ახალი კვლევის მიხედვით, ვიაგრას მიღება ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს
საკითხი კვლავაც დამატებით კვლევას საჭიროებს, ამიტომაც ვიაგრას საპრევენციო დანიშნულებით მიღება ჯერჯერობით მიზანშეწონილი არ არის.
აშშ-ის მეცნიერები იუწყებიან, რომ შესაძლოა, იმპოტენციის საწინააღმდეგო მედიკამენტი ვიაგრა ალცჰაიმერის სამკურნალოდ გამოგვადგეს. მკვლევრებმა ტვინში პრეპარატის მოქმედება შეისწავლეს, ანალიზებმა კი აჩვენა, რომ წამალი ზოგიერთ ისეთ ცილას იღებს მიზანში, რომელიც ტვინში ამ ტიპის დემენციისას გროვდება. კვლევა ჟურნალ Nature Aging-შია გამოქვეყნებული.
გუნდმა 7 მილიონი პაციენტის მონაცემთა ბაზა შეისწავლა, რის შედეგადაც ვიაგრას მომხმარებლებს ალცჰაიმერის შედარებით დაბალი რისკი აღმოაჩნდათ. ექსპერტები თვლიან, რომ უკვე არსებული მედიკამენტის სხვა დანიშნულებით გამოყენება შეიძლება იმაზე სწრაფი, მარტივი და იაფი იყოს, ვიდრე სრულიად ახალი სამკურნალო საშუალების შექმნა. კვლევის ავტორები კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საკითხი კიდევ უფრო ღრმად იქნას შესწავლილი.
ასევე იხილეთ: აშშ-ში ალცჰაიმერის მქონე პაციენტებზე ნაზალური ვაქცინის გამოცდა იწყება.
ვიაგრას სილდენაფილის სახელითაც იცნობენ. პრეპარატი თავდაპირველად გულისათვის გახლდათ განკუთვნილი, რადგან მისი ძირითადი მოქმედება სისხლძარღვების მოდუნებას/გაფართოებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მოიცავს.
ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ წამალს ანალოგიური ეფექტი ჰქონდა სხეულის სხვა ადგილებშიც, მათ შორის პენისის არტერიებში, რის შემდეგაც მას ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგოდ წარმატებით იყენებენ, ხოლო ფილტვების დაავადების, პულმონური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ კი ქალებშიც ინიშნება.
ექსპერტები თვლიან, რომ შეიძლება, ვიაგრა სხვაგვარადაც გამოვიყენოთ. ახლახან მეცნიერები იკვლევდნენ, თუ რამდენად შეძლებდა იგი ვასკულური დემენციის რისკის მქონე ადამიანების დახმარებას. ეს ალცჰაიმერის შემდგომ დემენციის ყველაზე ხშირი ფორმაა და მაშინ ვითარდება, როცა სისხლის შემცირებული მიმოქცევა ტვინს აზიანებს.
მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, სილდენაფილი ალცჰაიმერის კუთხითაც წაგვადგეს. ამ ტიპის დემენციის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი ჯერაც არაა, თუმცა ცნობილია, რომ ამგვარი დაავადების მქონე პაციენტთა ტვინებში ცილების ანომალიური ნალექები გროვდება.
ასევე იხილეთ: ალცჰაიმერის ინოვაციურმა მკურნალობის მეთოდმა თაგვებში დაკარგული მეხსიერება აღადგინა.
კვლევის მიხედვით, წამლის ნორმალურზე მაღალმა დოზებმა ტვინის უჯრედების ზრდა განაპირობა, ადამიანის ქსოვილის ლაბორატორიულ კვლევებში კი ცილის დაგროვება შეამცირა. 6-წლიან პირად სამედიცინო მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 7,23 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავდა, დადგინდა, რომ სილდენაფილის მიმღებ პირებს ალცჰაიმერის განვითარების შედარებით დაბალი რისკი გააჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც მედიკამენტს არ მოიხმარდა.
კვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი მიგნებები მხოლოდ და მხოლოდ ვიაგრას გამოყენებისა და ალცჰაიმერის შემთხვევათა შემცირების კავშირზე მეტყველებს, ამიტომაც ახლა მიზეზობრიობის დადგენას გეგმავენ, რათა დაავადებული პაციენტებისათვის სილდენაფილის სასარგებლო თვისებები დაამტკიცონ.
როგორც სხვა ექსპერტი, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ტარა სპაირს-ჯონსი აცხადებს, დამატებითი კვლევებით უნდა დადასტურდეს, ნამდვილად ამცირებს თუ არა იგი ალცჰაიმერის რისკს, მანამდე კი სილდენაფილის საპრევენციო საშუალებად მიღება არ ღირს. ხოლო როგორც ტასმანიის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა ლექტორი, ჯეკ აუტი ამბობს, კვლევის ამ სფეროში არაერთ მედიკამენტს აღუძრავს მსგავსი აღტაცება, რომელიც შემდეგ კლინიკურ ცდებში გაქარწყლდა, ამიტომაც იგი გუნდის მუშაობას ყურადღებით მიადევნებს თვალს.
კომენტარები