შიშის მეცნიერება: რატომ გვეშინია და რა ხდება ამ დროს ჩვენში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

"არ უნდა მეშინოდეს. შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, სრული დავიწყება რომ მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე" — "დიუნი", ფრენკ ჰერბერტი.

შიშის ბუნება

შიში ისეთივე ძველია როგორც კომპლექსური სიცოცხლე. ის დედამიწაზე ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენ და თუ ერთ დღეს ადამიანები გავქრებით, შიში ჩვენს შემდეგაც დარჩება. მსგავსი მოცემულობა, ჩვენთვის, ადამიანებისთვის შეიძლება საშიშად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა. შიშის ბუნება სიცოცხლის ციკლშია გამჯდარი და ამ გადმოსახედიდან ის იქნება მანამ, სანამ თავად სიცოცხლე იარსებებს. ეს არის ფუნდამენტური, სიცოცხლესთან ღრმად დაკავშირებული რეაქცია, რომელიც ევოლუციის პროცესში, სიცოცხლესთან ერთად განვითარდა და მეტამორფოზირდა სხვადასხვა ფორმებში.

შიში შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი როგორიც ბუზის აფრენაა მოქნეული ხელისას, ან ისეთივე კომპლექსური, როგორიც ეგზისტენციალური შფოთვაა ადამიანში. მიუხედავად საერთო მამოძრავებელისა, შიში შეიძლება იყოს სუბიექტური და დამოკიდებული იმაზე თუ რომელი სიცოცხლის ფორმა ხართ. ადამიანების შემთხვევაშიც ასეა, მეტიც, ჩვენი, როგორც ინდივიდის შიში შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებული იმაზე თუ ვინ ვართ, რისი გვწამს, სად გავიზარდეთ და რისი თუ ვისი გავლენების ქვეშ ვართ მოქცეული.

თუმცა, შიში ყოველ ჩვენგანშია. პრაქტიკულ დონეზე, შიშის მიზანია დაიცვას ორგანიზმები საფრთხისგან და დაეხმაროს მათ გამრავლებასა და გადარჩენაში. მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, ის ერთგვარი უნარია, რომელიც ევოლუციის პროცესში ჩვენს წინაპრებთან ერთად ვითარდებოდა, ეხმარებოდა რა მათ გარემოს განსაზღვრაში, საფრთხის ამოცნობასა და გაანალიზებაში.

შიშის ისტორია

შიშს უდიდესი ისტორია აქვს, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ მის ნაწილს მოვესწარით. ჰომო საპიენსი დააახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს და შიშსაც სწორედ ამდენი ხანია რაც ვეზიარეთ. მანამდე კი დედამიწაზე მილიონობით წლის განმავლობაში მილიონობით სახეობა იყო, რომელსაც ეშინოდა. ჩვენ მათ შიშებზე ცოტა რამ ვიცით.

შიშის ისტორიაში ფუნდამენტური გარდატეხა ალბათ მაშინ მოხდა, როდესაც ორ ფეხზე მოსიარულე არსებას, სხვა სიცოცხლის ფორმებისგან განსხვავებით, პირველად გაუჩნდა შეკითხვები: ვინ ვარ? სად ვარ? საიდან მოვდივარ? სად მივდივარ? ეს ის შეკითხვები იყო, რაზეც ჩვენს უძველეს წინაპრებს პასუხები არ გააჩნდათ და ბუნებრივია ამის გამო, მათ შიში დაეუფლებოდათ. ეს ის მომენტია, როდესაც ცნობიერი იბადება, მას კი თან უამრავი ახალი შიში მოჰყვა.

ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ სწორედ ეს შიში და "ეგზისტენციის წვა" იყო მთავარი მოტივატორი ჩვენი სახეობის განვითარებისა და პროგრესის. ადამიანებმა კითხვებზე პასუხების მისაღებად უამრავი კულტურა და ცივილიზაცია შექმნეს. ეს ერთობა ადამიანებს საფრთხეებისგან იცავდა და ხსენებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას სხვადასხვა ღვთაების, რელიგიისა თუ რწმენის ხარჯზე ცდილობდა.

ყველა კულტურას თუ ცივილიზაციას თავისებური მიდგომა ჰქონდა შიშის მიმართ. უმეტესად ადამიანები შიშს "ლაჩრობას" და "უღირს" გამოვლინებად მიიჩნევდნენ. დროსთან ერთად ადამიანმა შიშის ფილოსოფიაზე დაიწყო ფიქრო. ვინც მუდმივად შიშის ტყვეობაში იმყოფება არისტოტელეს "დიდი ეთიკის" მიხედვით ლაჩარია, ხოლო სრულიად უშიშარი შლეგი. არისტოტელესთვის ეს ორი უკიდურესი მდგომარეობაა, ხოლო ძალა ზომიერებაშია, ესე იგი, შუაში. ამას არისტოტელე კეთილგონიერებასა და გაწონასწორებულობას უწოდებს.

დღეს მეცნიერების განვითარებასთან ერთად ჩვენ ბევრად მეტი ვიცით საკუთარ ფიზიოლოგიაზე, ბუნებასა და ფსიქოლოგიაზე. ამიტომ, შიშის უფრო კომპლექსურად განსაზღვრაც შეგვიძლია.

როგორ განვიცდით შიშს და სად არის ის (შიშის მეცნიერება)

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიში ლაჩრობა არ არის. შიში ემოციის სახეა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ორგანიზმის შეხედულებებისა და ემოციური მდგომარეობის მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარა ხორციელდება. ეს ისეთივე ემოციაა, როგორიც ბედნიერება, სევდა, ბრაზი და სხვა. ხშირად ეს ემოციები ერთმანეთთან იკვეთება და საბოლოოდ ჩვენს კონკრეტულ ქცევებში ისახება. ამ მხრივ, როგორც ცხოველებში, ადამიანებშიც ბაზისური ნერვული კავშირები მოქმედებს.

სად არის შიში? შიში ჩვენს ტვინშია და აქედან მთელს სხეულზე ვრცელდება. უფრო კონკრეტულად შიში იწყება ტვინის იმ რეგიონში, რომელსაც ამიგდალა ეწოდება. ეს ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურაა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში საფეთქლის წილის სიღრმეში და აქვს ნუშისებრი ფორმა. ეს სისტემა მონაწილეობს არაცნობიერი ემოციური სტიმულების გადამუშავებაში და განსაზღვრავს ადამიანის ემოციებს: აგრესიას, შფოთს და შიშს.

ამიგდალა აქტიურდება, როდესაც ვხედავთ ადამიანის სახეზე ემოციას. საფრთხის სტიმული, როგორიცაა მტაცებლის დანახვა, იწვევს შიშის რეაქციას ამიგდალაში, რაც სწორედ იმ უბნებს ააქტიურებს, რაც "გაქცევასა თუ ბრძოლაზეა" პასუხისმგებელი. ეს აქტივობა სტერსული ქიმიკატების გამოყოფას იწვევს, კონკრეტულად კატექოლამინის. ამასთან, გამოიყოფა ისეთი ჰორმონები როგორიცაა: ეპინეფრინი — ადრენალინი და ნორეპრინეფრინი. ეს იწვევს გულის აჩქარებას და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას. ირთვება ჯაჭვური რეაქცია. ამ დროს ჩვენს სხეულში ცვლილებები ხდება, რომლებიც გვამზადებენ საფრთხის წინაშე უფრო ეფექტური რეაქციისთვის. ტვინი ხდება ჰიპერმგრძნობიარე, გუგა ფართოვდება, სუნთქვა ჩქარდება, მატულობს გულისცემა და არტერიული წნევა. სისხლი უფრო აქტიურად მიეწოდება კუნთებს. ეს ყველაფერი კი იმისთვის რათა კონკრეტულ მომენტში უკეთ ვიბრძოლოთ, ან სწრაფად გავიქცეთ.

აღსანიშანვია, რომ არსებობს ისეთი დაავადება, რომლის დროსაც კალციფიკატებით ზიანდება ამიგდალა. ასეთ დროს ადამიანს არ აქვს შიშის შეგრძნება. ბუნებრივია, ადამიანები ასეთი დაავადებით ხშირად იღებენ ტრავმებს, ხვდებიან სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში, მიზეზი კი შიშის ვერ განცდაა. იგივე ხდება იმ პაციენტებთან, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტემპორალური ლობექტომია — საფეთქლის წილის ამოკვეთა.

შიშის ინტერპრეტირება — რისი უნდა გვეშინოდეს და რისი არა

არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტის ფაქტორიც. აქ საქმეში ჰიპოკამპუსი ერთვება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ამიგდალასთან. ჰიპოკამპუსი და პრეფრონტალური ქერქი ეხმარება ტვინს აღქმული საფრთხის ინტერპრეტაციაში. ეს პროცესები დაკავშირებულია კონტექსტის უფრო მაღალი დონის დამუშავებასთან, რაც ეხმარება ადამიანს იცოდეს, არის თუ არა აღქმული საფრთხე რეალური.

მაგალითად, ვეფხვი მტაცებელია და საშიშია. მისი ველურ ბუნებაში დანახვა სახიფათოა და ჩვენი ტვინი გადარჩენაზე იწყებს ფიქრს, თუმცა, ვეფხვს შეიძლება შევხვდეთ ზოოპარკშიც. ამ დროს ჩვენი ტვინი კონტექსტს ამუშავებს და ვეფხვს არა როგორც საფრთხეს, არამედ საინტერესოდ აღიქვამს.

სად მიდის ამ დროს ამიგდალა? არსად, ის ისევ იქ არის, ერთი განსხვავებით, ჰიპოკამპუსი და პრეფონტალური ქერქი ამუშავებს კონტექსტურ ინფორმაციას, ხოლო ინჰიბიტორული გზები ასუსტებს ამიგდალას შიშის რეაქციას და მის შედეგებს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს "აზროვნება" არწმუნებს "ემოციას" რომ სანერვიულო არაფერია და შეუძლია მშვიდად იყოს.

ამასთან, სხვა ცხოველების მსგავსად, ჩვენ ძალიან ხშირად "ვსწავლობთ" შიშს პირადი გამოცდილებიდან. ასეთ დროს გამოცდილებაა მნიშვნელოვანი. გამოცდილება შეიძლება იყოს როგორც უშუალო პრაქტიკიდან, ისე სხვებზე დაკვირვებისას. თუმცა, ადამიანებში სწავლა მულტიფუნქციურია, ჩვენს ტვინს შიშის დასწავლა ტექსტით თუ სხვა ნიშნებით შეუძლია. ზუსტად ამავე პრინციპით ხდება უსაფრთხოების შეცნობაც. საფრთხის და უსაფრთხოების გარჩევა ჩვენი ტვინისთვის ფუნდამენტურია და მასზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე.

შიში როგორც გართობა

შიში, რომელსაც სიბნელეში უცხო ადამიანის გამოჩენისას გრძნობთ და შიში, რომელიც საშინელებათა ფილმის ყურებისას გიპყრობთ, ერთსა და იმავე განგაშს იწვევს ამიგდალაში და ეს 20 მილიწამში ხდება. თუმცა, ერთია განგაში და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მეორეა განგაშის შემდეგ რას გადაწყვეტს ტვინის ქერქი. სწორედ მასზეა დამოკიდებული გვიბიძგებს რეაგირებისკენ, ჩართავს განგაშის სირენებს თუ სულაც გამორთავს მას.

შიშის ასეთი კონტროლი ზოგჯერ ადამიანებში სიამოვნების შეგრძნებას აჩენს. როგორც თავში აღვნიშნე, იმ მომენტში, როცა ტვინი საფრთხეს გრძნობს, ის ჩვენს ორგანიზმს აძლიერებს. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ შიშის კონტროლს შევძლებთ და არც მშიერი ლომის წინ ვდგავართ, ასეთ დროს ადამიანს მსგავსი დაძაბულობა სიამოვნებს. ეს ყველაფერი კი ჰორმონალურ დონეზე ხდება.

ასევე: რატომ გვეშინია სიბნელის? — ახალ კვლევას ამაზე პასუხი აქვს

შიშის სიყვარულს სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებიც აქვს და ეს ყოველდღიური რუტინის დავიწყებაზეც ისახება. როდესაც რაღაც საშიში ხდება, იმ მომენტში, ჩვენ ვივიწყებთ ყოველდღიურ პრობლემებს, ტვინი გადართულია შიშის შეცნობასა და გაკონტროლებაზე. ხოლო თუ ის მართლაც კონტროლირებადია, მაგალითად ვუყურებთ საშინელებათა ფილმს, ან ვზივართ საშიშ ატრაქციონზე, ჩვენ ამ დროს სიამოვნებას ვიღებთ.

თუმცა, ეს ყველაფერი უნივერსალური არ არის, შიშის განცდა და მისგან სიამოვნების მიღება ინდივიდუალურ ფაქტორებზე და ორგანიზმზეა დამოკიდებული.

კენეთ კარტერის, ოქსფორდის კოლეჯის პროფესორისა და კლინიკური ფსიქოლოგის თქმით, "მღელვარებისადმი სწრაფვით გამორჩეულ ხალხს — მათ, ვინც საშიშ სიტუაციებში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს — კონკრეტული, შეგრძნებებისადმი სწრაფვის პიროვნული თავისებურება გააჩნიათ. ეს თვისება განსაზღვრავს, რამდენად მოგვწონს ისეთი აქტივობები, როგორიცაა საშინელებათა ფილმების ყურება, ციცაბო კლდეებზე ცოცვა, პარაშუტით გადმოხტომა და სხვა".

ასევე: რატომ ისწრაფვის ზოგი ადამიანი შიშის განცდისკენ — კვლევა

მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური ტესტები, რის მიხედვითაც ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს ავლენენ. ის ადამიანები, რომლებიც ამ ტესტში შედარებით მეტ ქულას აგროვებენ, როგორც წესი, ქაოსური და საშიში გამოცდილებებისაკენ სწრაფვით (და მოთხოვნილებითაც კი) გამოირჩევიან, შედარებით დაბალი ქულის მქონე ადამიანები კი უხიფათო, ჩვეული გამოცდილებებისაკენ იხრებიან.

და ეს ყველაფერი უბრალოდ პიროვნების არჩევანზე არაა დამოკიდებული. ტესტში მაღალქულიან პირებს სხეულში ჰორმონების, ადრენალინისა და კორტიზოლის შედარებით დაბალი დონეები და მეტი დოპამინი აქვთ იმ ხალხთან შედარებით, ვინც დაბალ ქულებს იღებს. შესაბამისად, საშიშ სიტუაციებში აღმოჩენისას მღელვარებისადმი სწრაფვით გამორჩეული ადამიანები მეტ სიამოვნებასა და ნაკლებ სტრესს განიცდიან. 2018 წელს ჟურნალ Anxiety, Stress & Coping-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეთი ადამიანები, როგორც წესი, მაღალი რისკის მქონე სპორტს უკეთ ართმევენ თავს და სტრესულ პროფესიებსაც კარგად ერგებიან, მაგალითად სპეციალური დანიშნულების ჯარებში ანდა სასწრაფო დახმარების ექიმებად თუ ექთნებად მუშაობას.

შიში როგორც ფობია — რატომ გვეშინია ზედმეტად

შიში საფრთხის მიმართ ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა. სულ სხვა რამაა ფობია, რომლისთვისაც დამახასიათებელია არაცნობიერი, შფოთვის გამომწვევი მუდმივი შიშის განცდა. ფობიების მიზეზი განვითარების ევოლუციურ პრინციპებში, უპირობო რეფლექსებსა და ობიექტებთან დაკავშირებულ რწმენებსა თუ აღქმით მიკერძოებებში შეგვიძლია ვეძებოთ.

კომპლექსური სისტემა, რომელიც ჩვენში შიშის ჩამოყალიბების, განცდასა და რეაგირებას უზრუნველყოფს ყოველთვის იდელაურად გამართულად ვერ მუშაობს. ხანდახან ტვინის ქერქს მყისიერი და არამყისიერი საფრთხეების გარჩევა უჭირს: ოთახი სავსეა მიკრობებით, რა ვიცით, რომ რომელიმე მათგანი მომაკვდინებელი არაა? რა გარანტია არსებობს, რომ ქუჩაში გასვლისას რამე არ დაგვეცემა? თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოა?

ეს ის შეკითხვებია, რაზეც ასე კონკრეტული პასუხები არ არსებობს, ჩვენ გვიწევს რისკების შეფასება და მათი გადაწონა. სწორედ ასეთ დროს შეიძლება გაჩნდეს აკვიატებული შიში, რაც აყალიბებს ფობიას.

უკონტროლო შიში შეიძლება გადაიზარდოს პანიკურ დარღვევებში და პოსტ-ტრავმულ შიშებში კვლევები აჩვენებს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი განიცდის შფოთვითი აშლილობის ფორმას ცხოვრების განმავლობაში, ხოლო თითქმის 8 პროცენტს აქვს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.

ასეთ დროს ხშირია ემოციებზე კონტროლის დაკარგვა, ეს ის მომენტია, როდესაც შფოთვა პანიკის შეტევის ფორმას იღებს. პანიკის შეტევის დროს ადამიანს გული უჩქარდება, თავბრუ ეხვევა და სუნთქვა უჭირს.

"გულის აჩქარება, რომელსაც ავარიის ასაცილებლად სწრაფად დამუხრუჭებისას ვგრძნობთ, პანიკის შეტევის ერთ-ერთი ფორმაა და ის საჭიროა, — ამბობს ფსიქოლოგი ან-მარი ალბანო, — თუმცა ადამიანები, რომლებიც შფოთვით იტანჯებიან, იგივე ეფექტს ოფისში ან წვეულებაზე წასვლისას განიცდიან".

შიშთან თანაცხოვრება

ფოტო: Inside Out

ფრენკ ჰერბერტის საკულტო ნაწარმოების "დიუნის" მთავარი პერსონაჟი, პოლ ატრეიდისი შიშს დიდხანს გაურბის, მაგრამ ერთ მომენტში ჩერდება და ასეთ რაღაცას ამბობს — "არ უნდა მეშინოდეს. შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, სრული დავიწყება რომ მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე".

ეს მშვენიერი მეტაფორაა იმის თუ როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა შიში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიში არ არის ჩვენი მტერი, ის ჩვენ ვართ. როგორც ზემოთ ვნახეთ, შიში ჩვენი კომპლექსური გონების ნაწილია, ის ჩვენს ტვინში ცხოვრობს, ისევე როგორც სხვა ემოციები და მათი ერთობა გვაყალიბებს იმად ვინც ვართ. აქ რთულია არ გაიხსენო შესანიშნავი ანიმაცია Inside Out.

შესაბამისად, თუ მხოლოდ ერთ ემოციას გავყვებით, ის ნამდვილად მოკლავს გონებას, ის შეგვიშლის ხელს იმად ყოფნაში რასაც ჩვენ "მეს" ვეძახით. ის ნამდვილად მცირე სიკვდილი იქნება და მოიტანს სრულ დავიწყებას იმისას თუ ვინ ვართ, რა გვინდა, რა გვსიამოვნებს და რა არა.

პასუხი შეიძლება მართლაც "გადინებაში" იყოს. ჩვენ საკუთარ თავს არ უნდა ვებძროლოთ, არ ვკონცენტრირდეთ კონკრეტულ ემოციაზე და ვიყოთ ის რასაც კომპლექსური ემოციების ერთიანობა აყალიბებს.

ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ შიში ევოლუციის ტაქტიკაა, რითაც მან ცოცხალი ორგანიზმები აღჭურვა. სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით ადამიანები პრივილეგირებულნი ვართ ჩვენი ბუნების შეცნობით.

დაბოლოს, როდესაც მომავალში შიში დაგეუფლებათ, ნუ შეგრცხვებათ მისი, ის დასაფასებელი ინსტრუმენტია, რომელმაც ჩვენი სახეობა ასეთ რთულ სამყაროში აქამდე მოიყვანა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ