მიჩიგანში მცხოვრები ჯიმი ჰოფმეიერი სკოლას 7 წლის შვილის, ჯარნი ჰოფმეიერის თმის უნებართვოდ შეჭრისთვის უჩივის. ჯარნის მამა შავკანიანია, დედა კი თეთრკანიანი. სხვა ბრალდებებთან ერთად გოგოს მამა სკოლას შვილის მიმართ რასობრივ დისკრიმინაციაშიც ადანაშაულებს.

ჯიმის თქმით, მარტში შვილს თმა სკოლის ავტობუსში სკოლელმა შეჭრა. მამამ შვილი სტილისტთან წაიყვანა, რათა ვარცხნილობა მოეწესრიგებინა. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი სახლში კვლავ შეჭრილი თმით დაბრუნდა, თუმცა ამჯერად, ჯარნის თქმით, თმა არა ბავშვმა, არამედ სკოლის ბიბლიოთეკარმა და მასწავლებლის ასისტენტმა შეჭრეს.

ჰოფმეიერმა სარჩელი სკოლის წინააღმდეგ იმ საფუძვლით აღძრა, რომ მათ სწორად ვერ მოამზადეს და საჭირო მონიტორინგი არ გაუწიეს დასაქმებულებს, რომლებმაც 7 წლის გოგოს თმა უნებართვოდ შეჭრეს. სარჩელის მიხედვით, ინციდენტი ბავშვის უფლებების დარღვევაა, რომელიც რასობრივ ნიადაგზე მოხდა. მამა სკოლისგან კომპენსაციას — $1 მილიონს ითხოვს.

ივლისში სკოლამ მასწავლებლებს ოფიციალური საყვედური გამოუცხადა. სკოლამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელმა გამოძიებამ რასობრივი დისკრიმინაციის ნიშნები ვერ დაადგინა და მასწავლებლებს მხოლოდ "კეთილი განზრახვა" ამოძრავებდათ. ამის მიუხედავად, სკოლის განცხადებით, ბავშვის თმის მშობლის ნებართვის გარეშე შეჭრა სკოლის შინაგანაწესის დარღვევაა. სკოლის თქმით, კონკრეტულ მასწავლებლებს განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

ჰოფმეიერის ადვოკატი სკოლის განცხადებასა და მიდგომას მიუღებლად მიიჩნევს.

"ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა და სკოლას ის სერიოზულად უნდა მიეღო. მათ ფულს სწავლებაში უხდიან და არა ბავშვისთვის თმის იმგვარად შეჭრისთვის, როგორადაც მისაღებად მიაჩნიათ", — აცხადებს ადვოკატი.