5 რამ, რაც ჩვენს ორგანიზმში შემოდგომაზე იცვლება
ალბათ, სულაც არაა საჭირო ხანგრძლივი კვლევა-ძიების ჩატარება იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის შემოდგომა საუკეთესო სეზონია. წლის ამ დროის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელის და პირველი სექტემბრის გათენებისთანავე კმაყოფილების გრძნობა ეუფლება.
თბილი და კომფორტული ტანსაცმელი, ზომიერი ტემპერატურა, ჰაერში დატრიალებული ფერადი ფოთლებისა და სველი მიწის სურნელი, სასიამოვნო სუსხი — ეს მხოლოდ იმის მცირე ჩამონათვალია, რაც აღნიშნულ სეზონს განსაკუთრებულად აქცევს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ამ პერიოდში გარემოში მოზღვავებული თბილი ფერები ჩვენს ემოციებსა და განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. მაგალითად, წითელი სიმყუდროვის განცდას ბადებს, ნარინჯისფერი სიხარულთან და სიამოვნებასთან ასოცირდება, ყვითელი ბედნიერებასთან, ყავისფერი კი სტაბილურობასთან.
ასევე, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური დროითი ნიშნულია, რომელსაც ახლის დასაწყისთან ვაიგივებთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს ადამიანის ორგანიზმი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგი მათგანი არც ისეთი დადებითია.
ამ სტატიაში სწორედ იმ 5 მთავარი ფიზიოლოგიური პროცესის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენს სხეულში შემოდგომაზე მიმდინარეობს.
შემოდგომის გავლენა ადამიანის ცირკადულ რიტმზე
ცირკადული რიტმი შინაგანი დროითი ციკლია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს 24 საათის განმავლობაში აწესრიგებს და ძილ-ღვიძილის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს. შემოდგომაზე დღე მოკლდება, ღამე კი ჩვეულებრივზე გრძელია, რის შედეგადაც ზემოხსენებული რიტმი საგრძნობლად ირღვევა.
ამ პერიოდში ბევრ ჩვენგანს იმაზე დიდხანს სძინავს, ვიდრე გაზაფხულსა თუ ზაფხულზე. კერძოდ, დადგენილია, რომ ოქტომბრის თვეში, როცა ეს ცვლილება ყველაზე მეტადაა შესამჩნევი, ძილში საშუალოდ 2.7 საათით მეტს ვატარებთ.
ამ მოვლენას ჰიპერსომნია ეწოდება და ჭარბ ძილიანობას გულისხმობს. ის ყველასთვის კარგად ნაცნობი დარღვევის, ინსომნიის საპირისპიროა და დღის სინათლის ნაკლებობითაა განპირობებული.
იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე თვალის ბადურა საკმარისი რაოდენობის ულტრაიისფერ სხივებს, სხეული კი D ვიტამინს ვერ იღებს, ზედმეტი ძილის მიუხედავად, მაინც დაღლილს გვეღვიძება და ენერგიის აღდგენას ვერ ვახერხებთ. ამით აიხსნება მუდმივი დაქანცულობის შეგრძნება, რომელიც შემოდგომაზე იჩენს ხოლმე თავს.
შემოდგომის გავლენა გუნება-განწყობაზე
ფოთოლცვენის პერიოდს ხშირად თან ახლავს მელანქოლიური განწყობა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველსა და შემოქმედებითად ნაყოფიერსაც კი ხდის. თუმცა, ზოგი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ნაღვლიანობის საზღვრებს სცდება და სეზონური აფექტური აშლილობის სახეს იღებს, რომელიც, შესაძლოა, თქვენც გამოგიცდიათ.
ეს გახლავთ დეპრესიის ერთგვარი ტიპი, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დროს, გვიან შემოდგომაზე ან ადრეულ ზამთარში ვლინდება. მისთვის დამახასიათებელია უგუნებობა, უენერგიობა, ძილის დარღვევა, უიმედობა, სუიციდური ფიქრები, ასოციალიზაცია და ა.შ.
მიიჩნევა, რომ ამის მიზეზი ისევ და ისევ მზის სხივების დეფიციტი, D ვიტამინის ნაკლებობა, ცირკადული რიტმის დარღვევა და უხარისხო ძილია. ასევე, შემოდგომაზე ჩვენს ორგანიზმში ჰორმონების დონეც იცვლება. მათ შორისაა კორტიზოლი, რომელიც დილით გამოფხიზლებაში გვეხმარება, "ბედნიერების ჰორმონი" სეროტონინი, მელატონინი და დოფამინი. ამ მოლეკულების არასაკმარისი რაოდენობა თითოეული ჩვენგანის ხასიათზე უარყოფითად აისახება.
შემოდგომის გავლენა მახსოვრობაზე
ახლა კი დროა, შემოდგომის დადებით მხარეებზეც ვისაუბროთ.
უკვე მრავალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ყოველ სეზონზე ადამიანის გონება განსხვავებულად ფუნქციონირებს. მაგალითად, ზაფხულში ტვინის აქტიურობა იზრდება, როცა საქმე კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად კონცენტრირებულები ვხდებით.
რაც შეეხება შემოდგომას, ის მეხსიერებას სერიოზულ ბიძგს აძლევს, ბევრად პროდუქტიულს გვხდის და პრობლემების გადაჭრის უნარს გვიუმჯობესებს. ამ დროს ტვინის ის ნაწილი, რომელიც ფაქტების დამახსოვრებაზეა პასუხისმგებელი, სრული დატვირთვით მუშაობს და იმის შანსიც დიდია, რომ აბსტრაქტულ აზროვნებაში წინსვლა და ახალი იდეების მოზღვავება ვიგრძნოთ.
ვარაუდობენ, რომ ჩვენს გონებაზე მსგავს სეზონურ გავლენას ესა თუ ის ფაქტორი განაპირობებს, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, სოციალური ურთიერთობების სიხშირე, ფიზიკური აქტიურობა და სხვა. აქედან გამომდინარე, თითოეულ ინდივიდზე ეს ეფექტი განსხვავებული სიმძაფრით ვლინდება.
შემოდგომის გავლენა ლიბიდოზე
თუ ამ სეზონზე თქვენი ლიბიდო იმაზე მეტადაა გაძლიერებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, მარტონი ნამდვილად არ ხართ. მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ შემოდგომაზე ადამიანთა სექსუალური ლტოლვა გამძაფრებულია და ზაფხულთან შედარებით, უფრო ხშირად გვახსენებს თავს.
ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა, გაგვიკვირდეს კიდეც, რადგან უენერგიობისა და მუდმივი მოთენთილობის ფონზე მსგავსი აღგზნებადობა ძნელად წარმოსადგენია. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ განსაკუთრებით ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში ჩვენი სქესობრივი აქტიურობა პიკს აღწევს.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ შემოდგომაზე ქალისა და კაცის სხეულში სასქესო ჰორმონების დონე საგრძნობლად იზრდება. პირველ შემთხვევაში, ორგანიზმში ჭარბი ესტროგენი გამოიყოფა, ხოლო მეორეში — ტესტოსტერონი. შედეგად, დაქვეითებულ ლიბიდოს იშვიათად თუ უჩივის ვინმე.
შემოდგომის გავლენა კვებით რაციონზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად, განწყობის, ტვინის ფუნქციონირების, ცირკადული რიტმისა და ლიბიდოს გარდა, ჩვენი კვებითი რაციონიც იცვლება.
სიცივეში ისეთი მაღალკალორიული საკვების მირთმევის სურვილი გვიჩნდება, რომელიც ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარია. ასე ადამიანის სხეული სეროტონინის დონის მომატებასა და ენერგიის მარაგის შევსებას ცდილობს. ამ უკანასკნელის შენარჩუნებისა და ზამთრისთვის მომზადების მიზნით, მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლაც კი ნელდება.
შესაბამისად, ფოთოლცვენის სეზონზე წონაში ვიმატებთ, რასაც ნაკლები ფიზიკური დატვირთვაც უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ არსებობს გაუწყლოების რისკიც, რადგან შემოდგომაზე საკმარის H2O-ს არ ვიღებთ და დიდწილად ყავასა თუ ჩაის ვჯერდებით.
კომენტარები