ფოტორეპორტაჟი: სოხუმი დაცემიდან 28 წლის შემდეგ
ომი, რომელმაც საუკუნოვანი კავშირები გაანადგურა, 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა — ამ ფრაზას ხშირად შეხვდებით ისტორიულ ჩანაწერებსა და სტატიებში, რომლებიც აფხაზეთის ომის შესახებ გვიამბობს. თუმცა ჩვენთვის, თაობისთვის, რომელმაც მშობლიურ მხარეში თავისუფლად ცხოვრების საშუალება დაკარგა, ეს ომი უფრო დიდხანს გაგრძელდა.
28 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა, ორი დღის შემდეგ — ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი — გალი. 28 წელი გავიდა, მაგრამ ომის კვალი არც ჩვენს მეხსიერებაში წაშლილა და არც ნაომარი ქალაქის ქუჩებში.
1992-1993 წლებში გადაღებული ბევრი ფოტო გვინახავს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ხალხი ენგურის ხიდის გავლით საკუთარ სახლს, ოჯახს, ნათესავებს, ისტორიას და მომავლის იმედს. ბევრჯერ მოგვისმენია ფრაზა "ჩვენ დავბრუნდებით", მაგრამ ყველამ არ იცის, რა გვხვდება იქ.
სახლში მისასვლელად სხვადასხვა გზის გავლა გვიწევს. ხან ენგურის ტალღებს ვებრძვით, ხან ძაღლებისა და რუსი ე.წ. სამხედროების შიშით ტყეში ვიმალებით. უკეთეს შემთხვევაში კი, თუ გადაადგილება შეზღუდული არ არის, ენგურის ხიდით გადავდივართ.
საქართველოს მოქალაქეებიდან ენგურის ხიდს, დღესდღეობით, მხოლოდ გალის რაიონის მკვიდრი ქართველები კვეთენ. რეგიონში შესვლისა და ცხოვრების უფლება იმ გალელ ქართველებს მისცეს, რომლებიც სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ. ენგურის ხიდის გადაკვეთა ჩვენ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გაცემული ბინადრობის ნებართვის დოკუმენტით შეგვიძლია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
ენგურის ხიდს მიღმა თითქოს ნაცნობ ადგილებში ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობთ თავს მშობლიურ გარემოში. ეს შეგრძნებები განსაკუთრებით მძაფრდება სოხუმში, რომელიც დაცემიდან 28 წლის შემდეგ სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს.
თუკი წლების წინ სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ქალაქებში, რუსულ და აფხაზურთან ერთად, ქუჩებში ქართული წარწერები გხვდებოდათ, დღეს ქართული კვალის პოვნა თითქმის შეუძლებელია. მეგობარმა, რომელიც სოხუმში ყოფნისას მახლდა, მითხრა, რომ ქართული წარწერა კელასურის რკინიგზის სადგურზეა შემორჩენილი.
სოხუმში წვიმიან ამინდში მოვხვდით. შესაბამისად, ქუჩებში ბევრი ხალხი არ მოძრაობდა, თუმცა რუსულად მოლაპარაკე ტურისტების სიმრავლე ქალაქში მაინც შესამჩნევია.
ოკუპირებულ რეგიონს, ძირითადად, რუსეთიდან შემოსული ტურისტები სტუმრობენ.
ქალაქში ინფრასტრუქტურის ნაწილი საბჭოთა დროინდელი და გაუმართავია, დღემდე ძველი ავტობუსები მოძრაობს. მოშლილია და ამ დრომდე აღუდგენელია სანაპიროს ინფრასტრუქტურაც.
მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდგომი თაობა ვარ და ომამდელი სოხუმი არ მინახავს, დანგრეული და დამწვარი შენობების, მიტოვებული სახლებისა და ტყედ ქცეული ქუჩების, გზების, სოფლების, ქალაქების ნახვა ძალიან მძიმეა. თუმცა ეს განსაკუთრებით მტკივნეულია უფროსი თობისთვის, რომელსაც ადრინდელი აფხაზეთი ახსოვს.
სოხუმში ომის შემდეგ აშენებულ კაფე-ბარ-რესტორნებსა და სახლებსაც ნახავთ, თუმცა ისინი ქალაქში არსებულ ზოგად სურათს ვერ ცვლიან.
აფხაზეთში, სხვა ქართული ქალაქების მსგავსად, ქუჩებში უსახლკარო ძაღლებსაც ნახავთ.
სოხუმსა და გაგრაში უსახლკარო ცხოველების იარაღით მოკვლა აკრძალულია, თუმცა OC Media-ს თანახმად, მიუსაფარი ცხოველების იარაღით დახოცვა ხუთ რაიონში დღემდე გრძელდება.
სოხუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შენობა, სადაც ომამდე ქართველი და აფხაზი დეპუტატები ისხდნენ, საჩვენებლად დღემდე ხელუხლებად არის დატოვებული.
აფხაზეთის მთავრობის ყოფილი სასახლე სოხუმში
ფოტო: On.ge
სოხუმის სანაპირო
ფოტო: On.ge
ფოტო: On.ge
სოხუმის ბულვარი
ფოტო: On.ge
ომის კვალს მთელ აფხაზეთში დღემდე შეამჩნევთ. თუმცა სოხუმის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ახალი სასტუმროსა და შენობაც არის.
რაც ქალაქში დღემდე შენარჩუნებულია და უცხო თვალი ადვილად შეამჩნევს, სიმწვანეა. სოხუმში ბევრი ხე და პარკია.
სოხუმი დღემდე მწვანეა
ფოტო: On.ge
ფოტო: On.ge
აქ დღემდე ფუნქციონირებს ბოტანიკური ბაღი, რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი უძველესია. თუმცა ძველი დროისგან განსხვავებით, თვალში გვხვდება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა.
ქალაქში ბევრი ძეგლი და მონუმენტია, რომლებიც საზღვაო ქალაქის იერსახეს ძალიან უხდება და ცოტათი ბათუმსაც კი მოგაგონებთ.
სოხუმი
ფოტო: On.ge
პინგვინის მონუმენტი სოხუმში
ფოტო: On.ge
ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია ქალაქის სისუფთავე.
სოხუმის ქუჩებში ძირს დაყრილ ნაგავს თითქმის ვერ ნახავთ.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ისევე როგორც აფხაზეთის გზებზე, პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ბილბორდებია გამოკრული.
სოხუმი რუსეთის სასაათო სარტყელზეა, ამიტომ, აფხაზეთი თბილისის დროსგან ერთი საათის უკან არის.
სოხუმი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და თითქოს ადგილობრივებიც შეეჩვივნენ ნაომარი ქალაქის ყოველდღიურობას.
ძალიან ბევრი მეუბნება, რომ აფხაზეთში ჩასვლის შესაძლებლობით იღბლიანი და ბედნიერი ვარ. მე კი ბედნიერი ვერ ვარ იქ, სადაც თავს უცხოდ ვგრძნობ, სადაც უსაფრთხოების შეგრძნება არ მაქვს და სადაც ჩემს ეთნიკურ კუთვნილებასა და თავისუფლებასთან ასოცირებულს არაფერს მიტოვებენ.
ჩემი ბედნიერება გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ორსართულიანი სახლითა და ეზოთი შემოიფარგლება, რომლის თითოეული კუთხე ტკბილ-მწარე ბავშვობის მოგონებებს ინახავს.
ამავე თემაზე:
კომენტარები