"ინგლისური და კომპიუტერი" — ეს ფრაზა ბევრს გემახსოვრებათ 1990/2000-იანებიდან. შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ სასაცილოა, როცა ვიღაც იძახის, რომ "კომპიუტერი" იცის. კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერდა, როცა ინგლისურთან დაწყვილდა და უცნაურ კლიშედ გადაიქცა. თუ ინგლისური და კომპიუტერი იცოდი, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა შენს პროფესიას, გაცილებით მეტი შანსი გქონდა, რომ სადმე დასაქმდებოდი.

ისე გამოვიდა, რომ მაშინდელი ქართველები მართლები აღმოჩნდნენ, როდესაც ამ ორ რამეზე გაამახვილეს ყურადღება. შეიძლება, გაუაზრებლად და დაუგეგმავად მოხდა ამ კლიშეს შექმნა, თუმცა დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაშინ. როგორც ჩანს, ბუნებრივად სწორ გზას დავადექით.

თუმცა მაინც გაურკვეველია, რას ნიშნავს "ინგლისური და კომპიუტერი"? ინგლისურთან მიმართებით კიდევ უფრო მარტივადაა საქმე. გასაგებია, რომ ენის ცოდნაზეა საუბარი, მაგრამ "კომპიუტერი"?

როგორც ჩანს, ბოლო 2 ათწლეული იმის გარკვევას დავუთმეთ, თუ რას ნიშნავს "კომპიუტერი" და მას, ვისაც არ შეეშინდა, უკეთესად გაერკვია და ინგლისურიც დაამუღამა, ახალი პროფესიების შეძენის შანსი გაუჩნდა. თანამედროვე პროგრამისტები, დიზაინერები (ვებ/გრაფიკული/3D…), მენეჯერები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, სინამდვილეში, მაშინდელი "ინგლისურისა და კომპიუტერის" მცოდნენი აღმოჩნდნენ.

დღეს ეს ფრაზა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ქოლგად შეგვიძლია განვიხილოთ და მთელი ციფრული ინდუსტრია მის ქვეშ გავაერთიანოთ. დიახ, თუ ინგლისური იცი და თუ რომელიმე თანამედროვე პროფესია გაინტერესებს, ავტომატურად ხდები ამ ინდუსტრიის ნაწილი. კომპიუტერი რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი იარაღი გახდა, ფაქტია და მისი "ცოდნა" სინამდვილეში ნიშნავს კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო პროგრამებისა თუ სისტემების ცოდნას და არა, ზოგადად, ყველაფრის ცოდნას კომპიუტერის შესახებ.

"ინგლისური და კომპიუტერი" შეგვიძლია წამოვიდგინოთ ერთგვარ პლატფორმად, საწყის წერტილად, თანამედროვე პროფესიების ასათვისებელ ანბანად. თუ ინგლისური იცი და მზად ხარ სწავლისთვის, მხოლოდ კომპიუტერი გჭირდება და მთელი ცოდნის სამყარო შენს ხელშია. აითვისებ ნებისმიერ პროფესიას და ამას გააკეთებ იმაზე გაცილებით ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერ უნივერსიტეტში. ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ნებისყოფა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარია საჭირო და წარმატებული ხარ. აღარ არსებობს ფიზიკური ბარიერები, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია გახდე გლობალური ციფრული ინდუსტრიის ნაწილი.

განსაკუთრებით ბოლო ათწლეული ძალიან წარმატებული აღმოჩნდა იმ ქართველი პროფესიონალებისთვის, ვინც "ინგლისურისა და კომპიუტერის" მნიშვნელობა დაინახა და პირადი წარმატების მიღწევის მთავარ იარაღად გამოიყენა.

***

ბოლო ათწლეული ჩემთვისაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

2008 წელს გავხდი სტუდენტი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა ცხოვრებაში. თუ სიტუაცია გეცნობათ, არ გაგიკვირდეთ — სტუდენტების უმეტესობა ასეა და ეს რაღაც ეტაპამდე ნორმალური და ბუნებრივია. ეს ის სიტუაციაა, როდესაც 12 წელი სკოლაში უაზროდ დაკარგე, ცხოვრებისთვის არავინ მოგამზადა, ძირითადად, დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს რეალობაზე, თუმცა ფიქრობ, რომ ალბათ ასეა საჭირო. აი, ახლა უნივერსიტეტში ვისწავლი და რომ დავამთავრებ, რაიმე საქმის პროფესიონალი ვიქნები — დედამ და მამამ იციან, რომ დიპლომია საჭირო, შენ ბევრი არაფერი იცი, ამიტომ უჯერებ დედას და მამას და ხდები სტუდენტი.

საბედნიეროდ, უნივერსიტეტი კიდევ ერთი იმედგაცრუება აღმოჩნდა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ მალევე მივხვდი — დროს ვკარგავდი. აქაც, ზუსტად ისე, როგორც სკოლაში, ძირითადად წარუმატებელი ადამიანები მუშაობენ, თავიანთი ცხოვრებით ასხივებენ ნიჰილიზმსა და თავიანთი წარუმატებლობით წამლავენ სტუდენტებსაც. დედას და მამას რომ დიპლომი საჭირო ეგონათ, აი, ზუსტად ასეთი წარუმატებელი ხალხის გადარჩენის გზაა დიპლომი. ერთგვარი "გარანტირებული" გზა, რომლითაც სადმე საჯარო სამსახურში (დიპლომიან უსაქმურად) ან ისევ ისეთ წარუმატებელ ლექტორად დასაქმდები, როგორიც შენი ლექტორები არიან.

ეს არ არის შენი გზა! ეს არ არის ახალგაზრდა ადამიანებისთვის სასარგებლო გზა! ეს არ არის გზა, რომლის ბოლოშიც წარმატება დაგხვდება!

უაზრობაა ფიქრობდე, რომ რომელიმე ლექტორი, რაიმე სასარგებლოს გასწავლის და გაგიზიარებს. იცი, რატომ? იმიტომ, რომ თუ შენს პროფესიაში მყოფ წარმატებულ ადამიანებს გადახედავ, აღმოაჩენ, რომ მათი წარმატება პირდაპირ გამოიხატება იმ ფულში, რასაც ამ ადამიანებს უხდიან და ეს ფული შენი ლექტორის ხელფასზე 15-20-ჯერ მეტია (მინიმუმ)!

შეუძლებელია, წარმატებული ადამიანი დღეს ლექტორად მუშაობდეს იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ლექტორობა და ახალგაზრდებთან ურთიერთობა სასიამოვნო, სამსახურის გარე აქტივობაა, გასართობია და არა შემოსავლის წყარო. შესაბამისად, თუ ძალიან არ გაგიმართლა, შენი ლექტორების სრული უმეტესობა წარუმატებელი ადამიანები არიან (ყველა ქართულ უნივერსიტეტში!). მათგან სწავლით უბრალოდ გზას იმრუდებ, წარმოდგენას იმახინჯებ და უამრავ ძვირფას დროს კარგავ.

საბედნიეროდ, დღეს "ინგლისურისა და კომპიუტერის" ერაში ვცხოვრობთ, ინტერნეტისა და დისტანციური პროფესიების ერაში. ამ ახალ რეალობაში შენი ლექტორის წარუმატებლობა შენს დაბრკოლებას არ ნიშნავს, ეს უნდა ნიშნავდეს შენს გამოღვიძებას, რომ მის ლექციაზე მისვლის მაგივრად Google-სა და Youtube-ს გახსნი და შეუდგები შენი პროფესიის დაუფლებას. საჭირო მასალებს, საინტერესო ადამიანებს, სასწავლო კურსებს — ყველაფერს იპოვი შენი კლავიატურისა და ეკრანის გამოყენებით. თან ეს ყველაფერი, ძირითადად, უფასო იქნება ან მინიმალურ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს და ახლოსაც ვერ მივა იმ ხარჯთან, რასაც უნივერსიტეტში სტუდენტობა ჰქვია. მეორე მხრივ, საუნივერსიტეტო განათლებით ტვინგამორეცხილი სტუდენტები ახლოსაც კი ვერ მოვლენ შენს ცოდნასა და კვალიფიკაციასთან, თუ დროს არ გაფლანგავ და ახლავე დაიწყებ შენი პროფესიის ათვისებას ონლაინ!

***

ციფრული პროფესიების გაჩენამ მთელი მსოფლიო ისე გახსნა, როგორც არასდროს. დღეს უკვე აღარ გჭირდება საქართველოდან გაქცევაზე ფიქრი იმისთვის, რომ ნორმალური სამსახური იპოვო ევროპაში ან ამერიკაში. თბილისიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან ან თუნდაც ლენტეხიდან გასვლაც კი არ არის საჭირო, რომ მუშაობდე ძალიან მაგარ სტარტაპში კოლორადოში ან ძალიან მაგარ Tech კომპანიაში, რომელსაც სათაო ოფისი ამსტერდამში ან ბერლინში აქვს. ციფრული პროფესიის წარმომადგენლები უკვე თითქმის ბოლო ათწლეულია ვსარგებლობთ იმ სიკეთეებით, რასაც გლობალურ ბაზარზე მუშაობა ჰქვია — ისე, რომ ემიგრაციაში წასვლაც კი არ მოგვიწია. უფრო მეტიც, სადმე წასვლა ჩვენი არჩევანია და არა იძულება, რომ გავექცეთ აქაურ რეალობას, ევროპული ან ამერიკული ფინანსური სიკეთის მისაღებად.

დიახ, დღეს შეგიძლია გახდე თანამედროვე პროფესიონალი, გქონდეს ისეთივე შემოსავალი, როგორც გერმანელს ან ამერიკელს და იცხოვრო საქართველოში. ამ ყველაფრის გასაკეთებლად კი უბრალოდ კარგი ინგლისურის მასწავლებელი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიც საკმარისია.

***

და მაინც — როგორ დავიწყოთ მუშაობა ევროპასა თუ ამერიკაში?

ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგვცა, ჩავერთოთ გლობალურ ეკონომიკაში ისე, რომ ფიზიკურად გადაადგილება არ მოგვიწიოს.

რეალურად, ყველა ფიზიკური ბარიერი წაშლილია!

ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოგიწევს, რომელიმე ციფრული პროფესიის არჩევაა — ყველაზე კარგად განვითარებული და დისტანციურ მუშაობაზე აწყობილი პროფესიებიდან რამდენიმეს ჩამოთვლა აქაც შეიძლება, თუმცა ყველაზე ცნობილი დისტანციური პროფესიები მაინც პროგრამირებისა და დიზაინის ირგვლივ და მომიჯნავე სფეროებში იქმნება.

მე, რადგან გასული 10 წელი პროგრამისტის პროფესიაში, უფრო კონკრეტულად კი ვებ-დეველოპმენტის კეთებაში გავატარე, შემიძლია, გირჩიო ნაბიჯ-ნაბიჯ თუ რა უნდა ქნა იმისთვის, რომ წარმატებული პროგრამისტი გახდე და გლობალურ ბაზარზე გახვიდე. თუმცა ეს ცალკე ისტორიაა და ამისთვის სასწავლო პროგრამაც კი გვაქვს, რომელსაც BitCamp ჰქვია.

თუ ისე აღმოჩნდა, რომ სხვა პროფესია გაინტერესებს, მაგალითად, დიზაინი, ფინანსები, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. — აქაც არ გაქვს ხელები შეკრული. უამრავი ქართული ჯგუფი და საზოგადოება არსებობს Facebook-ზე, სადაც შეგიძლია შენი მომავალი პროფესიის წარმომადგენლები გაიცნო და მათგან მიიღო რჩევები.

მთავარი რჩევა კი მაინც ის არის, რაც ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვიცოდით ყველამ — "ინგლისური და კომპიუტერი"!

სწავლა და ბრძოლა!