მარო მაყაშვილის გამოსახულებით სიმბოლური კუპიურა შეიქმნა — UNFPA Georgia-სა და Avon-ის კამპანია
ისეთი მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, როგორიც გენდერული თანასწორობაა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სხვა პრობლემების მსგავსად, გენდერული უთანასწორობაც ხომ ყველაზე კარგად საზოგადოების ყოველდღიურობაში აირეკლება. თითოეული, თუნდაც ყველაზე სიმბოლური ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების დანგრევას ემსახურება, გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში მოპოვებული უდიდესი გამარჯვებაა.
სწორედ ყოველდღიურობად ქცეული სტერეოტიპების შეცვლა დაისახეს მიზნად გაეროს მოსახლების ფონდმა (UNFPA Georgia) და Avon-მა არსებული პრობლემის თვალსაჩინოებისთვის მათ ეროვნულ ვალუტაზე არსებული გენდერულ დისბალანსს გაუსვეს ხაზი. 6 გავრცელებული ბანკნოტიდან მხოლოდ ერთზეა გამოსახული ქალი (თამარ მეფე 50-ლარიანზე).
ერთი მხრივ, ფულთან ნებისმიერ ჩვენგანს ყოველდღიური შეხება აქვს, მეორე მხრივ კი ეროვნული კუპიურა ქვეყნის მთავარ ღირებულებებზე გვიქმნის წარმოდგენას. ქართული საზოგადოების განვითარებაში კი საკუთარი წვლილი უამრავმა ქალმა — მწერალმა, მხატვარმა, პოლიტიკოსმა, მფრინავმა, რეჟისორმა თუ უფლებადამცველმა შეიტანა.
ამ ქალების მიღწევებისა და უდიდესი წვლილის ხაზგასასმელად On.ge-მ აგვისტოს ბოლოს გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში ჩვენს მკითხველებს უნდა აერჩიათ ქალი, რომელიც, მათი აზრით, ეროვნულ ვალუტაზე უნდა იყოს გამოსახული. გამოკითხვაში 8097-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 52%-მა პროცენტმა მხარი მარო მაყაშვილს დაუჭირა.
ასე აღმოჩნდა 1921 წლის 19 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული 19 წლის მარო მაყაშვილი 19-ლარიან სიმბოლურ კუპიურაზე, რომელიც Avon-ისა და გაეროს მოსახლების ფონდის საერთო პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების ანალიტიკოსმა სალომე ბენიძემ ისაუბრა:
"ჩვენთან ყველაფერი ქალით იწყება. 135 წლის წინ, სანამ ქალი მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ჩვენს ბრენდს უკვე ჰყავდა დასაქმებული ქალი. 6 მილიონი წარმომადგენელი არსებობს დღეს მსოფლიოში Avon-ის გარშემო და 10 ათასზე მეტმა ქალმა დაგვიკავშირა თავისი ყოველდღიურობა საქართველოში, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც როგორც ფინანსურად, ისე სოციალური თვალსაზრისით მოხმარდება ქალების კეთილდღეობას და ეს პროექტიც არის ერთ-ერთი ღირსეული, წინ გადადგმული ნაბიჯი გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის", — აცხადებენ Avon-ში.
კამპანიის მიზნებსა და მის განსახორციელებლად ბანკნოტის არჩევის მნიშვნელობაზე კამპანიის იდეის ავტორმა, გიორგი პოპიაშვილმაც ისაუბრა:
"შემოქმედებითი საკომუნიკაციო იდეის ფუნქცია არის ის, რომ პრობლემა უფრო თვალსაჩინო და მარტივად გასაგები გახადოს და აქიდან გამომდინარე, როდესაც ამ ბრიფზე ვმუშაობდი, მივაგენი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო მედიუმს, რაც არის ბანკნოტები, რომელთანაც, ერთი მხრივ, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ყოველდღიური შეხება, მეორე მხრივ, ძალიან თვალსაჩინოდ არის ჩვენს ბანკნოტებზე წარმოდგენილი გენდერული დისბალანსის პრობლემა, როდესაც 6 ძირითადი კუპიურიდან მხოლოდ ერთზეა ქალი წარმოდგენილი", — ამბობს გიორგი.
On.ge-ის გამოკითხვაში წარმოდგენილი ქალების მსგავსად, ქვეყნისა და ქალთა უფლებების კუთხით მარო მაყაშვილის წვლილი ნამდვილად დიდია. მარო მაყაშვილი სტუდენტი და აქტიური მოქალაქე იყო, რომელიც 1 საუკუნის გასვლის შემდეგაც კი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევა.
1921 წელს კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიას ქართველი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. მარო წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ორ დღეში ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველ იუნკრებთან ერთად, მარო მაყაშვილი თბილისში, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე დაკრძალეს.
თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის გარდა, მარო მაყაშვილის დღიურმა განათლების მიღების აუცილებლობაზე მისი აზრებიც შემოგვინახა. ის ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც პირველ ქართულ უნივერსიტეტში ჩააბარა და უცხოეთში სწავლაზეც ოცნებობდა. ამასთანავე, დღიურში თანასწორობასა და საზოგადოებაში ქალის როლზე მაროს მოსაზრებებსაც ვეცნობით. თამამად შეგვიძლია თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მებრძოლ ქალადაც მივიჩნიოთ.
კუპიურის მეორე მხარეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მარკებსა და ნიშნებზე გამოსახული მებრძოლი ქალები არიან დატანილნი. 19-ლარიანი კუპიურა გენდერული უთანასწორობის პრობლემის შემჩნევასა და საზოგადოებისთვის მათ შეხსენებას ემსახურება.
19-ლარიანი კუპიურა კამპანიის, სახელად "მაროს სახელით" ნაწილია. თუმცა კამპანია მხოლოდ მაროს პოპულარიზაციასა და მისი უდიდესი წვლილის დაფასებას როდი ემსახურება — ის ყველა იმ ქალს ეძღვნება, რომლის მოღვაწეობამაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორია დაწერა.
ისეთი კომპლექსური პრობლემის მოგვარება, როგორიც გენდერული უთანასწორობაა, პატარ-პატარა ცვლილებების საშუალებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იწყება. ერთი ასეთი წვეთი მაროს გამოსახულებით შექმნილი სიმბოლური კუპიურაა, რომელიც საზოგადოებას მაროსა და მისი თანამოაზრე ქალების უდიდესი წვლილის შესახებ შეახსენებს. ყოველი ასეთი წვეთი კი საბოლოოდ იმ ტალღას შექმნის, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს საბოლოოდ დაამსხვრევს.
კომენტარები