პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება, რამაც საშუალება მისცათ, რომ პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაეზარდათ, ხოლო ვალი შეემცირებინათ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"წელს, მოგეხსენებათ კარგად, რომ გვქონდა ძლიერი, მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ვარაუდით, პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით, ეს ერთი. ამას გარდა, ვალის შემცირებაც, ასევე, მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით 60%-დან, რომელიც იყო ჩვენი საგარეო მთლიანი ვალი, შემცირდება 51,1%-მდე", — განაცხადა მან.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,5% იყო.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-მდე იქნებოდა.

უნდა ითქვას, რომ 2020 წლის ოქტომბერში ეკონომიკის წლიური ვარდა 3,9% იყო. შესაბამისად, წელს 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ეკონომიკა 2,7%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12,8%-იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,8%-ით იკლო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა, მერე კვარტალში 28,9%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მთავრობა წელს ეკონომიკის 10%-ით გაზრდას ელოდება.