რატომ გვეშინია სიბნელის? — ახალ კვლევას ამაზე პასუხი აქვს
კარგად განათებული ქუჩები თუ ბნელი ჩიხი? უმეტესი ჩვენგანი, როგორც წესი, განათებულ ქუჩას აირჩევს. მაგრამ, რატომ ხდება ასე?
სინათლე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ფიზიოლოგიაში. ის მნიშვნელოვანია ჩვენი შიდა ცირკადული საათის რეგულირებისთვის. ასევე, სინათლე მოქმედებს განწყობაზე და ემოციებზე. მიუხედავად ამისა, ის თუ ზუსტად როგორ მოქმედებს შუქი ადამიანის განწყობაზე და ემოციებზე, ეს ბოლომდე ჯერ არ ვიცით.
მღრღნელებზე დაკვირვებები მიანიშნებს, რომ სინათლე ტვინის იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელიც შიშთან და ემოციებთან არის დაკავშირებული. ამ არეს ამიგდალა ეწოდება.
მონაშის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ მეტი გაეგოთ ამის შესახებ. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი ადამიანებზე, ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით (fMRI), რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ მოქმედებს სინათლე და სიბნელე ამიგდალას აქტივობაზე.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა. კვლევით დაადგინეს, რომ ზომიერი სინათლე ამიგდალას აქტივობას უფრო თრგუნავს, ვიდრე სიბნელე. ეს შეიძლება ხსნიდეს იმას, თუ რატომ იწვევს სიბნელე ჩვენში შიშს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 24-მა ადამიანმა, რომლებმაც გაიარეს fMRI ზომიერი სინათლის (100 lux) ან მკრთალი შუქის (10 lux) ზემოქმედების ქვეშ. fMRI საშუალებას აძლევს მკვლევარებს რეალურ დროში დაინახონ ტვინის გააქტიურებული ადგილები თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ცვლილებების შესწავლით. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როდესაც მონაწილეები იღებდნენ ზომიერ სინათლეს, მათი ამიგდალას აქტივობა fMRI-ზე შედარებით დაბალი იყო, ვიდრე როდესაც ისინი მკრთალ შუქს იღებდნენ.
გარდა ამისა, ამიგდალა ასევე უკავშირდება თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი (vmPFC) ეწოდება, რომელიც მონაწილეობს რისკის, ემოციური რეაქციების და შიშის დამუშავებაში. ტვინის ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამიგდალას აქტივობის რეგულირებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური რეაქციების ჩახშობის დროს.
შესაბამისად, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სინათლე არამარტო პირდაპირ თრგუნავს ამიგდალას აქტივობას, არამედ, როგორც ჩანს, ზრდის კავშირს ამიგდალას და vmPFC-ს შორის. ეს შუქის ფენომენის შიშზე ზემოქმედებას ხსნის.
"სინათლე ეფექტური თერაპიული საშუალებაა განწყობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სინათლის ფენომენი თრგუნავს ამიგდალას აქტივობას და აძლიერებს ამიგდალა — vmPFC კავშირს. რაც მეტი გვეცოდინება სინათლეზე და შიშზე, მით უფრო შევძლებთ ამ პროცესების კონტროლს", — ნათქვამია კვლევაში.
უფრო მეტი გამოკვლევა უნდა გაკეთდეს, რომ განისაზღვროს ზუსტი მექანიზმი, რომლითაც სინათლე თრგუნავს ამიგდალას აქტივობას და ზრდის კავშირს vmPFC-სთან. თუმცა, ფაქტია, რომ სიბნელის შიშის ფენომენზე ახლა უფრო მეტი ვიცით.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები