ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ჯგუფის არჩევნებით დაინტერესება გამოწვევას წარმოადგენს.

სწორედ ამ საკითხზე სამუშაოდ 25-მა ახალგაზრდამ თავიანთ რეგიონებში თანატოლებს დემოკრატიაზე, მმართველობაზე თუ ზოგადად, არჩევნებზე ტრენინგები ჩაუტარა და განუმარტა მათი ხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის.

ეს 25 ახალგაზრდა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით კონკურსის საფუძველზე შეარჩია და გადაამზადა, რათა მათ თავიანთი ცოდნა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ.

ფოტო: UNDP

UNDP-ს წარმომადგენელი მაგდა მამუკაშვილი აცხადებს, რომ ამ აქტივობის მიზანი არჩევნებთან და არჩევნებზე წასვლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

ამ შემთხვევაში, ჩვენი ფოკუსი იყო ახალგაზრდების გაზრდილი ცნობიერება არჩევნებთან და არჩევნებზე წასვლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდოდა, რომ კამპანია გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და არ მოეცვა მხოლოდ დედაქალაქი. ამ მიზნით გამოვაცხადეთ კონკურსი და ვთხოვეთ ახალგაზრდებს გამოეგზავნათ მათი მონაცემები ყველა რეგიონიდან.

ამბობს მაგდა.

გადამზადებული ახალგაზრდებიდან ზოგიერთს უკვე ჰქონდა ტრენერობის გამოცდილება, ზოგიერთი კი ამ საქმეში ახალბედა იყო, თუმცა მონდომება არავის დაუკლია.

თამარ ხომასურიძე — ახალგაზრდა ტრენერი რაჭიდან

ფოტო: გიორგი ალავიძე

23 წლის თამარ ხომასურიძე გვიყვება, რომ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებელ აქტივობებში მუდმივად ჩართულია, თუმცა ტრენინგების ჩატარების მხრივ დიდი გამოცდილება არ ჰქონია. ამიტომაც, პროექტის დახმარებით, ამ მიმართულებით ბევრი რამ ისწავლა.

აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებელ აქტივობებში, მაქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია, გარდა ამისა, ვარ მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი და უკვე მობილური ახალგაზრდული მუშაკიც. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები. მათ რიგებშია ჩვენი ტრენინგიც. აუცილებელია ადამიანების ცნობიერების ამაღლება ისეთ თემებზე, როგორიც არის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვა.

ამბობს თამარი.

თამარი ასევე გვიყვება, რომ მის მუნიციპალიტეტში არაფორმალური განათლების შესაძლებლობა ძალიან იშვიათია და პროექტში ამ მიზეზის გამოც ჩაერთო.

ანა ფუტკარაძე — ახალგაზრდა ტრენერი აჭარიდან

21 წლის ანა ფუტკარაძეს ტრენიგები ადრეც ჩაუტარებია, თუმცა თავის რეგიონში თანასწორ-განმანათლებლად შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობა მისთვის მაინც განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა.

თვითონ პროექტის მსვლელობა იყო ძალიან საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ძალიან ბევრი ვიცოდი თვითმმართველობის თუ ადამიანის უფლებების შესახებ, ასე არ აღმოჩნდა. ამ ტრენინგებმა მომცა ცოდნა და შესაძლებლობა, როგორც თანასწორ-განმანათლებელს, შეხვედრები ჩამეტარებინა ჩემს რეგიონში, აჭარაში და მიღებული ცოდნა სხვებისთვის გადამეცა",

გვიამბობს ანა.

ბექა ჯოყილაძე — ახალგაზრდა ტრენერი აჭარიდან

ანას მეწყვილე, ბექა ჯოყილაძე, პროექტში მონაწილეობის სურვილის მთავარ მიზეზად, ასევე, თემის აქტუალობას ასახელებს. ამბობს, რომ თანატოლებთან შეხვედრა და ცოდნის გაზიარება მისთვის დიდი გამოცდილება იყო.

"სასიამოვნოა, რომ ერთი მხრივ შენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში იღებ მონაწილეობას და ამის შესახებ ადამიანებს აწვდი ინფორმაციას, განსაკუთრებით დეზინფორმაციული კამპანიების გაძლიერების პერიოდში და მეორე მხრივ, ხელს უწყობ ნიჰილიზმის აღმოფხვრას", — ამბობს ბექა.

ბექა 21 წლისაა და ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს აქტივობა არ უნდა გაჩერდეს.

გიორგი ალავიძე — ახალგაზრდა ტრენერი რაჭიდან

ფოტო: გიორგი ალავიძე

სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, გიორგი ალავიძე თავიდან ფიქრობდა, რომ ტრენერთა ტრენინგები მოსაწყენი იქნებოდა და იქ მისთვის უკვე ნაცნობ თემებს განიხილავდნენ, თუმცა ამბობს, რომ შედეგმა მოლოდინებს გადააჭარბა და მნიშვნელოვანი ცოდნაც შეიძინა.

ტრენერთა ტრენინგზე მიღებული ცოდნა მან თანატოლებს უკვე გადასცა და, როგორც ამბობს, მათი ინტერესიც გამოიწვია.

ტრენინგის მომენტში გაფართოებული თვალებით გვიყურებდნენ და გვისმენდნენ, აინტერესებდათ საკითხები. ძალიან კარგი მუხტი დაგროვდა.

იხსენებს გიორგი.

გიორგი მომავალი იურისტია. აპირებს, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებზე მუშაობა მომავალშიც გააგრძელოს.


თამარმა, ანამ, ბექამ და გიორგიმ ტრენინგები რაჭასა და აჭარაში ჩაატარეს, თუმცა მაგდა მამუკაშვილი გვიამბობს, რომ ჩართულობა ყველა რეგიონიდან ძალიან მაღალი იყო და თბილისში აფხაზეთიდან დევნილთა გუნდიც კი შეიქმნა, ასევე, მისი თქმით, ტრენინგებში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

რატომაა საჭირო ახალგაზრდების გააქტიურება საარჩევნო პროცესში?

ფოტო: UNDP

თანასწორ-განმანათლებლები საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების გააქტიურებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დააფიქსირებს საკუთარ ინფორმირებულ არჩევანს 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ თიდესტრომა, ამ საკითხზე მოწოდებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლის როლი საქართველოს დემოკრატიაში ფუნდამენტურია.

"სწორედ თქვენი დემოკრატიის ძალა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს შესანიშნავი ქვეყანა. მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა. გამოიყენეთ თქვენი ხმის უფლება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში და ყველა მომდევნო არჩევნებში. გააგონეთ თქვენი ხმა ყველას", — განაცხადა ელჩმა.

მაგდა მამუკაშვილის, UNDP-ს წარმომადგენლის ცნობით, ორგანიზაცია ახალგაზრდა ტრენერებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს და ასევე, განიხილება რეგიონებში ჩატარებული ტრენინგების მონაწილეების ჩართვაც, რადგან ამ პროცესში ბევრი აქტიური ახალგაზრდა აღმოაჩინეს.

როგორც ახალგაზრდა ტრენერები იხსენებენ, შეხვედრების დასაწყისში მონაწილეების განწყობები ნიჰილისტური იყო, რაც დასასრულს დადებითისკენ შეიცვალა. ეს კი რეგიონებში დადებითი ცვლილებების კერების შექმნასა და ინფორმირებული ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ხმა მნიშვნელოვანია — ხომ მოდიხარ არჩევნებზე?!

სტატია მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საინფორმაციო კამპანიის "ხომ მივდივართ არჩევნებზე" ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების ოფიციალურ თვალსაზრისს.