გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენელი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საბჭომ შალვა პაპუაშვილის მიერ ტრიბუნიდან თინა ბოკუჩავას იძულებით ჩამოყვანასთან დაკავშირებით იმსჯელა და დაადგინეს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

"მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა იყოს მაგალითი საზოგადოებისთვის იმ ნორმებისა და ქცევების წესების დამკვიდრების, რომელიც გვინდა, რომ დავამკვიდროთ და რომელსაც სათანადოდ ავსახავთ კანონმდებლობაში, თითოეული და ინდივიდუალური დასახელებული შემთხვევა საჭიროებს უფრო მეტ სიღრმისეულ განხილვას და ეს ვერ იქნება მხოლოდ განხილული გენდერული ჭრილით და მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოგვევლინა თითოეულ ამ შემთხვევაში იყო თუ არა გენდერულად სპეციალურად ქალის მიმართ დისკრიმინაცია

საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართული ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, თუმცა თითოეულ შემთვევაში, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც არ უნდათ, რომ საზოგადოებამ გადააკოპიროს", — აცხადებს წილოსანი.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას შემთხვევას, 18 ივლისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კოლეგა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს. "დაბრალებებს არ ვიყოთ" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნაციონალური მოძრაობა აპირებს ფაქტზე სამსჯელოდ პარლამენტის ეთიკის კომისიას მიმართოს.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის ამბობს, რომ გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში.