ისლანდიაში ხელოვნური ხორცის შესაქმნელად გენმოდიფიცირებული მცენარეები მოჰყავთ
ისლანდიაში მეცნიერები დაახლოებით 100 ათას გენეტიკურად მოდიფიცირებულ ქერის ნერგს ზრდიან სათბურში, ეს კი საკმაოდ უჩვეულო მიზანს ემსახურება: როგორც BBC იუწყება, მათ ლაბორატორიაში გამოზრდილი ხორცის შექმნა სურთ.
სახეცვლილი ქერის მოყვანის შემდეგ მეცნიერები მოსავალს იღებენ და ასუფთავებენ, რათა "ზრდის ფაქტორის" ცილები გამოყონ, რომლებიც ლაბორატორიაში გამოზრდილი ხორცის მოსაყვანად გამოგვადგება. ამ ინოვაციის წყალობით, შესაძლოა, ხელოვნური ხორცის ინდუსტრიას ცხოველები მომავალში კიდევ უფრო ნაკლებად დასჭირდეს.
სათბურის უკან კომპანია ORF Genetics-ი დგას, რომელიც ბიოგენეტიკურად მოდიფიცირებულ ქერს 2000 მ2-ზე მეტ ფართობზე ზრდის, ამისათვის კი კულტივირების მაღალტექნოლოგიურ ჰიდროპონიკურ მეთოდებს იყენებს.
ზრდის ფაქტორები, რომელთაც ქერის თესლებიდან გამოყოფენ, ღეროვანი უჯრედების შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს. 2010 წელს, ORF-მა კანის მოვლის საშუალება წარადგინა, რომელიც სწორედაც რომ ზრდის ფაქტორის გამოყენებით დაამზადეს.
ასევე იხილეთ: Nestlé, ისრაელურ სტარტაპთან ერთად, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის წარმოებაზე იმუშავებს.
აქედან სულ რაღაც 10 წელია გასული, ახლა კი კომპანია იმედოვნებს, რომ ხელოვნურად მოყვანილი ხორცის ბაზარს შეუერთდება. ზრდის ფაქტორები სხვადასხვა ქსოვილების, მათ შორის ცხოველთა კუნთებისა და ცხიმოვანი უჯრედების ზრდას უწყობს ხელს.
"მოსახლეობა იზრდება, ჩვენ კი ყველა უნდა დავაპუროთ", — BBC-სთან საუბრისას განაცხადა ORF Genetics-ის წარმომადგენელმა არნა რუნარსდოტირმა.
თუ მეცნიერები მისი მასობრივი წარმოების გზებს მიაგნებენ, ლაბორატორიაში გამოზრდილი ხორცი არაერთ უპირატესობას გვპირდება.
"ამდენი ცხოველის დახოცვა არ გვჭირდება, უბრალოდ ღეროვანი უჯრედები უნდა ავიღოთ მათგან", — დაამატა მან და აღნიშნა, რომ, ხორცის ტრადიციულად მოყვანასთან შედარებით, ეს მეტად პერსპექტიული და ეკომეგობრული მეთოდია.
BBC-ზე დაყრდნობით, ORF-ის ზრდის ფაქტორებს უკვე იყენებს რამდენიმე კომპანია, რომელიც ლაბორატორიაში გამოზრდილ ხორცს ამზადებს.
კომენტარები