არქეოლოგებმა პერუში 2500 წლის წინანდელი "საიდუმლო ოთახი" შეისწავლეს, რომელშიც ინკებამდე პერიოდში ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და თამბაქოს მოიხმარდნენ. მათი კვალი ფრინველების ღრუ ძვლებშია შემორჩენილი, რომლებითაც ამ საშუალებებს იყნოსავდნენ. ეს სავარაუდო რიტუალზე მიანიშნებს, რომელშიც შედარებით მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ.

ეს ადგილი პერუს ჩრდილო-ცენტრალურ მთიანეთში მდებარე ჩავინ-დე-უანტარის არქეოლოგიურ ზონაშია. მათ იქ ნაპოვნ 23 ღრუ ძვალსა და ნიჟარაში არსებული ქიმიური კვალი გააანალიზეს. ეს პირველი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც ჩავინში გამოყენებადი ნარკოტიკული ნივთიერებები გამოავლინეს. იქ რიტუალები აქტიურად ტარდებოდა, მაგრამ მათში ჰალუცინოგენების მოხმარების პირდაპირი მტკიცებულება მწირია.

ფრინველთა ღრუ ძვლები, რომლებითაც ფსიქოდელიურ ნივთიერებებს იყნოსავდნენ.

ფოტო: Giuseppe Alva Valverde

ძვ. წ. 1200-400 წლებში ჩავინი რიტუალების ეპიცენტრი იყო, სანამ ინკების იმპერია ჩამოყალიბდებოდა. კომპლექსი ღია მოედნების გარშემო აშენებულ ქვის სტრუქტურებს მოიცავდა. ნაგებობების შემატებამ შიდა ოთახები წარმოქმნა, რომელთაც გალერეებს უწოდებდნენ. ერთ-ერთი ასეთი სივრცე დაახლოებით ძვ. წ. 500 წელს დაილუქა და 2017 წელს არქეოლოგიური კვლევისას გაიხსნა. იქ 23 არტეფაქტი აღმოაჩინეს — ღრუ ჩხირები და კოვზები, რომლებიც ფრინველთა ძვლებისგან და ნიჟარებისგან იყო დამზადებული.

6 მათგანი ნიკოტინსა და დიმეთილტრიპტამინს (DMT) შეიცავდა. პირველი, სავარაუდოდ, თამბაქოდან მიიღეს, მეორე კი აიაჰუასკას ნაყენში ბუნებრივად არსებული ჰალუცინოგენია. დამატებითმა მიკრობიოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 4 არტეფაქტში ველური თამბაქოს სახეობების ფესვები იყო. ასევე, მიაგნეს DMT-ის შემცველ Anadenanthera colubrina-ს ხის გამხმარ ფოთლებსა და თესლებს, რომლებიც უნდა გამოეშროთ, მოეხალათ და დაეფქვათ, რათა შესაყნოსად გამოსადეგი ფხვნილი მიეღოთ.

ჩავინის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე სტრუქტურები.

ფოტო: Giuseppe Alva Valverde

თავად შესაყნოსი ჩხირები, სავარაუდოდ, შავარდნის ფრთის ბუმბულებისგანაა დამზადებული და ისინი ჩავინის შედარებით ჩაკეტილ არეალებში იყო თავმოყრილი. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ოთახებში ყველას არ უშვებდნენ, ანუ ფსიქოდელიური ნივთიერებების მოხმარება საზოგადოების იერარქიას გამოკვეთდა — მაღალ ფენასა და მუშებს, რომლებიც ნაგებობებს აშენებდნენ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.