იუტაში გაკეთებული ახალი აღმოჩენა — ცეცხლის სანთებ ადგილას თამბაქოს თესლის ნახშირი მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული ამერიკელები ამ მცენარეს 12 300 წლის წინ იყენებდნენ.

აქამდე, თამბაქოს მოხმარების ყველაზე ადრეული მტკიცებულება 3 300 წლით თარიღდებოდა. ახალი აღმოჩენა კი ამ თარიღს 9 000 წლით უკან სწევს.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დიდი მარილის ტბის უდაბნოში მონადირე-შემგროვებლები 12 000 წლის წინ თამბაქოს ეწეოდნენ. ამაზე მეტყველებს მილიმეტრის სიგანის თესლი, რომელიც ვიშბონის ძველ უბანში, ჩრდილოეთ იუტაში აღმოაჩინეს.

იქ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი კერის ნაშთები, რომელიც გარშემორტყმული იყო ძვლისა და ქვის არტეფაქტებით. მათ შორის იყო იხვის ძვლები, ქვის იარაღები და შუბის წვერი, რომელიც შეიცავდა მამონტის ან სპილოს ადრეული ფორმის ნაშთებს.

ფოტო: BBC

"აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივმა მონადირე-შემგროვებლებმა თამბაქო მოიხმარეს საჭმლის კეთებისას ან იარაღის დამზადების დროს", — ამბობენ მეცნიერები ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Human Behavior.

თამბაქოს მცენარე ამერიკის კონტინენტისთვის დამახასიათებელია და ვიცით, რომ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ნიკოტინს. აქ თამბაქო ფართოდ იყო გაშენებული და შემდგომში გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მე-15 საუკუნის ბოლოს ევროპელების ამერიკაში ჩასვლის შემდეგ.

"თამბაქოს თესლის აღმოჩენა დიდი სიურპრიზი იყო. ისინი ზომით ძალიან პატარაა და იშვიათია მათი ნაშთების აღმოჩენა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებმა თამბაქოს თვისებებზე ბევრად ადრე შეიტყვეს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა", — უთხრა ანთროპოლოგმა დარონ ჰერცოგმა New Scientist-ს.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ 12 000 წლის წინ მცხოვრებ ადამიანებზე ძალიან ცოტა რამ ვიცით და მსგავსი აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.