ექსპერტების ნაწილი მეტავერსზე გვაფრთხილებს — "ეს საშიში დისტოპიაა"
Meta ფეისბუქის რებრენდინგის პროცესია და ეს სახელი დაკავშირებულია მეტავერსთან. ამ ყველაფერში მარკ ცუკერბერგი მილიარდობით დოლარის ინვესტიციას აპირებს, რათა შეიქმნას ვირტუალური რეალობის სამყარო, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება შეეძლებათ. თუ თქვენ ამ იდეას რაღაცით Black Mirror-ის სერიების სიუჟეტს ამსგავსებთ, მარტო ნამდვილად არ ხართ. ტექნოლიგიებთან დაკავშრებულმა არაერთმა ექსპერტმა გამოხატა თავისი შეშფოთება ამ იდეის მიმართ.
ასევე: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
ერთ-ერთი ასეთი დოქტორი დევიდ რეიდია, ხელოვნური ინტელექტისა და სივრცითი გამოთვლების პროფესორი ლივერპულის ჰოუპის უნივერსიტეტში. მას მიაჩნია, რომ მეტავერსს კაცობრიობისთვის ბევრი საინტერესო სიახლის მიცემის პოტენციალი აქვს, თუმცა, ის რისკებზეც აქტიურად საუბრობს. ასეთი რისკებია მონაცემთა კონფიდენციალობის პრობლემა და კიბერბულინგი (ჩაგვრა).
"მეტავერსს ძალიან დიდი შედეგები მოჰყვება: მას ექნება ფანტასტიკური უპირატესობები, მაგრამ საფრთხეებიც. ჩვენ გვჭირდება უაღრესად ძლიერი სისტემა მეტავერსის გასაკონტროლებლად", — თქვა დოქტორ რიდმა განცხადებაში.
მისი თქმით, უკვე სახიფათოა ის თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მაგალითად ტვიტერს პოლიტიკაზე. ეს გავლენები კი ბევრად გაიზრდება ისეთ რეალობაში, სადაც ადამიანების პირდაპირ "გადაგზავნა" იქნება შესაძლებელია. რიდი აქ ვირტუალური რეალობის შესაძლებლობებზე საუბრობს, რა დროსაც ადამიანებს ბევრად მეტის შეგრძნება შეეძლებათ, ვიდრე ეს ციფრულად განთავსებული სტატუსების თუ განცხადებების წაკითხვაა.
"ამასთან, ჩნდება შეკითხვები, თუ რამდენად საშიში შეიძლება გახდეს ვირტუალურ რეალობაში ადამიანების ჩაგვრა, ვინ შეძლებს ამის გაკონტროლებას? მე ვიტყოდი, რომ მას აქვს პოტენციალი იყოს ბევრად, ბევრად უფრო ექსტრემალური. ვირტუალურ რეალობაში ადამიანებზე მანიპულირება უფრო მარტივი და შესაბამისად სახიფათოც იქნება", — ამბობს ის.
რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რიდის თქმით, სულ უფრო წაიშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. ადამიანები ვეღარ გაარჩევენ მათ. შესაბამისად, ვინც გახდება ამ რეალობის მმართველი, მას ექნება წვდომა უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემებზე და გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე.
სწორედ ამიტომ, რიდი გვაფრთხილებს, რომ ასეთი დიდი ძალაუფლება ერთი კონკრეტული კომპანიის ხელში არ უნდა იყოს. მისი თქმით, საჭიროა კონტროლის მექანიზმები.
რიდი მარტო არ არის ვინც მეტავერსთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მეტავერსის კიდევ ერთი ცნობილი კრიტიკოსი არის როჯერ მაკნემი, ფეისბუქის ადრეული ინვესტორი, რომელიც ახლა კომპანიას ხშირად აკრიტიკებს.
ამ კვირაში ლისაბონში გამართულ ვებ სამიტზე გამოსვლისას მაკნემიმ თქვა, რომ მეტავერსის პროექტი Facebook-ის მიერ იქნა შემუშავებული, რათა ყურადღება გადაეტანა სხვა რამეზე. ყურადღების გადატანა კი, მაკნემის თქმით, კომპანიას ბოლო დროს წამოსული კრიტიკის მოსაშორებლად სჭირდებოდა.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: FACEBOOK — პრობლემები, უსაფრთხოება და ამბიციები
"Facebook-ს არ უნდა მიეცეს საშიში დისტოპიური მეტავერსის შექმნის უფლება. საჭიროა მარეგულირებელი, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს", — უთხრა მან BBC-ის.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები