ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკის ბინადარ ორ ბეჰემოთს COVID-19 დაუდასტურდა, რაც ცხოველების ამ სახეობაში ეს ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.

14 წლის იმანსა და 41 წლის ჰერმიანს სურდოს გარდა სხვა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მაგრამ სიფრთხილისთვის ზოოპარკის ადმინისტრაციამ ისინი კარანტინში გადაიყვანა.

"ჩემი ინფორმაციით, ეს ამ სახეობაში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა, რადგან ვირუსი ძირითადად დიდ მაიმუნებსა და კატისებრთა ოჯახის წევრებს უფიქსირდებოდათ", — ამბობს ზოოპარკის ვეტერინარი.

თუ თავიდან ითვლებოდა, რომ კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადადიოდა, ახლა ვხედავთ, რომ ადამიანებიდან ცხოველებზე გასავლის ფაქტებიც ხშირია.

კატები, ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები პატრონთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდებიან. ზოოპარკებში კი ვირუსი პანთერათა გვარის წარმომადგენლებს, წავებსა და პრიმატებს დაუდასტურდათ. დაავადება ასევე გავრცელდა წაულას მეურნეობებში და ისეთ გარეულ ცხოველებსაც შეეხო, როგორიც ირემია.

ანტვერპენის ზოოპარკში ვირუსის გავრცელების წყაროს ისევ იკვლევენ, რადგან თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდასტურდათ და არც სიმპტომები აღენიშნებათ.