75 მილიონი წლის წინ, ანტარქტიდა იწვოდა — კვლევა
ბრაზილიაში მდებარე რიო-დე-ჟანეიროს ფედერალურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად მოიპოვეს იმის მტკიცებულება, რომ 75 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Polar Research გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
ცარცულ პერიოდში, როცა დედამიწაზე ძალიან ცხელოდა, ანტარქტიდის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს განლაგებულ ჯეიმს როსის კუნძულზე წიწვოვანი ხეების, გვიმრებისა და ყვავილოვანი მცენარეების ტყე ხარობდა, ხმელეთზე კი დინოზავრები ბინადრობდნენ. ახალი კვლევის თანახმად, ეს ტერიტორია მსგავსი ფლორისა და ფაუნის მიუხედავად, სამოთხეს ნამდვილად არ ჰგავდა, რადგან იქ ხანძრები საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა. ეს სპეციალისტებმა იქ აღმოჩენილი დანახშირებული ნიმუშების შესწავლის გზით დაადგინეს.
უკანასკნელი მიგნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ცარცული პერიოდის კამპანურ ერაში, 84-72 მილიონი წლის წინ, ანტარქტიკის რეგიონში არსებულ მცენარეულ საფარს ცეცხლი არც ისე იშვიათად ეკიდებოდა.
მეცნიერებმა დანახშირებული ფრაგმენტები გამოიკვლიეს, რომლებსაც ჯეიმს როსის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 2015-2016 წლებში განხორციელებული ექსპედიციის დროს მიაგნეს. მათი უმეტესობა საკმაოდ მცირე ზომის იყო, თუმცა ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულმა სურათებმა მათი მახასიათებლები გამოავლინა. ნაშრომის ავტორები მიხვდნენ, რომ საქმე არაუკარიასებრთა ოჯახში შემავალი შიშველთესლოვან-წიწვოვანი ხის ნარჩენებთან ჰქონდათ.
ათეულობით მილიონი წლის წინ, როცა გონდვანის სუპერკონტინენტი იშლებოდა, ანტარქტიდა და სხვა მსგავსი ადგილები დანარჩენი ხმელეთისგან ადრინდელზე მეტად განცალკევდნენ. ამ არაყინულოვან რეგიონებში ხანძრის მრავალი წყარო იყო, მაგალითად, ელვა, დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორი და ვულკანები. ასევე, ცეცხლის გაჩენას ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია და მარტივად აალებადი მცენარეების სიმრავლე უწყობდა ხელს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული ნიმუშების დაწვა სწორედ ვულკანურმა აქტიურობამ გამოიწვია.
კომენტარები