ტყვარჩელში პირველად ვარ. აქამდე მხოლოდ ნათესავებისგან და მედიიდან მსმენია და მინახავს. მესმოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ქალაქების და სოფლების მსგავსად, ადამიანებისგან დაცლილი და მოუვლელია. ასეც აღმოჩნდა. მთებში მოქცეული პატარა ქალაქი უჩვეულოდ ჩუმი და ცარიელი იყო.

ტყვარჩელში გალიდან დაახლოებით, ერთ საათში ჩავედით. საავტომობილო გზა ძირითადად, ნორმალურია და მანქანები შედარებით თავისუფლად გადაადგილდებიან, თუ არ ჩავთვლით ერთ გარემოებას.

ოკუპირებული რეგიონის სხვა ქალაქებში და აქაც გზაზე მოსეირნე შინაური ცხოველები ხშირად გვხდება და მოძრაობას თავისებურად აფერხებენ.

ოჩამჩირის რაიონი

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

აქ ყოფნისას მივხვდი, რომ გარდა მეშახტეთა ქალაქის სტატუსისა, ტყვარჩელი იმერეთის პატარა ქალაქ ტყიბულს ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს. ტყიბულთან შედარებით უფრო დაცარიელებული და ჩუმია, ნაკლები ადამიანი და მანქანა მოძრაობს.

ტყვარჩელი

ფოტო: On.ge

ტყვარჩელის, ისევე როგორც ტყიბულის, წარმოშობა მის მიდამოებში ქვანახშირის საბადოს არსებობამ განაპირობა. ქალაქის სტატუსი 1942 წელს მიიღო. მისი ძირითადი ინდუსტრიები ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალები და სხვა საწარმოები იყო. ქალაქი ბალნეოლოგიური კურორტითაც იყო განთქმული. თუმცა, ახლა ქარხნებისა და სანატორიუმების ნაცვლად, ხავსით დაფარული ძველი შენობები გვხვდება.

ტყვარჩელი

ფოტო: On.ge

თავს აქაც არაკომფორტულად ვგრძნობ, ისევე, როგორც სოხუმში. თითქოს უცხო ვარ. თითქმის დაცარიელებულ, ქალაქში არც უსაფრთხოების შეგრძნება მაქვს.

პატარა ქალაქის მაცხოვრებლები სტუმრებს მაშინვე ცნობენ და ინტერესით (ეჭვის თვალით) გვაკვირდებიან.

ქალაქში უჩვეულო სიჩუმეა. ხალხიც ალაგ-ალაგ დადის ქუჩებში.

ფოტო: On.ge

ტყვარჩელში აფხაზურ და რუსულთან ერთად მეგრულად მოსაუბრეებსაც შეხვდებით, რომლებიც, ძირითადად, გალის რაიონიდან სხვადასხვა საქმისთვის ან აფხაზური ე.წ. საბუთებისთვის ჩასული ქართველები არიან.

რამდენიმე წლის წინ, ომის შემდეგ პირველად, სწორედ ასეთი ფურცლებისთვის ჩავიდა დედაჩემი ტყვარჩელში. გალის მილიციის თანამშრომლების უხეშ და დამამცირებელ ტონს მიჩვეული, ტყვარჩელელი მილიციელების სტუმართმოყვარეობით გაოცებული იყო.

"რომ მივედი და გაიგეს გალიდან ვიყავი, არ იცოდნენ როგორ ესიამოვნებინათ. შიგნით შემიპატიჟეს, ყავა მომიდუღეს და ძალიან დიდი ყურადღება მომაქციეს. შენ რომ ჩახვალ გალში, რამე სათქმელი ხომ უნდა გქონდეს ჩვენზეო", — იხსენებს დედა.

აგვისტო აფხაზეთშიც წვიმიანი იყო

ფოტო: On.ge

ტყარჩელში, ისევე, როგორც აფხაზეთის სხვა ქალაქებში, ომის შედეგად დაზიანებული ბევრი შენობაა, რომლებიც დღემდე უფუნქციოა. ახალი სიცოცხლე აქ მცენარეებმა იპოვეს.

ერთ-ერთი მიტოვებული შენობა ტყვარჩელში

ფოტო: On.ge

პატარა ტყედ არის ქცეული ერთ დროს ხალხმრავალი ტყვარჩელის რკინიგზის სადგური. აქ რუსული ანბანით ტყვარჩელს და ტკუარჩალს ვკითხულობთ. ეს უკანასკნელი ქალაქის აფხაზური დასახელებაა.

დიდი ალბათობით, შენობაზე ქართულენოვანი წარწერაც იყო — ჩამოშლილი კედლის ფრაგმენტებს კარგად თუ დააკვირდებით, რამდენიმე ქართული ასოს გარშემოწერილობას შენიშნავთ.

ტყვარჩელის რკინიგზის სადგური

ფოტო: On.ge

ფოტოებიდანაც შეამჩნევდით, რომ ქალაქში როგორც მთელ აფხაზეთში სიმწვანეა. გზას მთებში და ნისლის ფონზე მივიკლევთ.

ფოტო: On.ge

რამდენიმე საათში ქალაქის საგზაო მილიციის ორმა წარმომადგენელმა გაგვაჩერა და გვკითხეს, რას ვაკეთებდით ტყვარჩელში. როცა ვუთხარით, რომ გალელები ვართ, ერთ-ერთი ჩვენ მიმართ აგრესიულად განეწყო და გვეკითხებოდა, რა მიზნით ჩამოვედით კონკრეტულად და გალიდან ვიყავით თუ "საქართველოდან". საუბარში მეორე მილიციელი ჩაერთო, რომელმაც თავის კოლეგას უთხრა, რომ უაზრო რაღაცებს გვეკითხებოდა, რადგან თუნდაც საქართველოს სხვა ქალაქიდან ვყოფილიყავით, ფოტოების გადაღებით არაფერს ვაშავებდით.

დაუჯერა და გამოგვიშვეს. პრობლემები არ შეგვქმნია, თუმცა შეგვეშინდა და ტყვარჩელი მალევე დავტოვეთ. მთელი ამ დროის განმავლობაში სიუცხოვის შეგრძნება არ მტოვებდა და ერთი სული მქონდა მშობლიურ გარემოში გალში — სახლში დავრუნებულიყავი.

გაიგე მეტი: