კონსილიუმის ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი და თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მისი თქმით, ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია და დღეს იყო მისი გატარების პირველი მცდელობა.

"ამ ეტაპზე, ლაბორატორიუი კვლევის შედეგებიდან თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას, თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აკეთებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინს.

რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე, კვების პარალელურად, მისაღები მედიკამენტების დოზირების კორექცია და ასევე, მათი ჩამონათვალიც კორექტირდება. ინფორმაციას", — აღნიშნა მან.

კითხვაზე, უჭირს თუ არა სააკაშვილს გადაადგილება, ექიმი პასუხობს, რომ შიმშილობის 50-დღიანი ვადის შემდეგ "ადამიანს აუცილებლად გაუჭირდებოდა" გადაადგილება. თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია.

რაც შეეხება კონსილიუმის წევრ ნევროლოგს, მისი თქმით, ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია. თუმცა "რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები", რასაც დრო სჭირდება.

"ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, რჩება რაღაც გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რასაც სჭირდება დრო, მათ უკუგანვითარებას და აღმოფხვრას. მკურნალობა მიდის შეჯერებულად ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა ყველა ასპექტის გათვალისწინებით.

დამატებით მედიკამენტური მკურნალობა, რასაკვირველია, მიდის, ხდება მიკროელემენტებით, ვიტამინებით შევსება, რომ თავიდან იყოს აცილებული ასეთი ხანგრძლივი შიმშილობის შედეგები", — აღნიშნა მან.

ექიმის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღე იცვლება სააკაშვილის მდგომარეობა, წინასწარ პროგნოზის გაკეთება, შეძლებს თუ არა ის სასამართლო სხდომაზე დასწრებას, შეუძლებელია.