჰაიაბუსას მსგავსი მისიებისას შეიძლება. ეს უკანასკნელი იაპონური კოსმოსური სააგენტოს მიერ ხორციელდებოდა. მათი კოსმოსური ხომალდი პატარა ასტეროიდს გარს უვლიდა და პატარა როვერები დასხა მის ზედაპიზე. ამის მსგავსად, ვფიქრობთ, მომავალ მისიებში შეგვიძლია პატარა ლევიტირებადი როვერები გავგზავნოთ, იმისათვის, რომ მთვარისა და ასტეროიდების ზედაპირი გამოვიკვლიოთ", — ამბობს ნაშრომის წამყვანი ავტორი — ოლივერ ჯია-რიჩარდსი.
კომენტარები