UNDP-ის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში ახალგაზრდები სათემო ინიციატივებს ახორციელებენ
რეგიონების განვითარებაში ახალგაზრდულ ინიციატივებს განუზომელი როლი უჭირავს. ახალგაზრდების ენთუზიაზმი და მოტივაცია ხშირად გადამდებია სხვებისთვისაც და რეგიონის, ქალაქის, სოფლის ან მცირე თემის გამოცოცხლებას უწყობს ხელს. ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარდაჭერას და სხვადასხვა სექტორის — მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის დაფინანსებით, მხარს უჭერს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას საქართველოს ექვს რეგიონში (გურია, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი). ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ადგილობრივი პროექტების მთლიანმა ღირებულებამ 315,000 აშშ დოლარი შეადგინა.
ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 29 ახალგაზრდული ინიციატივა განხორციელდა. ახალგაზრდული ინიციატივების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესში.მათ გამოვლენასა და მხარდაჭერაში სამი ორგანიზაცია მონაწილეობდა — ორბელიანი საქართველო, რუსთავის ინოვაციების ჰაბი და რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი.
19 ნოემბერს, UNDP-ის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვივნენ და რამდენიმე ადგილობრივი პროექტის შედეგებს გაეცნენ. ჩვენ მოგითხრობთ პროექტების ნაწილის შესახებ, რომლებიც ქვემო ქართლში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სათბური დიოკნისის საჯარო სკოლაში
მარნეულის სოფელ დიოკნისში, მეთორმეტე კლასელების ინიციატივით, სათბური მოეწყო. პროექტი "ორბელიანი საქართველოს" მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
მეთორმეტე კლასის მოსწავლე, დაჩი საგინაძე გვიამბობს, რომ სათბურს მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად უვლიან, მის აგებაშიც თავად მიიღეს მონაწილეობა და ახლა იქ გაშენებულ სალათის ფოთლებს ყოველდღე აქცევენ ყურადღებას. მოსავალს თვენახევარში ელოდებიან და გეგმავენ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ, მიღებული ფულით კი სკოლის ეზო გაამწვანონ და ბიბლიოთეკაში წიგნები დაამატონ.
"ბავშვები, მშობლები და პედაგოგები ვთანამშრომლობთ ერთმანეთში. ამის შემდეგ გვინდა ბროკოლი დავთესოთ, საგაზაფხულოდ კი ვარდები გამოვიყვანოთ. ყველანი ჩართულები ვართ — მეთორმეტე, მეათე, მეცხრეკლასელები, ბიჭები და გოგოები. სათბური ჩვენ ავაგეთ, სარწყავი სისტემა გავიყვანეთ, მეც მეხერხება ცოტა ელექტროშედუღება და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელიც დაგვეხმარა, ჩვენ თვითონ ვამუშავებთ მიწას. აგვისტოში დილის ექვსიდან თორმეტამდე და საღამოს ექვსიდან ცხრამდე გაუჩერებლად ვმუშაობდით", — გვიამბობს დაჩი.
ის იმედს იტოვებს, რომ სათბური სკოლისთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არ გახდება, არამედ ბავშვები მიწაზე მუშაობას, გარემოზე ზრუნვას ისწავლიან და რაც მთავარია, ეზო გამწვანდება.
"პროექტი, ვფიქრობ, ხელს უწყობს მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობას. რომ არა მშობლების დახმარება, ეს პროექტი არ განხორციელდებოდა და იმედი გვაქვს, მომავალშიც შესაძლებელი გახდება დამატებითი რესურსების მოძიება და მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების კიდევ უფრო გახალისება", — აცხადებს სკოლის დირექტორი, ნათია ფუტკარაძე.
მოძრავი კინოთეატრი — გოგოების ინიციატივა სოფელი განთიადიდან
სოფო დევნოზაშვილი და მარიამ დაუთაშვილი "მოძრავი კინოთეატრის" პროექტის ავტორები არიან. ისინი სოფელ-სოფელ ერთად დადიან და ახალგაზრდებისთვის კინოჩვენებებს მართავენ. თავიდან ყველა საჭირო ინვენტარი ნათხოვარი ჰქონდათ, ამიტომ ჩვენებებს ხშირად ვერ აწყობდნენ, შემდეგ კი პროექტი დაწერეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსება მიიღეს და პროექტორი, დინამიკი, ეკრანი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინეს.
ამ ზაფხულს განთიადსა და მიმდებარე სოფლებში მათ ათი კინოჩვენება მოაწყვეს. ახალგაზრდებს უჩვენებენ როგორც ანიმაციურ ფილმებს, ისე კინოსურათებს ოკუპაციაზე, გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, ადრეულ ქორწინებაზე, გენდერულ თანასწორობასა და სხვა თემებზე. სოფო და მარიამი ფილმებს იმის მიხედვით არჩევენ, თუ სად ჩადიან და რა საჭიროებები და ინტერესები აქვთ იქაურებს. გოგოები აღნიშნავენ, რომ ამ ღონისძიებებმა სოფლები ნამდვილად გამოაცოცხლა და ახალგაზრდებს მეტი ინტერესი გაუჩინა.
"გაეროს განვითარების პროგრამის მიერ პროექტის დაფინანსებამ მაქსიმალურად პოზიტიურად შეცვალა ჩვენი საქმიანობა. თუ აქამდე ზუსტად ვერ ვგეგმავდით ჩვენს აქტივობებს, ახლა, როცა ჩვენი ინვენტარი გვაქვს, თავისუფლად ვახერხებთ ყველაფრის ორგანიზებას ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ პროექტმა გაგვხადა უფრო ნაყოფიერები, შეგვიძლია მეტი ჩვენება გავმართოთ. ასეც მოხდა, მთელი ზაფხული დავდიოდით სოფლებში. ბავშვების სიხარული კი ჩვენთვის მამოტივირებელი იყო. ბევრ სოფელში ბავშვები ძალიან გაკვირვებულები უყურებდნენ ინვენტარს, არ იცოდნენ, რა იყო, პირველად უყურებდნენ ფილმს დიდ ეკრანზე და კინოჩვენების დასრულების შემდეგ უკან მალე დაბრუნებას გვთხოვდნენ", — გვიამბობს მარიამი და ამატებს, რომ ეს მათთვისაც დიდი სიხარულის მომტანია.
გოგოებმა საქმიანობა ჯერ ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებით დაიწყეს, სამომავლოდ კი სოფელ განთიადში მდებარე ავარიული და გაძარცვული კინოთეატრის აღდგენასაც გეგმავენ.
მოსიარულე მუზეუმი
მარნეულის მუნიციპალიტეტის გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მოძრავი მუზეუმი — სოლიდარობის მუზეუმი — დახვდათ. მუზეუმი საქართველოს განვითარებაში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის წვლილს წარმოაჩენს.
"წლებია ვამბობთ, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსები ერთმანეთს შეხვდებიან, ერთმანეთს გაუზიარებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ტრადიციებს, კულტურას და გაიცნობენ ერთმანეთს. ამიტომაცაა, რომ ყოფით ნიადაგზე არსებული მცირე ინციდენტები ეთნოსთაშორის კონფლიქტში იზრდება ხოლმე. ეს გახდა მიზეზი, შეგვექმნა ალტერნატიული სივრცე, სადაც შეგვიძლია გავიცნოთ ერთმანეთს კულტურა და ტრადიციები",— ამბობს მუზეუმის დამფუძნებელი, ელნურ ალისოი.
მარნეულში ჯერ-ჯერობით მუზეუმი არ არის, ამიტომ ელნურმა გუნდთან ერთად გადაწყვიტა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ასე, მოსიარულე მუზეუმის პროექტის სახით აჩვენოს, იაროს სოფლებში და ღია ცის ქვეშ მოაწყოს ექსპოზიცია. ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
"ამ პროექტმა მოგვცა იმის მოტივაცია და ძალა, რომ გაგვემარჯვა კიდევ ერთ სხვა კონკურსში და დაგვეწყო ადვოკატირება მარნეულში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ასაშენებლად, რომელიც აქ მცხოვრები ყველა ეთნოსის ტრადიციებსა და კულტურას მიეძღვნება", — ამბობს ელნური.
მოძრავი მუზეუმი აერთიანებს ფოტოგამოფენას, სადაც ნაჩვენებია ნოვრუზის დღესასწაულის, ბორჩალოური ტრადიციული ტანსაცმლის, ადგილობრივი, ზოომორფული საფლავის ქვების, ერეკლე მეორის დროს, ბორჩალოს რწმუნებულის საფლავის, დმანისში, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული მეჩეთის და სხვა ძეგლების სურათები, ასევე ექსპოზიციაზე დამთვალიერებლებმა ნახეს პირველი რესპუბლიკის ბონები, უძველესი ისტორიული მონეტები და ბორჩალოური ტრადიციული ორნამენტებით შექმნილი ხალიჩები. ელნური განმარტავს, რომ ამ ხალიჩებზე თითოეულ ორნამენტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ხალიჩების მომზადების პროცესი ხანგრძლივია და მათ თავიდან ბოლომდე ხელით აწარმოებენ.
ფოტო: გიორგი შენგელია
"მე მიხარია, რომ ვხედავ დინამიკურობასა და ენთუზიაზმს ახალგაზრდებში, რომლებიც ქმნიან ღირებულ რესურსებს საკუთარი საზოგადოებისთვის. სასიამოვნოა ამ ახალგაზრდებთან საუბარი, იმის გაგება, რომ ისინი, როგორც ერთიანი საზოგადოების წევრები, თავს იყრიან, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე საუბრობენ, პატივს სცემენ საკუთარ კულტურასა და ისტორიას. ნამდვილად დიდებული პროექტები ვიხილეთ", — აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის ელჩი, ნიკ ბერესფორდი.
სათემო ცენტრი აღმამედლოში
ფოტო: გიორგი შენგელია
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აღმამედლოში განხორციელდა, სათემო ცენტრია, რომელიც ახალგაზრდების თავშეყრის, დისკუსიების, მხარდაჭერის და გაძლიერების ნამდვილი კერაა.
სათემო ცენტრი ერთ პატარა ოთახშია განთავსებული, რომელიც, ამავე დროს, ბიბლიოთეკაცაა. მისი დამფუძნებელი, ზაქირ აივაზოვი გვიყვება, რომ აქ მოსახლეობა იკრიბება, საუბრობენ, ატარებენ ტრენინგებსა და სემინარებს ახალგაზრდებისთვის.
სათემო ცენტრი ოცდაათ მოხალისე ახალგაზრდას აერთიანებს და ისინი ყოველთვე ასამდე ადამიანს ემსახურებიან — ადგილობრივებს ეხმარებიან ქართულ ენაზე განცხადებების დაწერაში, ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში, სთავაზობენ კომპიუტერის, ინტერნეტის, პრინტერის უფასო მომსახურებას.
ფოტო: გიორგი შენგელია
"ამ სივრცის მოწყობის შემდეგ ჩვენ უფრო აქტიურად ვმუშაობთ. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა თემში არსებული პრობლემები მოგვარდეს. აქტიურად ვაგრძელებთ ვაქცინაციის კამპანიას გაეროს ასოციაციასთან და ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან", — ამბობს ზაქირი.
მისი თქმით, აქამდე წიგნები მხოლოდ მარნეულის ცენტრში იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ტრანსპორტის პრობლემის გამო იქ წასვლა რთულია, მით უფრო — ქალებისთვის. ამიტომ ზაქირის თქმით, სათემო ცენტრი ერთადერთი ადგილია, სადაც თანასოფლელები მოდიან და წიგნებს კითხულობენ ან სახლში მიაქვთ.
ზაქირი იმასაც ჰყვება, რომ რეგიონში ქართული ენა ბევრმა არ იცის, ამიტომ ანტიდასავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციის გავრცელება იქ ძალიან მარტივია, ამის საპირისპიროდ კი ის ცენტრში ტრენინგებს ატარებს, აწყობს ფილმების ჩვენებებსა და დისკუსიებს პანდემიაზე, ქალთა უფლებებზე თუ სხვა საჭირბოროტო საქმეებზე.
ფოტო: გიორგი შენგელია
"ამ სივრცეში ბევრი ადამიანი მოდის, ამიტომ გვინდა უფრო გავაფართოოთ. ასევე უფასო კურსები წამოვიწყოთ ქალებისთვის. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ქალები მოდიან და საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ", — დასძენს ზაქირი.
განათლების ბაღი მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში
ფოტო: გიორგი შენგელია
თემურ სუყაშვილი 2015 წლიდან მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიას და ისტორიას ასწავლის. ერთ-ერთი გაკვეთილის მსვლელობისას მას იდეა დაებადა, სკოლის უკან სივრცე, სადაც მეორადი, ჩამოწერილი ნივთები ელაგა, მოსწავლეებისთვის "განათლების ბაღად" გადაექცია.
"იდეა სკოლის დირექტორს გავაცანი, მან მხარი ამიბა, დავასუფთავეთ სივრცე, გავიტანეთ ზედმეტი ნივთები. ამ საქმის კვალდაკვალ მოსწავლეებისგანაც წამოვიდა ინიციატივები, მაგალითად, კედლების მოხატვის, პალეტებისგან მაგიდების და სკამების გაკეთების იდეა. მალე გამოცხადდა რუსთავის ინოვაციების ჰაბის საგრანტო პროექტი, რომელიც UNDP-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა. გადავიწყვიტეთ პროექტი დაგვეწერა, რომელმაც მხარდაჭერა მოიპოვა — ბაღში ჩავდგით ფანჩატური, ასევე დავაგეთ მწვანე საფარი და შევიძინეთ ხმის გამაძლიერებელი", — გვიამბობს თემური.
ფოტო: გიორგი შენგელია
მისი თქმით, არაფორმალური განათლება იძლევა მეტი აღმოჩენის გაკეთების საშუალებას. "საკლასო ოთახში ვერ ვამჩნევთ მოსწავლეთა იმ უნარ-ჩვევებს, რომელთა აღმოჩენა მხოლოდ ასეთ გარემოშია შესაძლებელი. მათ აქ ეძლევათ თვითრეალიზების საშუალება, აქ არის თავისუფლება. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი იდეა, აქვე მდებარე საბჭოთა ბუნკერი გადავაქციოთ ოკუპაციის მუზეუმად. ახლა ამ სივრცის კეთილმოწყობა გვჭირდება", — ამბობს თემური.
ფოტო: გიორგი შენგელია
სკოლის დირექტორი, შორენა ხუხუა კი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგოებს, მანამდე არ ჰქონდათ სივრცე, სადაც შეიკრიბებოდნენ. მისი თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ოჯახი თავისუფლად უშვებს, სკოლაა, ამიტომ მათ შესთავაზეს სივრცე, სადაც გაკვეთილების შემდეგ დარჩებიან, რადგან მშობლები სრულ ნდობას უცხადებენ ადმინისტრაციას.
"სკოლის სათაურის ქვეშ ბავშვებმა თავისუფლება, თავისუფლების სიყვარული ისწავლეს, რასაც ჩვეულებრივ გაკვეთილზე მათ ვერ ასწავლი. სანდო ტერიტორიაზე ბავშვები გავაძლიერეთ. ისინი თვითონ ქმნიან ამ სივრცეს. ჩვენ ვიბრძვით გოგოების უფლებებისთვის, რათა, მაგალითად, ჰქონდეთ წვდომა სოციალურ ქსელებზე, გაუშვან ისინი ექსკურსიებზე და სხვა. ძალიან ელემენტარული საჭიროებებიდან იწყება ეს ბრძოლა. ხოლო თემურის მსგავსი მასწავლებლების და თავისუფლების მოსურნე ბავშვების დახმარებით, ბოლო შვიდ წელიწადში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ახალგაზრდების დიდი იმედი მაქვს, რადგან ისინი ამ რეგიონში ამინდს ცვლიან", — ამბობს შორენა ხუხუა.
ფოტო: გიორგი შენგელია
ფოტო: გიორგი შენგელია
"ეს არის ერთ-ერთი სამოდელო, საჩვენებელი პროექტი, როგორ შეიძლება ითანამშრომლონ ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა თემმა, თვითმმართველობებმა საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ვფიქრობ, კიდევ არაერთი ასეთი ტიპის პროექტი განხორციელდება და მხარდაჭერილი იქნება ყველა დონეზე, რათა გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", — აცხადებს ცოდნის ბაღის შესახებ მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
ფოტო: გიორგი შენგელია
მისი თქმით, საზოგადოებისგან წამოსული იდეების ზოგადი დინამიკა მზარდია, იზრდება მათი რაოდენობა, რეგიონებში ადგილობრივები წარადგენენ მეტად მრავალფეროვან იდეებს, იცვლება დამოკიდებულებები და პროექტების შინაარსი, რაც, საბოლოოდ, დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს.
"ეს პროექტები ყოველდღიური ცხოვრების ან პირობების გაუმჯობესებაზე კი აღარაა მიმართული, არამედ ისინი სხვა განზომილებაშია გადასული. ინიციატივები სათემო განვითარებაზე, სოციალიზაციაზე და არაფორმალური, არატრადიციული ტიპის განათლების მიღების სურვილზეა მორგებული", — დასძენს მზია გიორგობიანი.
ახალგაზრდული პროექტები ხორციელდება UNDP-ისა და დანიის მთავრობის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობას ემსახურება.
კომენტარები