ანტიკური ფეკალიების კვლევის მიხედვით, ადამიანები ლურჯ ყველსა და ლუდს 2700 წლის წინაც მოიხმარდნენ
ექსკრემენტების საშუალებით ბევრი რამის გარკვევა შეიძლება, მეცნიერებმა კი 2 700 წლის წინანდელი ფეკალიების ანალიზით დაადგინეს, რომ რკინის ხანის ევროპელთა რაციონში ლურჯი ყველი და ლუდი შედიოდა.
ავსტრიაში, ჰალშტატ-დახშტაინის/ზალცკამერგუტის მარილის საბადოებში მოპოვებული ფეკალიების ანალიზმა სოკოს ორი ტიპი გამოავლინა: Penicillium roqueforti და Saccharomyces cerevisiae (იგივე ლუდის საფუარი).
სოკოს ეს ორი სახეობა ლურჯი ყველისა და ლუდის დასამზადებლად დღესაც ფართოდ გამოიყენება. ისტორიკოსებმა კვლევით მხოლოდ წინაპართა რაციონის შესახებ კი არ შეიტყვეს, არამედ გაიგეს, თუ რაოდენ დახვეწილი ტექნიკები ჰქონიათ იმ დროს საკვებისა და სასმლის დასამზადებლად.
"გენომურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საკვების ფერმენტაციაში ორივე სოკო იყო ჩართული. ამით პირველად დადასტურდა მოლეკულურად, რომ ლურჯ ყველსა და ლუდს ქვის ხანის ევროპაშიც მოიხმარდნენ", — აცხადებს მიკრობიოლოგი ფრენკ მაიქსნერი ევრაკის მუმიის საკვლევი ინსტიტუტიდან (იტალია).
სოკოების ამოცნობისას მკვლევრებმა მიკროსკოპულ ტექნიკათა კომბინაციები გამოიყენეს, რომლებიც ნიმუშებში ცილების, დნმ-ის, გენეტიკური მასალისა და მიკრობების გამოვლენას ემსახურებოდა. სინჯებში მცენარეთა ფრაგმენტებიც ხშირი იყო, მათ შორის სხვადასხვა მარცვლეულის ქატო.
ასევე იხილეთ: ახალი აღმოჩენის თანახმად, ადამიანები თამბაქოს 12 000 წლის წინაც მოიხმარდნენ
მეცნიერთა გუნდის აზრით, იმდროინდელ ევროპელთა რაციონი ბოჭკოვანი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისგან შედგებოდა. ივარაუდება, რომ ისინი ცერცვს, ხილს, თხილეულობასა და ცხოველურ საკვებ პროდუქტებს ძირითადი რაციონის დანამატებად იყენებდნენ.
იმავე რეგიონში ექსკრემენტთა შედარებით ახალი ნიმუშებიცაა აღმოჩენილი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მათი ანალიზი აჩვენებს, რომ რაციონი ძირითადად დაუმუშავებელი საკვების, ახალი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა.
"როგორც ჩანს, ჰალშტატის მაღაროელები განზრახ იყენებდნენ საკვების ფერმენტაციის იმ ტექნოლოგიებს, რომელთაც კვების ინდუსტრიაში დღესაც მივმართავთ", — ამბობს მაიქსნერი.
თუ ჩათვლით, რომ 2 700 წელი ზედმეტად დიდი დროა ფეკალიების შესანარჩუნებლად, მართალიც იქნებით: ზემოხსენებული მიწისქვეშა საბადოები დედამიწაზე იმ მცირე ადგილთაგანია, სადაც შემონახული ნიმუშების პოვნა ხერხდება.
ჩვეულებრივ, ფეკალური მასების დაცვა უჩვეულო პირობებს მოითხოვს, თუნდაც მშრალ მღვიმეს, როგორც აქაა, გაყინულ საარსებო გარემოს ან უდაბნოს. ამასთანავე, ჰალშტატ-დახშტაინის/ზალცკამერგუტის მარილის საბადოებში მთელი წლის განმავლობაში ცივა, ეს კი პროცესს დიდად ეხმარება.
რა თქმა უნდა, ლუდის სმა და ყველის დამზადება თანამედროვე ისტორიაში უძველეს პრაქტიკებს მიეკუთვნება, რომელთაც ათასობით წლის წინაც კი მიმართავდნენ, თუმცა ავსტრიაში მოპოვებული მიგნებები ექსპერტებს კვებითი ჩვევებისა და რაციონის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემებით ამარაგებს.
"შედეგები ჰალშტატის პრეისტორიული ხანის მაღაროელთა ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის და საშუალებას გვაძლევს, ანტიკური კულინარიული პრაქტიკების შესახებ მეტი გავიგოთ", — აცხადებს არქეოლოგი კერსტინ კოვარიკი ვენის ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან.
"თანდათან არა მარტო პრეისტორიულ კულინარიულ პრაქტიკათა დახვეწილი ბუნება იკვეთება, არამედ ისიც, რომ დამუშავებულ საკვებ პროდუქტებს და ფერმენტაციის ტექნიკას ადრეულ ისტორიაშიც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა".
კვლევა ჟურნალ Current Biology-შია გამოქვეყნებული.
კომენტარები