აშშ-ში ალცჰაიმერის მქონე პაციენტებზე ნაზალური ვაქცინის გამოცდა იწყება
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ბრიგემის სახელობის ქალთა საავადმყოფო ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებზე ნაზალური ვაქცინის გამოცდას იწყებს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. კლინიკური კვლევის მიზანი AD-ის წინააღმდეგ ცხვირის სპეციალური სპრეის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დარწმუნებაა.
პრეპარატის დანიშნულება ამ ნეიროდეგენერაციული დარღვევის თავიდან აცილება და მისი განვითარების შეფერხებაა. მის შექმნაზე მეცნიერები დაახლოებით 2 დეკადის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი თქმით, ტესტირების ეტაპზე გადასვლა მრავალწლიანი შრომის კულმინაცია და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ სპრეის გამოყენება კარგ შედეგს აჩვენებს, ის ზემოხსენებული დიაგნოზის მქონე ადამიანების მკურნალობის ახალ, არატოქსიკურ მეთოდად იქცევა და დაავადების პრევენციაშიც დაგვეხმარება.
ვაქცინა იმუნომოდულატორ პროტოლინს შეიცავს. ეს ინტრანაზალური აგენტი, რომელიც ბაქტერიებისგან მიღებული ცილებითაა შედგენილი, იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. ამას ის ლიმფურ კვანძებში არსებული ლეიკოციტების გააქტიურების გზით ახერხებს, რომლებსაც ტვინში ბეტა ამილოიდების განადგურებისკენ უბიძგებს. ამ უკანასკნელის ჭარბი რაოდენობა ალცჰაიმერის ინდიკატორად მიიჩნევა.
"ბოლო 20 წელიწადში იმის არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ, რომ ბეტა ამილოიდების რიცხვის შემცირებაში იმუნური სისტემა მთავარ როლს ასრულებს. ეს ვაქცინა კი მის ამ თვისებას უფრო აძლიერებს. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა გზა არა მხოლოდ ალცჰაიმერის, არამედ სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობისკენაც გაგვიკვალა", — აცხადებს პროფესორი ტანუჯა ჩიტნისი.
როგორც ცნობილია, ვაქცინის კლინიკურ ცდაში 60-დან 85 წლამდე ასაკის 16 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ადრეული, სიმპტომური AD აქვს, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელია. მათ ორგანიზმში 1 კვირის შუალედით პრეპარატის 2 დოზას შეიყვანენ.
კომენტარები