არქტიკიდან, შესაძლოა, ბირთვული ნარჩენები და მომაკვდინებელი პათოგენები გამოთავისუფლდეს
არქტიკული ყინულის დნობა, სავარაუდოდ, ზღვის დონის აწევას გამოიწვევს და მსოფლიოს გარშემო ეკოსისტემების ნგრევაშიც შეიტანს თავის წვლილს. თუმცა, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროცესს ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები ახლავს თან, რომლებიც წლების მანძილზე არქტიკაში უსაფრთხოდ იყვნენ დალუქულნი.
ხუთშაბათს ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს საფრთხეები შეიძლება მოიცავდეს ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ანტიკურ ვირუსებსა და ბაქტერიებს, ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს და ბირთვულ ნარჩენებსაც კი. როგორც BBC იუწყება, არქტიკული პერმაფროსტი ინდუსტრიული აქტივობების, რესურსების მოპოვებისა და საბჭოთა ატომური ცდების კერას წარმოადგენდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ დიდი რაოდენობით საფრთხის შემცველი ნივთიერებებია დალექილი, რომლებიც, გლობალური დათბობის პირობებში, შესაძლოა, მალე გამოთავისუფლდნენ გარემოში.
BBC-ის მიხედვით, მიკრობების დაახლოებით 100 სხვადასხვა სახეობა, რომლებიც არქტიკის პერმაფროსტშია არიან დალუქული, ანტიბიოტიკ-რეზისტენტულები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ მათ წინააღმდეგ სამკურნალო მეთოდები მზად არ გვაქვს, თუ ისინი ადამიანების ან სხვა ორგანიზმების დაინფიცირებას შეძლებენ, შედეგები შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, თითოეულ მათგანთან ცალ-ცალკე გამკლავების ფუფუნება არ გვექნება — ყინულის დნობასთან ერთად სრულიად სხვადასხვა ერების მიკრობები, შესაძლოა, ერთდროულად გამოთავისუფლდნენ გარემოში.
"ეს მოხსენება გვიყვება, თუ რა რისკები ახლავს თან არქტიკის დათბობას", — განუმარტა BBC-ს კვლევის თანაავტორმა და აბერისტვითის უნივერსიტეტის მკვლევარმა, არვინ ედვარდსმა. "არქტიკა დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა არამხოლოდ სათბურის აირების, არამედ მთელი რიგი მავნე ნივთიერებების საყინულეს".
სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს 1 000-მდე არქტიკული დასახლება, რომლებიც სამეცნიერო კვლევებისთვის, სამხედრო ოპერაციებისთვის თუ რესურსების მოპოვებისთვის ააგეს, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი სახის დაბინძურება თუ ბიოსაფრთხეები, რომლებიც ყინულიდან გამოთავისუფლდებიან, სავარაუდოდ გარშემო ადვილად გავრცელდებიან.
"იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ ჯერ კიდევ რამდენად ბევრი გვაქვს სასწავლი არქტიკის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი იგი ყველა ჩვენგანის მომავლისთვის და რატომ ღირს მისი დაცვა", — დაამატა ედვარდსმა.
კომენტარები