ეს ჭია შვილებისთვის რძეს წარმოქმნის, რომელიც მის ორგანოებს ანადგურებს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ჭია შთამომავლებისთვის "თავს სწირავს" — წარმოქმნის რძეს, რომელიც მისივე ორგანოებს ანადგურებს.
მრგვალი ჭია, Caenorhabditis elegans-ი, საკმაოდ მარტივი აგებულებისაა და გენეტიკურად ადამიანებსაც ძალიან წააგავს, ამიტომაც მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ, რათა დაბერების პროცესზე მეტი შეეტყოთ. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა და, შესაძლოა, დაბერების შენელებაში დაგვეხმაროს.
გამჭვირვალე მრგვალ ჭიათა უმრავლესობას, რომელთა სიგრძეც ერთ მილიმეტრს შეადგენს, ორივე სქესის რეპროდუქციული ორგანოები აქვს. დედები საკუთარი თავის განაყოფიერებით მრავლდებიან, რისთვისაც სპერმის შეზღუდულ მარაგს იყენებენ, ხოლო როდესაც ეს მარაგი იწურება, რეპროდუქციაც ასევე წყდება.
ჭიების შემდგომმა ქცევამ გარკვეული დროით მეცნიერები დააბნია — სახეობის წარმომადგენლები დიდი რაოდენობით სითხეს წარმოქმნიან, რომელიც ყვითრითაა გამდიდრებული. იგი სხეულში გუბეებად გროვდება და პროცესში მათ შინაგან ორგანოებს შთანთქავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მრგვალი ჭიები საკუთარი სხეულის წონაზე მეტს გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედებში ინახავენ.
ამასწინათ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ცვლილებები ფუჭი იყო და რაღაც ფორმის ასაკობრივი დაავადების მდგომარეობას წარმოადგენდა, თუმცა ახლა ორივე მოვლენას მოუძებნეს ახსნა.
"როდესაც გავიაზრეთ, რომ ჭიები გამრავლების შემდეგ წარმოქმნიან რძეს, ბევრ რამეს მოეფინა ნათელი", — თქვა კვლევის ავტორმა დოქტორ კარინა კერნმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დაბერების ინსტიტუტიდან.
"ჭია შთამომავლისათვის საკვები ნივთიერებების გადაცემისას ინადგურებს თავს. დანარჩენი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედები რძითაა სავსე — ანუ ისინი რძის ბოთლებივითაა, რომლებიც დედას პატარა ჭიებისათვის რძის გადაცემაში დაეხმარება".
მეცნიერები ამბობენ, ასეთი ქმედების საშუალებით ჭიები "მათ ევოლუციურ შეგუებულობას მაქსიმუმამდე ზრდიან". ამგვარი თვითდესტრუქციული, სიცოცხლის მომსპობი რეპროდუქციული ქმედება ისეთი ორგანიზმებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც სუიციდურ რეპროდუქციას ამჟღავნებენ. ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, C. elegans-ის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც სწორედ ეს მოვლენა ამცირებდეს.
"ეს პრიმიტიული ლაქტაციის ფორმაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სხვა უხერხემლო ამჟღავნებს და, ამავდროულად, რეპროდუქციული სუიციდის სახე, რომლის დროსაც დედა ჭიები შემდეგი თაობისათვის სწირავენ თავს".
"C. elegans-ი საკუთარ ევოლუციურ შეგუებულობას მაქსიმუმამდე შემდეგნაირად ზრდის: როდესაც მას სპერმის მარაგი ეწურება და მეტად ვეღარ მრავლდება, საკუთარ ქსოვილებს ადნობს, რათა ნაშიერს საკვები რესურსები გადასცეს", — დაამატა დოქტორმა კერნმა.
დაბერების შესასწავლად ძირითადად ამ სახეობას იკვლევენ, ამიტომაც მიგნებები შესაძლოა, ჩვენც დაგვეხმაროს პროცესის შესანელებლად. როგორც დოქტორი ჯემსი აღნიშნავს, C. elegans-ში გასაოცარი ისაა, რომ გენური მანიპულაციის საშუალებით შესაძლებელია, მისი სიცოცხლე დაახლოებით 10-ჯერაც კი გახანგრძლივდეს. თუ გავიგებთ, როგორ ხდება ეს, შესაძლოა, ადამიანის დაბერებაც შევანელოთ.
"მიუხედავად ამისა, თუ სახეობის სიცოცხლე სუიციდური რეპროდუქციის დათრგუნვისას ხანგრძლივდება, როგორც ორაგულში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, ჭიისგან მიღებული ინფორმაცია გამოგვადგეს".
მკვლევრებს სჯერათ, რომ ადამიანის დაბერებაზე სახეობისგან კიდევ ბევრს გაიგებენ, თანმხლებმა სტატიამ კი იმის დამადასტურებელი საბუთები წარმოგვიდგინა, რომ სუიციდური რეპროდუქცია დაბერების მეტად ზოგადი მექანიზმებისგან წარმოიშვა, ასაკთან დაკავშირებული ავადმყოფობის მიზეზები კი ანალოგიურია C. elegans-სა და სხვა ცხოველებში, მათ შორის ადამიანებში.
"საბოლოოდ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა პრინციპები განაგებს C. elegans-ის დაბერებას და ასაკთან დაკავშირებულ დაავადებათა მიზეზებიც უკეთ ავხსნათ", — განაცხადა პროფესორმა ჯემსმა.
კომენტარები