გასულ კვირაში Spotify-ის აქციებზე ფასები გაიზარდა — რატომ
გასულ კვირაში Spotify-ის აქციებზე ფასები 13%-ით გაიზარდა. ვიდრე 27 ოქტომბერს ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაიხსნებოდა, კომპანიამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. მიზეზების ნაწილზე, რომელთა გამოც კომპანიის აქციების ფასები გაიზარდა, სწორედ ამ დოკუმენტში იყო საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ფინანსურმა მაჩვენებლებმა მანამდე არსებულ მოლოდინებს გადააჭარბა. ანალიტიკოსების შეფასებით, მესამე კვარტალში კომპანიას $2,9 მილიარდის შემოსავალი უნდა მიეღო. რეალურად კი, Spotify-ის შემოსავლებმა $2,95 მილიარდი შეადგინა. ფინანსურ სამყაროში სტაბილურად მზარდი მდგომარეობა კომპანიის შეფასებაზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს.
როდესაც საქმე სერვისების გაყიდვას ეხება, განსაკუთრებული მნიშვნელობა მომხმარებელთა რაოდენობას ენიჭება. თუ ადამიანების გულს მოიგებ — მოიგებ ბიზნესშიც.
ბოლო მონაცემების მიხედვით, როგორც აქტიური მომხმარებლების, ისე პრემიურმ გამომწერების რიცხვი წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. Spotify-ის მსოფლიოს გარშემო ამჟამად 381 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი და 172 მილიონი პრემიუმ გამომწერი ჰყავს, რომლებიც მუსიკის ლეგალურად და რეკლამის გარეშე მოსმენისთვის გამოწერის ყოველთვიურ საფასურს იხდიან.
მომხმარებელთა ზრდის პროცესი აღდგენილია მეორე კვარტალის შემდეგ, როდესაც Spotify-ის გამომწერთა რაოდენობის ზრდის ტემპის შენელება შეინიშნებოდა. მაშინ ამის გამომწვევ მიზეზად Covid 19-ის გავრცელება დასახელდა.
Spotify-ის კვარტალური ანგარიშის კიდევ ერთი მიგნება ფირმის სარეკლამო შემოსავლების ზრდას ეხება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კომპანიამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 75%-ით მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო. Spotify-ის სარეკლამო პოლიტიკა მუდმივ სიახლეებზეა ორიენტირებული, რაც ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია.
ამჟამად კომპანიის აქციები 289,4 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $55 მილიარდია. კომპანიის წლიურ შემოსავლებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ Spotify-ის ფასისა და გაყიდვების თანაფარდობის განაკვეთი (P/S) დაახლოებით 5-ს უტოლდება. P/S განაკვეთი გამოითვლება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციისა და შემოსავლების შეფარდებით — რაც უფრო ნაკლებია მისი მოცულობა, ეს ნიშნავს, რომ შედარებით მცირე ზომის კომპანიას მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ კომპანია საკუთარი მიზნებისთვის სწრაფვას იმავე ტემპებით განაგრძობს, გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას და გაყიდვების მოცულობას, P/S განაკვეთი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით შემცირდება, რაც მეწილეებისა და ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალი იქნება.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები