ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა ირონიით პასუხობს. კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი "ბავშვობიდან ოცნებობდა" როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა.

"გახარია არის სრულიად აჭრილი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც საერთოდ არ შედის მის ინტერესებში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შინაარსობრივად სრულ არაადეკვატურობას ამ განცხადებების, რომლებიც გაკეთდა მისი მხრიდან, ნუ, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ეს არის, რა თქმა უნდა, სრულიად არასერიოზული. [...]

კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დატოვა ის პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი უნდა ეკეთებინა ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ერთი თვეც არ იყო გასული ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, უღალატა ქვეყანას და გუნდს", — განაცხადა კობახიძემ და ისევ ნარკოტიკების მოხმარებაში დასდო მას ბრალი.

დღეს კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ გახარიას მიერ "კეზერაშვილის ტელევიზიაში" ივანიშვილის კრიტიკა ფსკერზე დაშვება იყო. მისი თქმით, გახარია ისეთ ქმედებებზე გადავიდა, რაც "თვითდაზიანებას ნიშნავს".

გუშინ, 25 სექტემბერს, გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის "უმნიშვნელოვანეს როლზე" ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: "ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების".