რა არის აქცია?
აქცია ფასიანი ქაღალდია, რომელიც კომპანიის წილის მფლობელობას გამოხატავს — თუ აქციას ფლობ, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მეწილე ხარ.
როდესაც კომპანიას ფული სჭირდება, მას ორი ძირითადი არჩევანი აქვს: აიღოს სესხი, ან გამოუშვას აქციები. აქციების გაყიდვის შედეგად კომპანია იღებს ფულს, რომლის გამოყენებასაც სხვადასხვა მიზნით შეძლებს — დაფარავს მიმდინარე ვალდებულებებს, განავითარებს ბიზნესს და სხვა.
კომპანია ეძებს ინვესტორებს, რომლებსაც საკუთარი ფირმის წილს სთავაზობს, სანაცვლოდ კი საკუთარი საჭიროებების დაფინანსებისთვის ფულს იღებს. კომპანიებისა და ინვესტორების, ანუ აქციების მყიდველების შეხვედრის ადგილი საფონდო ბირჟაა.
ინვესტორების ინტერესი, შეიძინონ კომპანიის აქციები შემდეგში მდგომარეობს: მათი მიზანია იყიდონ ისეთი ფირმის წილი, რომლის ღირებულებაც სამომავლოდ გაიზრდება — შესაბამისად, გაიზრდება მათი აქციების ღირებულებაც.
რომელი კომპანია შეიძლება გაიზარდოს სამომავლოდ, ამის განსაზღვა არც ისე მარტივია და, ბუნებრივია, შეფასების საგანს წარმოადგენს. ამასთან, ეს ბიზნესმენის საინვესტიციო ალღოზე, ანალიტიკურ უნარებსა და სხვა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, როდესაც ინვესტორები კომპანიების აქციებს ყიდულობენ, მათი ინტერესია მიიღონ სარგებელი — დივიდენდები. გასათვალისწინებელია, რომ დივიდენდებს შედარებით სტაბილური და "ხანდაზმული" კომპანიები გასცემენ, რადგან დამწყებთათვის მთავარი პრიორიტეტი მაინც განვითარებაზე კონცენტრირებაა.
დივიდენდი არის კომპანიის მოგება, რომელიც მის მფლობელებზე ნაწილდება. როდესაც ფირმა მოგებას იღებს, მას შეუძლია ეს თანხა დივიდენდებზე გაანაწილოს, ან რეინვესტირებისთვის მიმართოს. რეინვესტირებაში მეტი თანამშრომლის დაქირავება, წარმოების ზრდა და მსგავსი გადაწყვეტილებები იგულისხმება.
რა ტიპის აქციები არსებობს?
ბაზარზე ორი ძირითადი სახის აქციას შეხვდებით — ესენია ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები.
ჩვეულებრივი აქციების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ხმის მიცემის უფლებას ითვალისწინებს — ერთი წილი, როგორც წესი, ერთ ხმას უდრის. ინვესტორები, რომლებიც ჩვეულებრივ აქციებს ფლობენ, კომპანიის ყოველწლიურ საერთო შეკრებებს ესწრებიან და კორპორაციულ და სტრატეგიულ საკითხებზე ხმას აძლევენ — ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ინვესტორები, რომლებსაც კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა არ აინტერესებთ და დივიდენდების მიღება სურთ, პრივილეგირებულ აქციებს ირჩევენ. ის ობლიგაციასაც წააგავს, რადგან ასეთი აქციების შემთხვევაში ფიქსირებულ დივიდენდებს სასესხო ვალდებულებების მსგავსად იხდიან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც აქციის მფლობელს ფასიანი ქაღალდის გაყიდვა და შემოსავლის ასე მიღებაც შეუძლია.
სად ჩავდოთ ფული?
არ არის მარტივი გადასაწყვეტი, სად დააბანდო საკუთარი ფული. გადაწყვეტილების მიღებისთვის კი პირველ რიგში იმის გააზრებაა საჭირო, რა გინდა შენ. ამასთან, გასათვალისწინებელია დასაბანდებელი ფულის მოცულობაც.
თუ არჩევანს სტარტაპზე შეაჩერებ, უნდა განსაზღვრო მისი შესაძლო ზრდის პერსპექტივა და აქცენტი სამომავლოდ მისი აქციების ფასის გაზრდით მიღებულ მოგებაზე უნდა გააკეთო — მოკლევადიან პერსპექტივაში მსგავსი ფირმა დივიდენდს ვერ მოგცემს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტარტაპი ყოველთვის მეტ რისკთან ასოცირდება და სასურველი შედეგის მიღებას უფრო მეტი ძალიხსმევა ესაჭიროება.
იმ შემთხვევაში, თუ შენი პრიორიტეტი დასვენება, პენსიაში გასვლა და შედარებით სტაბილური შემოსავლის მიღებაა, ფულს გაზრდილ და ჩამოყალიბებულ კომპანიაში ჩადებ — იქ, სადაც ყველა ქარიშხალი უკვე გადაირეს, აღმავლობისა და დაღმავლობის ტალღები გადალახეს და სტაბილურობას მიაღწიეს — აქ შენი აქცენტი დივიდენდის მიღებაზე გაკეთდება.
როგორ ვივაჭროთ აქციებით?
საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სწრაფად, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა ღილაკზე ერთი დაჭერით, საკუთარ მობილბანკში 1 დოლარითაც კი შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესიტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
კომენტარები