აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ განსაკუთრებით აშფოებთ სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. მათი განცხადებით, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

"ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებებს თვითმართველობის არჩევნების მეორტე ტურთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. მათი განცხადებით, საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მათი განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.

ამავე თემაზე: